პოლიტიკურად მიკერძოებულ ადამიანებს, ოპონენტებს აქვთ ინტერესი, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს ტემპერატურა ამ საკითხთან დაკავშირებით, მესმის ემოციური ფონიც, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი ვისაუბრო იმაზე, რაც არის სიმართლე, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატის ირგვლივ სპეკულაციებთან დაკავშირებით.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მსოფლიოს წამყვანმა ორგანიზაციებმა უარი თქვეს აღნიშნული პრეპარატის გამოყენებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს საქართველოსაც ამ მიმართულებით.
„საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო „EMA“-მ, რომელიც არის ევროპის წამლის სააგენტო, ვერ მიიღეს ისეთმა დიდმა სახელმწიფოებმა, როგორიც არის მაგალითად გერმანია, საფრანგეთი.საფრანგეთმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამართა ამაზე მსჯელობა, შესაბამისმა ავტორიტეტულმა დაწესებულებამ თქვა უარი მედიკამენტის აღებაზე. ამ ყველაფრის ფონზე, მათაც თუ ვეტყვით, რომ გულგრილები არიან, მაშინ გამოდის მეც გულგრილი ვარ. მაგრამ პირიქით თუ დავსვამთ საკითხს, თუ ვიტყვით, რომ იგივე, რომ საფრანგეთის მარეგულირებელი არ იღებს გადაწყვეტილებას, პირიქით, რაღაც მომენტში საწინააღმდეგოს იღებს, „EMA“ ვერ იღებს, ბრიტანეთის მთავრობა ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია კარგად გვესმის, რომ ეს გულგრილობის მიზეზი აღარ არის.
მესმის, რომ პოლიტიკურად მიკერძოებულ ადამიანებს, ოპონენტებს, ექიმებს ზოგიერთს, რომელიც შეიძლება მკვახე განცხადებებით გამოდიოდნენ, ამ შემთხვევაში მათ აქვთ ინტერესი, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს ტემპერატურა ამ საკითხთან დაკავშირებით.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცოტა მეტი უნდა იყოს სიფრთხილე, ცოტა მეტი უნდა იყოს ასეთი საკითხებით მანიპულირებისას მორალური სტანდარტი. არ არის მარტივი ამ საკითხებთან გამკლავება. მესმის ემოციური ფონიც და ყველაფერი სხვაც, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ არასწორი მოლოდინების შექმნის ნაცვლად, ვისაუბრო იმაზე, რაც არის სიმართლე. რაც რეალურად ეხმარებოდეს თითოეულ პაციენტს. და არა ის, რასაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს პაციენტი და ამით ვინმე პოლიტიკურად მომგებიან მდგომარეობაში ამყოფოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

