წარმოიდგინეთ კლინიკა, სადაც ექიმები მხოლოდ კი არ გმკურნალობენ, არამედ გისმენენ კიდეც. სადაც პაციენტის აზრს რეალურად ითვალისწინებენ და სადაც ცვლილებები სწორედ შენი გამოცდილებით იწყება… ✨️
ასეთი მიდგომა უკვე რეალობაა საქართველოში. 9 კლინიკაში, რომლებმაც მიიღეს Accreditation Canada–ს საერთაშორისო აკრედიტაცია, შეიქმნა პაციენტთა საბჭოები — ინიციატივა, რომელიც ეკუთვნის ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელიც წარმოადგენს Accreditation Canada-ს საქართველოში.
ერთ-ერთი ასეთი კლინიკაა „ჰერა 2011“, სადაც პაციენტთა საბჭოს წევრი ლაურა ოსიტაშვილი საკუთარი გამოცდილებითა და ინიციატივებით ცდილობს კლინიკის ყოველდღიური მუშაობის გაუმჯობესებას.
მისი ისტორია აჩვენებს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებების წამოწყება მხოლოდ სპეციალისტების საქმე არ არის — თითოეულ პაციენტს შეუძლია გახდეს ცვლილების ავტორი.
ინტერვიუ ლაურა ოსიტაშვილთან:
– ქალბატონო ლაურა, როგორ დაიწყო თქვენი ჩართვა პაციენტთა საბჭოს საქმიანობაში? – ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი და შეფასება ახალი გამოცდილების შესახებ…
– დარწმუნებული ვარ, პაციენტთა საბჭოში მონაწილეობა სიახლე იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვისაც, რადგან ეს ერთ-ერთი პირველი და ძალიან საინტერესო ინიციატივაა ჩვენს ქვეყანაში.
როცა შემომთავაზეს ამ საქმიანობაში ჩართვა, დავფიქრდი — ღირდა თუ არა, თუმცა, როცა ჩავერთე და ვნახე, რომ ჩემს აზრს სხვებიც იზიარებდნენ, საერთო იდეებიც გაგვიჩნდა და ერთად ვმუშაობდით, უფრო მოტივირებული გავხდი. მერე უკვე იდეებიც გაჩნდა — რაზე შეიძლებოდა გამეკეთებინა აქცენტი, რა იყო სასურველი და გამოსასწორებელი, და ასე ჩამითრია ამ საქმიანობამ. თან პენსიონერი ვარ და, პენსიონერი ადამიანისათვის ეს ძალიან სასიამოვნოა — როცა შეგიძლია, ვინმეს დაეხმარო.
– როგორი გამოცდილება გაქვთ „ჰერასთან“ დაკავშირებით, როგლრც პაციენტს?
– თუ ღრმა წარსულს გავიხსენებთ, მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა „ჰერა“ და ჩემს ახალგაზრდობაში, როცა შვილები შემეძინა, იქაური გინეკოლოგების ხელში ვიყავი. შემდეგ დაარსდა „ჰერა“, რომლის პატარა ფილიალი ჭავჭავაძის გამზირზე იყო. ჩემმა ორივე ქალიშვილმა სწორედ „ჰერაში“ იმშობიარა. მეც ხშირად დავდიოდი გეგმიურ ვიზიტებზე. ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებითა და ყურადღებით.
ჩემს შვილებს ოდნავ რთული ორსულობები ჰქონდათ, მაგრამ ყველა ისე თბილად და პროფესიულად ექცეოდა, თითქოს საკუთარ ოჯახში ყოფილიყვნენ.
პატარა შვილიშვილი მყავს, რომელსაც დიაბეტი აქვს და ხშირად გვიწევს პედიატრთან ვიზიტები. ამ კუთხითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ყოფილა შემთხვევები, როცა კლინიკიდან დაგვირეკეს და ბავშვის მდგომარეობა მოიკითხეს — ხომ კარგად იყო, ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა. ეს ნამდვილად დასაფასებელია. მართალია ნათქვამი: ექიმის ქმედება უკვე ნახევარი განკურნებაა.
– რას ფიქრობთ თავად პაციენტთა საბჭოს კონცეფციაზე?
– სიმართლე გითხრათ, თავიდან გამეცინა — გამიკვირდა, ვინ დაინტერესდებოდა პაციენტის აზრით. მაგრამ ძალიან შევცდი! დაინტერესდნენ, ჩვენი მოსაზრებები გაითვალისწინეს, დიდი ყურადღება გამოიჩინეს და ფაქტიც სახეზეა: ჩვენ შევთავაზეთ იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო გამოსასწორებელი, რა უნდა შეგვეცვალა — ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანეს და მართლაც ბევრი რამ გააუმჯობესეს.
ბოლოს ბავშვთა კუთხეც მოაწყვეს, რაც ძალიან გამიხარდა. მე პირადად ცოტა ცელქი შვილიშვილი მყავს და როცა კლინიკაში მივდივართ, ეს კუთხე ნამდვილად შესანიშნავია…
– მოგვიყევით ცოტა რამ საკუთარ საქმიანობაზე. ვინ ბრძანდებით და გაქვთ თუ არა შეხება სამედიცინო სფეროსთან?
– სამედიცინო სფეროსთან პირდაპირი კავშირი არ მაქვს. ახალგაზრდობაში ვმუშაობდი, თუმცა არა ჩემი სპეციალობით. პროფესიით პედაგოგი და ფსიქოლოგი ვარ. შემდეგ, ოჯახის და 90-იანი წლების მძიმე მდგომარეობის გამო, იძულებული გავხდი, რომ სახლში ვყოფილიყავი და ჩემს პატარა ბავშვებზე მეზრუნა. ძირითადად დიასახლისი ვარ, მაგრამ ყოველთვის მქონდა აქტიური ცხოვრება. ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმიანობაში ვარ ჩართული.