#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
საშარდე გზების ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული ბავშვებში – სიმპტომები, რისკის ჯგუფები, დიაგნოზი, მკურნალობა
ბავშვებში საშარდე გზების ინფექციები – როგორ ავარიდოთ საშარდე გზების ინფექციები
ბავშვებში საშარდე გზების ინფექციები.
საუბრობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა ჭანტურაია გადაცემაში „პირადი ექიმი“ ისაუბრა:
-„რეალუჯრად, ზამთარში სახლში არის „ზაფხული“. ბავშვის წონა რომ მცირეა, თბილ ოთახში ყოფნისას რა სითხეც აორთქლება, მისთვის საკმაოდ მაღალი პროცენტია. შეიძლება, დილიდან საღამომდე ტუალეტში არ შევიდეს.
სტატისტიკურად დადასტურებული არ არის, თუმცა, რეკომენდაციაა, – ბავშვმა 4 საათში ერთხელ მაინც მოშარდოს, იმდენი შარდი გამოყოს, რომ ბუშტი გამოირეცხოს იმიტომ, რომ დაცლას მნიშვნელობა აქვს. ბაქტერიების გამრავლებას 6 საათი მაინც სჭირდება.
შარდის ბუშტი 6 საათამდე თუ იცლება, ბაქტერიები გამრავლებას იმდენად ვერ ასწრებენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია რეჟიმული შარდის ბუშტის დაცლაა. ბავშვს თუ არ ეშარდება, იძულება ძნელია.
ბავშვმა სითხე უნდა მიიღოს და 4 საათში ერთხელ მაინც მოშარდოს (4-5 მოშარდვაა დღეში). ეს არის ერთ-ერთი პრევენცია, რომ საშარდე გზის ინფექციების განვითარების რისკი შემცირდეს.
ბავშვს საშარდე გზის ინფექციის პრობლემა ერთხელ მაინც თუ ჰქონდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეში 4-5-ჯერ მოშარდოს. ზამთარში მაინც თბილ გარემოშია, გათბობაა ბაღებსა და სკოლებში, ამიტომ ბავშვი რეალურად, ზაფხულის პირობებშია და სითხის მიღება მნიშვნელოვანია. ბავშვის წონა რომ მცირეა, თბილ ოთახში ყოფნისას რა სითხეც აორთქლება, მისთვის საკმაოდ მაღალი პროცენტია. შეიძლება, დილიდან საღამომდე ტუალეტში არ შევიდეს“, – განაცხადა ზაზა ჭანტურაიამ.
როგორც მან აღნიშნა, საშარდე გზების ინფექცია მრავალფეროვანი სპექტრია.
„ბავშვები მცირე ასაკში თუ იმდენ სითხეს ვერ იღებენ, რომ გაუწყლოება თავიდან აირიდონ, საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაცია. თუ ბავშვი ზოგადად ცუდადაა, აუცილებლად ექიმი სჭირდება“- განაცხადა უროლოგმა, მედიცინის დოქტორმა ზაზა ჭანტურაიამ.
ნეფროზული სინდრომი გლომერულების დაავადებაა, რომლის დროსაც ცილის დიდი რაოდენობა გამოიყოფა შარდით
ნეფროზული სინდრომი
დიაგნოზი
ნეფროზული სინდრომის დიაგნოზი სიმპტომების, გასინჯვისა და ანალიზების შედეგებს ეფუძნება. ზოგჯერ უფროსი ასაკის პირებში ეს სინდრომი თავდაპირველად გულის უკმარისობა ჰგონიათ, რადგან შეშუპება ამ უკანასკნელის დროსაც ვითარდება და უფრო ხშირია მოხუცებში. დაკარგული ცილის რაოდენობის განსაზღვრის კარგი მეთოდია შარდის შეგროვება 24 საათის განმავლობაში, მაგრამ ეს ბევრისთვის რთული შესასრულებელია. მეორე გზაა ცილის დანაკარგის მიახლოებით გამოთვლა შარდის ნიმუშის ანალიზით, მასში ცილისა და კრეატინინის (ნარჩენი პროდუქტი) რაოდენობის შეფარდებით. ასევე საჭიროა სისხლისა და შარდის სხვა ანალიზები, რათა დადგინდეს, კიდევ რა ცვლილებები გამოიწვია სინდრომმა. სისხლში ალბუმინის დონე დაბალია, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილა შარდით იკარგება და, იმავდროულად, მისი გამომუშავება შეფერხებულია. შარდის ანალიზით ვლინდება ცილის, უჯრედებისა და ცხიმების გროვების (ცილინდრების) არსებობა, ნატრიუმის შემცველობა დაბალია, კალიუმისა – მაღალი.
სისხლში ლიპიდების კონცენტრაცია გაზრდილია, ზოგჯერ ნორმას 10-ჯერაც კი აჭარბებს. ამ ნივთიერებების შემცველობა შარდშიც იზრდება. შესაძლოა ანემია განვითარდეს. სისხლის შემადედებელი ცილების დონე შეიძლება მაღალი ან დაბალი იყოს.
ექიმი იკვლევს ნეფროზული სინდრომის ყველა შესაძლო მიზეზს, მათ შორის მედიკამენტების გამოყენებასაც. სისხლისა და შარდის ანალიზებმა შეიძლება გამოავლინოს გამომწვევი დაავადება. ხშირად ტარდება თირკმლების გამოსახულებითი კვლევები – ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. თუ ადამიანმა წონაში დაიკლო და ხანდაზმულია, უნდა გამოირიცხოს სიმსივნე. გამომწვევი მიზეზისა და თირკმლების დაზიანების ხარისხის დასადგენად განსაკუთრებით გამოსადეგია ორგანოს ბიოფსია.
პროგნოზი
პროგნოზი განსხვავებულია ნეფროზული სინდრომის მიზეზის, პაციენტის ასაკის, თირკმლების დაზიანების სახისა და ხარისხის მიხედვით. თუ სინდრომის მიზეზი განკურნებადი დაავადებაა, მაგალითად ინფექცია, სიმსივნე ან მედიკამენტები, მან შეიძლება სრული უკუგანვითარება განიცადოს. ბავშვთა ასაკში ეს შემთხვევათა ნახევარში ხდება, დიდებში კი – უფრო იშვიათად. თუ გამომწვევი დაავადების სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდები ეფექტურია, ზოგჯერ სინდრომის პროგრესირება ნელდება, უფრო იშვიათად მდგომარეობა ნაწილობრივ ან მთლიანად სწორდება.
როცა სინდრომს აივ ინფექცია იწვევს, ის შეუპოვრად პროგრესირებს და ხშირად თირკმლების უკმარისობა 3-4 თვეში ვითარდება. ბავშვები, რომლებიც ნეფროზული სინდრომით იბადებიან, იშვიათად ცოცხლობენ ერთ წელზე მეტს, თუმცაღა ზოგიერთი გადარჩება დიალიზის ან თირკმლის გადანერგვის გზით.
როცა გამომწვევი სისტემური წითელი მგლურა ან შაქრიანი დიაბეტია, მედიკამენტური მკურნალობის შედეგად შარდით დაკარგული ცილის რაოდენობა აღარ იმატებს ან მცირდება. თუმცა ზოგჯერ მკურნალობა უეფექტოა და რამდენიმე წელიწადში თირკმლების უკმარისობა ვითარდება. იმ შემთხვევებში, როცა ნეფროზულ სინდრომს ინფექცია, ალერგია ან ჰეროინის ინტრავენური მოხმარება იწვევს, პროგნოზი სხვადასხვაა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ადრე და ეფექტურადაა გამომწვევი დაავადება ნამკურნალები.
პრევენცია და მკურნალობა
პრევენციისა და მკურნალობის ძირითადი საშუალებებია: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები – ენალაპრილი, ქვინაპრილი, ლიზინოპრილი) ან ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორის ბლოკერები (არბ – კანდესარტანი, ლოსარტანი, ვალსარტანი), ერთად ან ცალ-ცალკე. როცა სისტემური წითელი მგლურათი ან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანს მსუბუქად ან საშუალოდ გამოხატული პროტეინურია აქვს, აგფ ინჰიბიტორი ან არბ რაც შეიძლება ადრე ინიშნება, რათა პროტენიურიამ არ იმატოს და თირკმლების ფუნქცია არ გაუარესდეს.
როცა ადამიანს უკვე აქვს ნეფროზული სინდრომი, მასაც აგფ ინჰიბიტორებით ან არბ-თი მკურნალობენ, რაც სიმპტომების შემსუბუქებას იწვევს, შარდით გამოყოფილი ცილის რაოდენობა და სისხლში ლიპიდების დონე მცირდება. თუმცა, თირკმლების საშუალო ან მძიმე უკმარისობის დროს ეს მედიკამენტები კალიუმის რაოდენობას ზრდის სისხლში. ამან შეიძლება საკმაოდ საშიში გართულება – გულის რიტმის დარღვევა გამოიწვიოს.
ნეფროზული სინდრომის არამედიკამენტური მკურნალობისთვის რეკომენდებულია ცილისა და კალიუმის საშუალო რაოდენობის შემცველი საკვების მიღება, რომელშიც ნაჯერი ცხიმების, ნატრიუმისა და ქოლესტეროლის მცირე რაოდენობა უნდა იყოს. ზოგჯერ პაციენტს ცილის მიღების შეზღუდვასაც ურჩევენ.
თუ მუცლის ღრუში სითხე დაგროვდა, კუჭის მოცულობა მცირდება და ადამიანს ხშირად უწევს საკვების მცირე ულუფების მიღება. მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგოდ შარდმდენები ინიშნება. ისინი ამცირებს სითხის შეკავებას და შეშუპებას, მაგრამ შეიძლება თრომბების წარმოქმნის რისკი გაზარდოს. ამის საწინააღმდეგოდ ექიმი ანტიკოაგულანტს – შედედების საწინააღმდეგო საშუალებას, ნიშნავს. ინფექციები სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს და მათი მკურნალობა დაუყოვნებლივ არის საჭირო.
თუკი შესაძლებელია, დაავადების მიზეზს ებრძვიან. მაგალითად, ინფექციის მკურნალობამ შეიძლება მის მიერ გამოწვეული ნეფროზული სინდრომის უკუგანვითარება გამოიწვიოს. თუ მიზეზი სიმსივნეა, მისი განკურნება თირკმლისმიერ პრობლემასაც მოაგვარებს. როცა ჰეროინის მომხმარებელი ნეფროზული სინდრომის ადრეულ სტადიაზე შეწყვეტს ამ ნივთიერების გამოყენებას, დაავადება შეიძლება განიკურნოს. თუ სხვა ნივთიერებები ან მედიკამენტებია მიზეზი, მათი მოხსნა შესაძლოა ეფექტური გამოდგეს. ადამიანები, რომლებიც ალერგიულნი არიან შხამიან თუთუბოზე, შხამიან მუხაზე ან მწერების ნაკბენზე, უნდა მოერიდონ ამ გამღიზიანებლებს. თუ განკურნებადი მიზეზის პოვნა ვერ ხერხდება, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს კორტიკოსტეროიდები და იმუნიტეტის დამთრგუნველი სხვა საშუალებები, მაგალითად ციკლოფოსფამიდი. თუმცა, კორტიკოსტეროიდები თავადაც იწვევს დარღვევებს, განსაკუთრებით ბავშვებში, მაგალითად ზრდაში ჩამორჩენასა და სქესობრივი განვითარების შეფერხებას.
მეორადი ნეფროზული სინდრომის გამომწვევი მიზეზები
დაავადებები:
ამილოიდოზი
სიმსივნე (ლიმფომა, ლეიკემია ან სოლიდური სიმსივნეები)
შაქრიანი დიაბეტი*
პრეეკლამფსია (ორსულთა ტოქსიკოზი)
გლომერულონეფრიტის ზოგიერთი ფორმა (მათ შორის სწრაფად პროგრესირებადი)
სისტემური წითელი მგლურა*
ვასკულიტები (ჰენოხ-შონლაინის პურპურა, ვეგენერის გრანულომატოზი ან მიკროსკოპული პოლიანგიიტი)
ვირუსული ინფექციები (B* და ჩ* ჰეპატიტი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი *)
მედიკამენტები:
ოქრო
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს)*
პენიცილამინი
ჰეროინის ინტრავენურად მოხმარება
ალერგია:
მწერის ნაკბენზე
მცენარეების მტვერზე
შხამიან თუთუბოსა და შხამიან მუხაზე
*ვარსკვლავით აღნიშნულია ყველაზე ხშირი მიზეზები
ფრჩხილ-კვირისტავის სინდრომი
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
კლინიკების დაფინანსების წესი შეიცვლება – რას ცვლის ახალი ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის ასოციაციის წევრი – კლინიკა “ლიდერმედის” გენერალური დირექტორი გიორგი ამბროლიანი კლინიკების დაფინანსების წესის ცვლილებაზე საუბრობს.
იხილეთ ვრცლად –https://tinyurl.com/ystmmr7m
ფრჩხილ-კვირისტავის სინდრომი იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც თირკმლების, ძვლების, სახსრებისა და ფრჩხილების განვითარების დარღვევას იწვევს
ფრჩხილ-კვირისტავის სინდრომი
ფრჩხილ-კვირისტავის სინდრომი (ოსტეოონიქოდისპლაზია, ართრო-ონიქოდისპლაზია და ონიქოოსტეოდისპლაზია) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც თირკმლების, ძვლების, სახსრებისა და ფრჩხილების განვითარების დარღვევას იწვევს.
ფრჩხილ-კვირისტავის სინდრომის გამომწვევი გენი დომინანტურია. ხშირად, ამ დაავადების მქონე ადამიანებს ერთი ან ორივე კვირისტავი არა აქვთ, მკლავზე ერთ-ერთი სხივის ძვალი ამოვარდნილია იდაყვის სახსრიდან და მენჯის ძვალი დეფორმირებულია. მათ ან საერთოდ არა აქვთ ფრჩხილები, ან ცუდად განვითარებული – უსწორმასწორო და ჩაღრმავებულია. პაციენტების 30-40%-ის შარდში ცილის არსებობა ფიქსირდება, რის გამოც ექიმი თირკმლების ფუნქციის გამოკვლევას იწყებს. თირკმლების დაზიანების მქონეთა 30%-ში 50-60 წლის ასაკისთვის უკმარისობა ვითარდება. დიაგნოზი ძვლების რენტგენოგრაფიით და თირკმლის ქსოვილის ბიოფსიით დასტურდება.
ამ სინდრომის ეფექტური მკურნალობა არ არსებობს. არტერიული წნევის კონტროლით შესაძლოა თირკმლების ფუნქციის გაუარესების სიჩქარის შენელება. თირკმლების უკმარისობის განვითარების შემთხვევაში დიალიზი ან გადანერგვაა საჭირო. მათ, ვისაც შვილების ყოლა უნდათ, გენეტიკურ ტესტირებას სთავაზობენ დეფექტური გენის გამოსავლენად.
მემკვიდრეობითი ნეფრიტი (ალპორტის სინდრომი)
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
მემკვიდრეობითი ნეფრიტი (ალპორტის სინდრომი) გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც თირკმლების ფუნქცია დარღვეულია
მემკვიდრეობითი ნეფრიტი
(ალპორტის სინდრომი)
მემკვიდრეობითი ნეფრიტი (ალპორტის სინდრომი) გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც თირკმლების ფუნქცია დარღვეულია, შარდთან ერთად სისხლი გამოიყოფა და ზოგჯერ სიყრუე და მხედველობის დაქვეითება აღინიშნება.
მემკვიდრეობითი ნეფრიტი, როგორც წესი, X ქრომოსომაზე არსებული ერთ-ერთი გენის დეფექტის შედეგია, მაგრამ ზოგჯერ მუტაცია არასასქესო, ავტოსომურ ქრომოსომაზეც შეიძლება იყოს. ის, თუ რამდენად მძიმედ გამოვლინდება დაავადება, სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ქალებში, თუკი მხოლოდ ერთ X ქრომოსომაზეა გენი დაზიანებული, ხშირად სიმპტომები არ ვითარდება, თუმცაღა თირკმლების ფუნქციონირება მეტ-ნაკლებად დაქვეითებულია. მათ უმრავლესობაში სისხლი შარდში მცირე რაოდენობით მაინც არის. მამაკაცებში ერთი დეფექტური გენიც კი მძიმე სიმპტომების განვითარებას იწვევს, რადგან მათ არა აქვთ მეორე X ქრომოსომა, რომელსაც დეფექტის კომპენსაცია შეეძლებოდა. ამ დროს თირკმლების უკმარისობა 20-30 წლის ასაკში ვითარდება.
ბევრ ადამიანში, რომელთა დეფექტური გენიც ავტოსომურ ქრომოსომაზეა, სისხლიანი შარდვის გარდა სხვა სიმპტომი არ ვლინდება, თუმცა შარდში შეიძლება იყოს ცილა, სისხლის თეთრი უჯრედები და ცილინდრები (უჯრედთა გროვები). თუკი გენის მუტაცია ორ ქრომოსომაზეა, თირკმლების ფუნქცია თანდათან უარესდება და, როგორც წესი, უკმარისობა ვითარდება.
მემკვიდრეობითი ნეფრიტის დროს სხვა ორგანოებიც შეიძლება დაზიანდეს. ხშირია სმენის პრობლემები; როგორც წესი, ადამიანებს არ ესმით მაღალი სიხშირის ბგერები. უფრო იშვიათია, მაგრამ მაინც ვლინდება კატარაქტა. რქოვანას, ბროლის ან ბადურას დაზიანებამ შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს. სხვა დარღვევებიდან აღსანიშნავია: თრომბოციტების ნაკლებობა (თრომბოციტოპენია) და რამდენიმე ნერვის ერთდროულად დაზიანება (პოლინეიროპათია). თირკმლების უკმარისობის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დიალიზის დაწყება ან თირკმლის გადანერგვა. მათ, ვინც შვილის ყოლას აპირებს, დეფექტური გენის გამოსავლენად გენეტიკურ ტესტირებას სთავაზობენ.
უსიმპტომო პროტეინურიისა და ჰემატურიის სინდრომი
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
ახლომხედველობა – დაავადების გამომწვევი რისკ ფაქტორები, როდის მივმართოთ ექიმს?
ახლომხედველობა
რეფრაქციის მანკები (შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი) დაბალი მხედველობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ისინი მოსახლეობის დაახლოებით 30% –ში აღინიშნება.
ახლომხედველობა
ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ახლომხედველობა (მიოპია) ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, რაც კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასა და ახლო მანძილზე მხედველობის დატვირთვას უკავშირდება. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების თანახმად საშუალოდ დაბალ კლასებში მიოპიის სიხშირე შეადგენს 6-8%-ს, სკოლის დამთავრებისთვის პროცენტული მაჩვენებელი 25-30%-მდე იზრდება, უმაღლეს სასწავლებლებში კი 50%-ს აღწევს.
რატომ არის არასასურველი ახლომხედველობის განვითარება?
მიოპია არ არის მხოლოდ ოპტიკური დეფექტი. ახლომხედველ თვალს ახასიათებს ტენდენცია პროგრესირებისკენ. პროგრესირებადი მიოპიისათვის, იმის გამო, რომ თვალის წინა-უკანა ღერძი იზრდება, დამახასიათებელია თვალის სტრუქტურებში პათოლოგიური ცვლილებების განვითარება: მინისებური სხეულის დესტრუქცია, ცენტრალური და პერიფერიული ქორიორეტინალური დისტროფიები, ბადურის ნახეთქები და ჩამოცლა, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება სიბრმავემდეც კი მიგვიყვანოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მიოპიის პროგრესირების პრევენცია.
დაავადების გამომწვევი რისკ ფაქტორები:
– გენეტიკა – დიდია ალბათობა რომ ახლომხედველობა მშობლისგან გენეტიკურად გადაეცეს შვილს, განსაკუთრებით დიდია დაავადების რისკი თუ ორივე მშობელს აღენიშნება მიოპია.
– კითხვა და მუშაობა ახლო მანძილზე – მათ, ვინც ბევრს კითხულობს, წერს ან მუშაობს კომპიუტერთან დიდი რისკის ქვეშ არიან რომ აღმოაჩნდეთ მიოპია.
– გარემო ფაქტორები – კვლევებზე დაყრდნობით თუ დროის დიდ ნაწილს ატარებთ დახურულ სივრცეში მეტია ალბათობა რომ გაგივითარდეთ მიოპია.
როდის მივმართოთ ექიმს?
ახლომხედველობა უმეტესწილად ვითარდება ადრეული სკოლის ან სკოლამდე ასაკის ბავშვებში. ამიტომ აუცილებელია ბავშვი გაასინჯოთ ოფთალმოლოგს სკოლაში შეყვანამდე. სკოლის პერიოდში კი, მხედველობის გაუარესებისას შორ მანძილზე მზერისას.
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღინიშნება ისეთი სერიოზული ჩივილები, როგორიც გახლავთ მხედველობის არეში მოცურავე შავი წერტილების ან ლაქების არსებობა, სინათლის ნათება, ფარდის მსგავსი ჩრდილი. აღნიშნული სიმპტომები ბადურის სერიოზული დაზიანების შედეგი შეიძლება იყოს, რასაც დაუყოვნებლივ სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა.
ახლომხედველობის შეჩერება შესაძლებელია არაქირურგიული მეთოდით:
როგორც დრომ გვაჩვენა, სათვალეები და კონტაქტური ლინზები ვერ აფერხებენ მიოპიის პროგრესირების შეჩერებას. მათი საშუალებით ხორციელდება მხოლოდ ახლომხედველობის კორექცია, რომ პაციენტმა შორ მანძილზე დაინახოს მკაფიოდ.
მიოპიის პროგრესირების შეფერხების ანუ მისი მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია ორთოკერატოლოგიური კორექცია ანუ ღამის ლინზებით კორექცია. მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ღამის ლინზები 80% შემთხვევაში იწვევენ ახლომხედველობის პროგრესირების შეფერხებას. ორთოკერატოლოგიური კორექცია ეს არის ახლომხედველობის (მიოპიის) ერთ ერთი ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი ბავშვებსა და მოზარდებში, რომელიც უზრუნველყოფს მიოპიის პროგრესირების შეფერხებას.
გარდა მიოპიის პროგრესირებისა, ორთოკერატოლოგიური ლინზების (ანუ ღამის ლინზების) საშუალებით პაციენტი მთელი დღის განმავლობაში ხედავს კარგად სათვალისა და ლინზის გარეშე. პაციენტი ლინზას იკეთებს ღამით და სძინავს 8 საათის განმავლობაში. ლინზის სპეციალური დიზაინის წყალობით რქოვანის ფორმა იცვლება დროებით და შესაბამისად თვალის გარდამტეხი ძალაც იცვლება, ანუ ხდება მიოპიის კორექცია. ლინზების კეთდება მხოლოდ ღამით და აუცილებელია დილით მოხსნა, რის შედეგადაც მხედველობის აღდგენა ხდება 100%-ით. ორთოკერატოლოგიური ლინზები ყოველ ღამე უნდა გაკეთდეს. თუ კი ლინზის მოხმარება შეწყდება მხედველობა/მიოპია დაუბრუნდება საწყის დონეს.
გახსოვდეთ, აღნიშნული მეთოდის გამოყენება უფრო ეფექტურია მცირე ასაკში, ამიტომ დაავადების ადრე აღმოჩენა
და ორთოკერატოლოგიის სრული კურსის დროულად გავლა დაგიცავთ მიოპიის პროგრესირებისაგან.
ყივანახველა – დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები…
ყივანახველა – ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება, რომელიც ვლინდება სპაზმური ხველის შეტევების სახით. ყველაზე ხშირად ყივანახველა უჩნდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს.

ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების სამედიცინო საჭიროებებზე, ჯანდაცვის პოლიტიკაზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდასა და სამომავლო გეგმებზე
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძეს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა, ჯანდაცვის კუთხით, აჭარასა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების სამედიცინო საჭიროებებზე, ჯანდაცვის პოლიტიკაზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდასა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, როგორც სისტემაში შემავალი უწყებები, ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, მომავალში, ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირებასა და გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში, მისასალმებელია მათი აქტიური ჩართულობა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძეს და ლევან ჩაკვეტაძეს, გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხდა და მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით, სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან – „ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი“
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ️
გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ანა შანიძესთან, რომელიც საკუთარ ჟურნალისტურ ისტორიას გვიამბობს:

– ანა, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?
– პროფესიაზე არჩევანი ბავშვობიდან მოდის… მაშინ, როდესაც სკოლიდან სახლში მისული გასართობი გადაცემების ნაცვლად, ახალ ამბებს ვეცნობოდი…
– გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…
– ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი. მაშინ ჩემი მიკროფონი ლოგოს გარეშე იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, უკვე შემდგარი ჟურნალისტების მსგავსად შეუპოვარი ვყოფილიყავი. პირველი გამოცდილება პირველი აქციის გაშუქებისას მივიღე, აღარ მოვყვები, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს…

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას..?
– ახალგზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას, ვკითხავდი – ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს, მზად ხართ ზოგჯერ ბევრი დათმოთ თქვენი პროფესიის გამო? ემსახუროთ სიცივესა თუ სიცხეში, დღე თუ ღამე…? მზად ხართ, პირადი ემოციები გვერდით გადადოთ, მაყურებლამდე არ მიიტანოთ თქვენი შიშები, გრძნობები, ტკივილები, წყენა, დაღლა?… მზად ხართ, იყოთ ხან ექიმი, ხან ექსპერტი, ხან მაშველი – ყველა პროფესიის წარმომადგენელი მცირე დოზით. ზოგჯერ ნამდვილ ომშიც იყოთ და პატარ-პატარა “ბრძოლები” ყოველდღე გქონდეთ?
თუმცა, თუ აირჩევთ – ერთი ნახვით შეყვარებას დაიჯერებთ. მასზე მრავალფეროვანს ვერაფერს ნახავთ. ზოგჯერ დაღლილს მისი მიტოვებაც მოგინდებათ, მაგრამ ვერ მიატოვებთ. მიგიზიდავთ და მის გარეშე ვეღარ გაძლებთ. მთავარი თვისება ღირსების შენარჩუნებაა და პრინციპები, რომელიც ლოგოსთან ერთად არ უნდა იცვლდებოდეს…

ავტორი: თათია გოჩაძე










