პარასკევი, ივნისი 12, 2026

როგორ აისახება ტალახში თამაში, ბავშვისთვის იმუნურ სისტემაზე?

ბავშვი სოფელში
#image_title

ალბათ, გსმენიათ, რომ თუ ბავშვი გარეთ მიწაში ან ტალახში თამაშობს, ეს მისი იმუნური სისტემისთვის კარგია, მაგრამ რამდენად გვაქვს ამის მეცნიერული დასტური?

საკითხის შესასწავლად არაერთი კვლევაა ჩატარებული, რომელთა თანახმადაც ამან პატარების იმუნიტეტი შესაძლოა, მართლაც გააძლიეროს და ალერგიებისა თუ ავტოიმუნური დაავადებების რისკი შეამციროს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან განვითარების ადრეულ ეტაპზე ჩვენი სხეულის დამცავ სისტემას უწევს, ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი უჯრედებია უსაფრთხო და რომელი — არა. მსგავსი მექანიზმი აუცილებელია, რათა ორგანიზმი იქ მოხვედრილ ვირუსებსა და ბაქტერიებს შეებრძოლოს, მაგრამ ამისთვის მსგავსი პათოგენების იდენტიფიცირება უნდა ისწავლოს.

ამაში მნიშვნელოვან როლს თავად ჩვენს კუჭ-ნაწლავში არსებული მიკრობები ასრულებენ. ზოგიერთი მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინების წარმოქმნაში მონაწილეობს და საკვების მონელებაში გვეხმარება. ბაქტერიების ამ ერთობლიობის, მიკრობიომის, ჩამოსაყალიბებლად ადამიანის სიცოცხლის პირველი წელი გადამწყვეტია.

ჩვილს ეს ბაქტერიები ვაგინალურად დაბადებისას გადაეცემა ან მის ორგანიზმში დედის რძიდან ხვდება. შემდეგ მათ მიკრობების მრავალ წყაროსთან უწევთ შეხება. “ძველი მეგობრების ჰიპოთეზის” თანახმად, რაც უფრო მეტ მიკრობთან ვართ შემხებლობაში ბავშვობაში, მით უფრო მრავალფეროვანია ჩვენი მიკრობიომი, რაც იმუნურ სისტემას პათოგენების ამოცნობაში ეხმარება. “ძველი მეგობრები” სწორედ სხეულში არსებულ უვნებელ ბაქტერიებს ეწოდება.

ეს უფრო ცნობილი “ჰიგიენის ჰიპოთეზის” მსგავსია, რომლის მიხედვითაც ადრეულ ასაკში მიკრობებთან ნაკლები შემხებლობის გამო იმუნური პრობლემების რისკი იზრდება. მაგალითად, კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ფერმასთან ახლოს გაიზარდნენ ან სახლში შინაური ცხოველები ჰყავდათ, ნაკლებად ალერგიულები იყვნენ.

წინა ჰიპოთეზას რომ დავუბრუნდეთ, მასში ყურადღება არა ინფექციურ პათოგენებთან, არამედ უვნებელ მიკრობებთან შემხებლობის მნიშვნელობაზეა გამახვილებული. ეს თანხვედრაშია ევროპაში ჩატარებულ კვლევებთან (1,2,3), რომელთა თანახმადაც ბავშვობაში მიკრობებთან შემხებლობა ალერგიების ჩამოყალიბებისგან არ გვიცავს. “ჰიგიენის ჰიპოთეზის” კრიტიკის მეორე ნაწილი დაავადებების თავიდან ასაცილებლად ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის არასათანადო მნიშვნელობის მინიჭებას ეხება.

“ძველი მეგობრების ჰიპოთეზა” შესაძლოა, უკეთ ხსნიდეს, რატომ აკავშირებენ ალერგიის გაზრდილ რისკს ბავშვობაში ანტიბიოტიკების ჭარბად მიღებასთან (რაც კუჭ-ნაწლავის მიკრობიომს ანადგურებს) და საკეისრო კვეთით დაბადებასთან (რაც ჩვილის ორგანიზმში ვაგინალური ბაქტერიების მოხვედრას უშლის ხელს).

აღსანიშნავია კვლევა, რომელიც ფინეთში ჩატარდა იმის გასაგებად, გაძლიერდებოდა თუ არა ურბანულ გარემოში მცხოვრები ბავშვების იმუნური სისტემა, თუ ისინი ტყიდან აღებულ მიწასა და ბალახში ითამაშებდნენ. ერთ თვეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცირეწლოვნების კანზე მეტად მრავალგვარი უვნებელი ბაქტერიები იყო, სისხლში კი —მეტი იმუნო-მარეგულირებელი უჯრედები და ინფორმაციის გადამტანი მოლეკულები. ეს იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც სათამაშო მოედნებზე ხრეშში ერთობოდნენ.

მსგავსი შედეგები მიანიშნებს, რომ მიწაში არსებულ ბაქტერიებს, სავარაუდოდ, იმუნური სისტემის განვითარებაში შეაქვს წვლილი და, თეორიულად, მისი ზეაქტიურობის შანსს ამცირებს (თუმცა მნიშვნელოვანია გენეტიკური წინაპირობებიც). შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტალახში თამაში ბავშვებისთვის კარგია. რა თქმა უნდა, ეს ალერგიებისგან დაცვის 100%-იან გარანტიას არ გვაძლევს. ასევე, პატარები დაბინძურებულ ადგილებსაც უნდა მოვარიდოთ, რომელთა მიმდებარედაც საშიში ნივთიერებების არსებობის რისკია, როგორიცაა ტყვია და პესტიციდები.

პლანეტის მკურნალობის ორიგინალური ტექნოლოგია – „ამ ტექნოლოგიებისთვის არის შექმნილი საქართველო“

#image_title

სიკვდილ-სიცოცხლის ნგრევა-შენების და ჟანგვა-აღდგენის უწყვეტი პროცესი.

საუბრობს აკადემიკოსი ოთარ კვესიტაძე:

„ბოლოს ყველაფერი ემორჩილება ბუნებრივ ჟანგონს. ბუნებაში არის ორი სისტემა, რომელიც იწვევს დაშლას. ეს არის ჰიდროლიზური და ოქსიდაციული ფერმენტები“.

პლანეტის მკურნალობის ორიგინალური ტექნოლოგია.

„ამ ტექნოლოგიებისთვის არის შექმნილი საქართველო. შეიძლებოდა უნიკალური რაღაცეების გაკეთება…“

რისი ბრალია ნაადრევი ან სწრაფი გაჭაღარავება და როგორ შეგიძლიათ ამ პროცესის შენელება

#image_title

თუნდაც ერთ ჭაღარა თმას ამოიღებთ, ძალიან ბევრი ჭაღარა გაგიჩნდებათ?

რისი ბრალია ნაადრევი ან სწრაფი გაჭაღარავება და როგორ შეგიძლიათ ამ პროცესის შენელება

საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე:

„35 წლის ასაკიდან ჭაღარა თმა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ზოგჯერ უფრო ადრეც უჩნდება.

თმის გაჭაღარავებას რამდენიმე ტიპური მიზეზი აქვს:

პირველ რიგში, მიზეზი შეიძლება ვიტამინი B12-ის დეფიციტი იყოს. თუ ადამიანს B12 აკლია, გაჭაღარავება უფრო ადრე დაეწყება. ამ ვიტამინით ორგანიზმის ადეკვატურად შევსება გაჭაღარავებისაგან უფრო დაგვიცავს, თუ დროულად მივაქცევთ ყურადღებას.

მეორე მიზეზი შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებ. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია, მაშინ გაჭაღარავებაც მოსალოდნელია.

 

მესამე მიზეზი არის მწეველობა. ადამიანი თუ აქტიური ან პასიური მწეველია, გაჭაღარავება აქაც უფრო ადრეა მოსალოდნელი, ვიდრე იმავე ასაკის არამწეველ პირებში.

კიდევ ერთი მიზეზი, –  შეიძლება სხეულში ფერიტინის ნაკლებობა იყოს. ფერიტინი არის ცილა, რომელიც რკინას იმარაგებს. თუ ფერიტინის ნაკლებობაა, შესაძლოა, გაჭაღარავების პროცესი უფრო ადრე დაეწყოს.

ჭაღარა თმის ამოღების შემთხვევაში უფრო მეტი ჭაღარა რომ გაჩნდება, ეს ტყუილია. მიზეზი იმისა, რომ უფრო მეტი ჭაღარა გიჩნდებათ ის კი არ არის, რომ თქვენ ჭაღარა თმა ამოიღეთ, არამედ ის, რომ გაჭაღარავების პროცესი დაიწყო. სამწუხაროდ, სხეულს პიგმენტ მელანინის წარმოქმნა აღარ შეუძლია და ამიტომაც არის, რომ ჭაღარა ნელ-ნელა გვეპარება.

თუ ჭაღარა შეგეპარათ, ვიტამინი B12, ასევე ფარისებრი ჯირკვალი და ორგანიზმში ფერიტინის შემცველობა დროულად შეამოწმეთ.“

სამმაგი საფრთხე: როგორ აზიანებს თმას შეღებვა, ფენით გაშრობა და მზის ზემოქმედება

#image_title

სილამაზისკენ სწრაფვისას, ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად იყენებს ფენს, იცვლის თმის ფერს საღებავების დახმარებით და დიდ დროს ატარებს მზეზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრაქტიკამ შეიძლება გააუმჯობესოს ჩვენი გარეგნობა მოკლევადიან პერსპექტივაში, მათ შეუძლიათ დროთა განმავლობაში ზიანი მიაყენონ ჩვენი თმის ღერების ჯანმრთელობას და სიცოცხლისუნარიანობას.
თმის შეღებვა

თმის საღებავი შეიცავს ძლიერ ქიმიკატებს, როგორიცაა ამიაკი და წყალბადის ზეჟანგი, რომლებიც აღწევენ  თმის ღერში და ცვლიან მის ბუნებრივ პიგმენტს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს კარგი ვიზუალური შედეგი მოაქვს, ის ასევე აზიანებს თმის მთლიანობას. უხეშდება თმის ყველაზე გარეგანი ფენა, იწვევს ბოლოების გაყოფას და თმა ხდება მტვრევადი.
ფენის გამოყენება

ფენის ზემოქმედებისგან წარმოქმნილი ინტენსიური სიცხე აძლიერებს თმის ღერის მტვრევადობას. გარდა ამისა, ჰაერის ძლიერმა ნაკადმა შეიძლება გაუხეშოს თმის კუტიკულა, რაც დროთა განმავლობაში გამოიწვევს  თმის ღერის საგრძნობ შესუსტებას.
მზის ზემოქმედება

მზის ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება აზიანებს თმის ცილოვან სტრუქტურას, რაც იწვევს თმის ღერის ელასტიურობისა და სიძლიერის დაკარგვას. თმა ხდება მშრალი, უსიცოცხლო და პროგრესირდება თმის ცვენა.

 მიუხედავად იმისა, რომ ეს თმისთვის დამაზიანებელი პრაქტიკა შეიძლება გარდაუვალი ჩანდეს, არსებობს ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია მათი ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად, მაგალითად :

შეარჩიეთ თმის საღებავი, რომელიც თავისუფალია ქიმიური ნივთიერებებისგან, როგორიცაა ამიაკი და წყალბადის ზეჟანგი.

შეძლებისდაგვარად, ეცადეთ თმა ბუნებრივად გაშრეს ჰაერზე ან გამოიყენეთ ფენი  ყველაზე დაბალი სიმძლავრით.

ყოველდღიურ რუტინაში ჩართეთ არკოფარმას საკვები დანამატი – ფორკაპილი კერატინ + , რომელიც შემადგენელი კომპონენტების დახმარებით გააძლიერებს და გააჯანსაღებს თმას, შემატებს ბზინვარებას და აღადგენს ელასტიურობას და რაც ყველაზე მთავრია დაიცავს თმას გარე დამაზიანებელი ფაქტორებისგან (მზე, გარემოს დაბინძურება, საღებავები, ფენი და ა.შ.) 

წყარო:

რა იწვევს ყველაზე ხშირად ბავშვებში მუცლის ტკივილს – რა ჩივილები შეიძლება ახლდეს ამ პრობლემას?

#image_title

რა იწვევს ყველაზე ხშირად ბავშვებში მუცლის ტკივილს?

რა ჩივილები შეიძლება ახლდეს ამ პრობლემას?

საუბრობს ბავშვთა გასტროენტეროლოგი, პროფესორი ციცი ფარულავა გადაცემაში „პირადი ექიმი“:

„მუცლის ტკივილი არის მთავარი ჩივილი, რომლის გამოც პაციენტი გასტროენტეროლოგთან და პედიატრთან მიდის. არსებობს ცალკე ცნება – მორეციდივე მუცლის ტკივილი. თუ მინიმუმ 2 თვის განმავლობაში პაციენტს პერიოდული, გახანგრძლივებული მუცლის ტკივილის ეპიზოდები აქვს, რომელსაც შეიძლება თან სხვა სიმპტომებიც ახლდეს.

გულისრევის შეგრძნება, ბოყინი, შებერილობის შეგრძნება, უმადობა, ხასიათის, გუნება-განწყობის ცვლილება. ეს ორგანული პათოლოგიაა თუ ფუნქციური დაავადება? ორგანული დაავადება ნიშნავს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიღაც ორგანოში ან ანთებითი, სტრუქტურული, მეტაბოლური ან ონკოლოგიური პრობლემები მიდის. უმეტეს შემთხვევაში მუცლის ტკივილი ორგანული დაავადება არ არის.

ფუნქციურ დარღვევისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების გარკვეული კომბინაცია გვაქვს, რომლის მიზეზის დადგენა ობიექტური მარკერებით ვერ ხერხდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ – სამედიცინო კვლევების შემდეგ არსად არანაირი ცვლილება არ მოიძებნა. მაგრამ, პრობლემა არსებობს და ბავშვი და მშობელი წუხს.“

 

ფარმაცევტული სექტორის გამოწვევები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განიხილეს

#image_title

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში, რომელსაც ასოციაციის წევრი ფარმაცევტული კომპანიები ესწრებოდნენ, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 51-ე და 52-ე დადგენილებები კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილეს. აღნიშნული ორი დადგენილება აწესებს როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის შემდეგ ა.წ. მარტში განსახილველი დადგენილებები 6 თვით გადავადდა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ დადგენილებებს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოეწვია ფარმაცევტულ ბაზარზე.

ასოციაციაში შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი სტანდარტები შეიძლება იმაზე მკაცრიც კი იყოს, ვიდრე ამჟამად აშშ-ში და ევროპაში მოქმედი რეგულაციებია. შესაბამისად, სექტორის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს როგორც იმპორტის, ასევე შიდა წარმოებისას შექმნილ სირთულეებზე, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება მედიკამენტების ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე. ამიტომაც, კომიტეტზე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაცია იმ მიზნით, რომ დროულად მოხდეს გადავადებულ დადგენილებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დეტალურად განვიხილეთ საქართველოს მთავრობის დადგენილებები, რომელიც აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტებისა და მზა ფარმაცევტული პროდუქტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს აწესებს. მაღალი ალბათობით, ამ დადგენილებების მოთხოვნები შექმნის მნიშვნელოვან შეფერხებას ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებისა და წარმოებისას. დასაფასებელი და მისასალმებელია, რომ მიმდინარე წლის მარტის თვეში ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და მოხდა ამ დადგენილებების გადავადება 6 თვის ვადით.

ამასთან, 6 თვიანი ვადის გასვლამდე, საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები. შესაბამისად, ამ და სხვა საკითხებზე, ჩვენ გავაგრძელებთ პროფესიულ და კონსტრუქციულ თანამშრომლობას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. აქვე აღნიშნავთ, რომ ჩვენი მთავარია ამოცანაა, როგორც ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა, ასევე მოქალაქეებისა და პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფარმაცევტული პროდუქციის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა. ეს არის ის საერთო პრინციპი, რაზეც სახელმწიფო და კერძო სექტორი თანხმდება“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ნაწლავური სიმსივნის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა პირველ პაციენტს გაუკეთეს

ინგლისში ახალი პროგრამა დაიწყო, რომელსაც Cancer Vaccine Launch Pad ეწოდება. მის ფარგლებში mRNA ტექნოლოგიით შექმნილი პერსონალიზებული ვაქცინა ათასობით ადამიანს გაუკეთდება.

პირველი პაციენტი, რომელმაც ნაწლავური სიმსივნის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული პრეპარატი მიიღო, 55 წლის ელიოტ ფიბია. უნივერსიტეტში მომუშავე ლექტორსა და 4 შვილის მამას კოლორექტულისიმსივნე რუტინული გამოკვლევისას დაუდგინდა. მას მავნე ქსოვილები და ნაწლავის ნაწილი ამოკვეთეს, რის შემდეგაც ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს.

პარალელურად, ის ახალ პროექტშიც ჩაერთო და აცხადებს, რომ ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობის მიღება უხარია, რადგან ამით სხვა ადამიანების სიცოცხლის უკეთესობისკენ შეცვლის შანსი მიეცა. საავადმყოფო, სადაც მას პრეპარატი გაუკეთეს, ინგლისში მდებარე იმ 30 კლინიკას შორისაა, რომელიც Cancer Vaccine Launch Pad-ის გარშემო გაერთიანდა. სავარაუდოდ, მომავალში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

რაც შეეხება თავად ვაქცინებს, mRNA ტექნოლოგიით შექმნილი ამგვარი ინიექციების ეფექტიანობა ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიისას ვიხილეთ. უნდა ითქვას ისიც, რომ სიმსივნის საწინააღმდეგო ეს პრეპარატები პერსონალიზებულია და სხვადასხვა სახის კიბოს შეიძლება შეებრძოლოს, ამიტომ იმედის მომცემია. იგეგმება, რომ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანს მიეცეს.

mRNA ვაქცინების მიზანი პაციენტების ორგანიზმში სიმსივნესთან ასოცირებული ცილების წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნის პროვოცირებაა. ქიმიოთერაპიასთან, ქირურგიულ ჩარევასთან და სხვა მედიკამენტებთან ამ მეთოდის გამოყენებამ შესაძლოა, კიბო ბოლომდე გაანადგუროს და მის ხელახლა გაჩენასაც შეუშალოს ხელი.

“ასეთი კლინიკური ცდები აუცილებელია, რათა მეტ ადამიანს დაეხმაროს სიცოცხლის გახანგრძლივებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ასევე, შიშისგან და სიმსივნისგან გათავისუფლებაში”, — აცხადებს დიდ ბრიტანეთში ონკოლოგიური კვლევების განხრით მომუშავე იენ ფაუკსი.

გაერთიანებული სამეფო კომპანია BioNTech-თან თანამშრომლობით 2030 წლისთვის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატით 10 000 ადამიანის უზრუნველყოფას აპირებს. იგეგმება, რომ პროგრამა სხვა სახის სიმსივნეებზეც გავრცელდეს.

ძალიან საყურადღებოა – რომელ დაავადებებს შეიძლება უკავშირდებოდეს ქოშინი, სუნთქვის გაძნელება?

სუნთქვის სიხშირის, რითმის და სიღრმის დარღვევა
#image_title

რომელ დაავადებებს შეიძლება უკავშირდებოდეს ქოშინი, სუნთქვის გაძნელება?

საუბრობს თერაპევტი ლიზა გოდერძიშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“:

„ქოშინი გახშირებული სუნთქვაა. საშუალოდ, წუთში სუნთქვა 12-დან 20-მდეა. ამას რომ გადააჭარბებს, სწრაფად სუნთქვა რომ სურს, იმისთვის, რომ ორგანიზმის ჟანგბადის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, ამას ქოშინი ჰქვია.

შესაძლოა, სუნთქვის გაძნელება სუნთქვის სიხშირის მატებასთან დაკავშირებული არ იყოს და ადამიანს ჩასუნთქვა ან ამოსუნთქვა უძნელდებოდეს. ამის კლასიკური მაგალითია ასთმა. შესაძლებელია, გახშირებული სუნთქვა არ ჰქონდეს, მაგრამ შეტევის დროს მას ძლიერად გახანგრძლივებული ამოსუნთქვა აქვს. ამოსუნთქვას თან ახლავს სტვენა, ანუ მისი სუნთქვა ხმაურიანია. ეს სუნთქვის გაძნელების კლასიკური მაგალითია, რასაც დაავადება იწვევს. სუნთქვის გაძნელების ფსიქოემოციური მაგალითიც არსებობს, როცა ადამიანი ამოსუნთქვას ბგერის გამოცემასთან ასოცირებულს ხდის. ქართულ ენაში ამას ხვნეშას, ოხვრას ვუწოდებთ.

პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, რა არის ამოსუნთქვა და რა – ჩასუნთქვა. ამოსუნთქვას ხშირად ჩასუნთქვას არქმევენ იმიტომ, რომ რაკი ,,ა“-ს ვამბობთ და პირს ვაღებთ, რატომღაც ეს აქტი ამოსუნთქვასთანაა დაკავშირებული. სინამდვილეში, ეს ჩასუნთქვაა იმიტომ, რომ ორგანიზმში ჰაერი ჩადის. როცა ორგანული პათოლოგია არ არის და ეს შეიძლება შფოთვასთან ასოცირდებოდეს, როცა ადამიანი ფსიქოემოციური დატვირთვის ფონზე გაძლიერებულად სუნთქავს, ამ დროს ყველაზე ხშირად შესაძლოა, ჩასუნთქვის პროცესი გაძნელდეს. ეს ძალიან დიდ პროცენტში ფსიქოემოციურ მომენტებთანაა დაკავშირებული. სუნთქვის სერიოზული გაძნელება, პათოლოგია,  ძალიან საყურადღებოა.“

ცხოვრება ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ

ფარისებრი ჯირკვალი
#image_title

ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა მხარეს, მის ზედაპირთან მდებარე ორგანოა, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესზე ახდენს გავლენას. მისი ჰორმონები არეგულირებენ მეტაბოლიზმს და, ამგვარად, მთელი სხეულის ნორმალურ ფუნქციობას. ადვილი მისახვედრია, რომ მის გარეშე სრულყოფილი ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ფარისებრი ჯირკვლის მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში თირეოიდექტომია ყოველწლიურად 150 000 ადამიანს უტარდება. ფარისებრი ჯირკვლის გარეშე სრულფასოვანი ცხოვრების შენარჩუნება კი ერთგვარი გამოწვევაა ექიმებისა და პაციენტებისთვის.

ფარისებრი ჯირკვლის გარეშე
თირეოიდექტომიის გრძელვადიანი ეფექტი იმაზეა დამოკიდებული, რა მოცულობის ქსოვილს ამოკვეთენ. ნაწილობრივი თირეოიდექტომიის დროს დარჩენილი წილი, როგორც წესი, მთელი ჯირკვლის ფუნქციას ითავსებს და შესაძლოა, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია აღარც კი დაგვჭირდეს, სრული (ტოტალური) თირეოიდექტომიის დროს კი ორგანიზმში წარმოიშობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი (ჰიპოთირეოზი), რაც იწვევს წონის მატებას, დეპრესიას, სიცივის აუტანლობას, შემეცნებითი ფუნქციის დაქვეითებას, ძილის ხარისხის გაუარესებას, შეკრულობას, სისუსტეს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, თმისა და ფრჩხილების მტვრევადობას, მენსტრუალური ციკლის მოშლას. ამ სიმპტომების თავიდან ასაცილებლად ოპერაციის შემდეგ იწყება  ჩანაცვლებითი თერაპია სინთეზური ჰორმონით – ლევოთიროქსინით, რომელიც  ჯირკვლის მიერ სინთეზირებული ჰორმონის იდენტურია და იმავე ფუნქციებს ასრულებს. ფარისებრი ჯირკვლის არარსებობისას მისი მიღება მთელი სიცოცხლეა საჭირო. ზოგჯერ ლევოთიროქსინით მკურნალობის ფონზე თავს იჩენს საპირისპირო ჩივილები,  მაგალითად, სითბოს აუტანლობა, წონის კლება. ამ დროს მედიკამენტის დოზის გადაჭარბებაა სავარაუდო. დოზას ექიმი არჩევს სისხლში თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის დონის მიხედვით. ეს არის ჰიპოფიზის, ტვინის ფუძესთან მდებარე ენდოკრინული ჯირკვლის, ჰორმონი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას არეგულირებს.

სისხლის საკონტროლო ანალიზი თირეოიდექტომიის პირველ წელს რამდენჯერმე ტარდება მედიკამენტის სწორი დოზის შესარჩევად, მეორე წლიდან – უფრო და უფრო იშვიათად, იმ სიხშირით, როგორითაც ექიმი მიიჩნევს საჭიროდ. ოპერაციის მიზეზიდან გამომდინარე, ექიმი ადგენს თირეოტროპული ჰორმონის (TSH) სამიზნე დონესაც.

არსებობს მდგომარეობები, როდესაც წამლის დოზის შეცვლა და TSH-ის უფრო ხშირი კონტროლია საჭირო – ორსულობა, წონის მატება ან კლება, მენოპაუზა.

ცოტა რამ ლევოთიროქსინის შესახებ
პრეპარატი რამდენიმე სავაჭრო სახელწოდებით გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანის აქტიური კომპონენტი ლევოთიროქსინია, საწარმოო პროცესი, ფილტრები და საღებავები მათ შორის განსხვავებებსაც წარმოშობს, ამიტომ ენდოკრინოლოგები თირეოიდექტომიის შემდეგ პაციენტებს ურჩევენ, მიიღონ ერთი მწარმოებლის მიერ დამზადებული პრეპარატი, ხოლო თუ რაიმე მიზეზით  მწარმოებლის შეცვლა გახდა საჭირო, 6-8 კვირის შემდეგ უნდა გადამოწმდეს თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის დონე.

ლევოთიროქსინი მიიღება ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, უზმოზე, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

ზოგიერთი საკვები, მედიკამენტი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სამედიცინო მდგომარეობა ხელს უშლის ორგანიზმის მიერ მედიკამენტის ათვისებას.

საკვები უკავშირდება ლევოთიროქსინს, რითაც ამცირებს მის კონტაქტს ნაწლავებში არსებულ შეწოვის უბნებთან და გახსნის სიჩქარეს ან ცვლის კუჭის PH ბალანსს. განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს:

* კალციუმი – კალციუმით მდიდარი საკვები (რძის ნაწარმი, ყველი, რძე, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული) ამცირებს ლევოთიროქსინის აბსორბციას, თუ მიიღეთ პრეპარატის მიღებიდან 3 საათის განმავლობაში;

* ცხიმი – ცხიმით მდიდარი საკვები, როგორც წესი, აფერხებს წამლის შეწოვას. თუ კვების მკაცრ რეჟიმს იცავთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როცა ცხიმით მდიდარი რაციონიდან ცხიმით ღარიბზე გადადიხართ, მედიკამენტის უფრო მეტი წილი შეიწოვება და ზედოზირება გემუქრებათ;

* ბოჭკო – ბოჭკოთი მდიდარი საკვებისა და თირეოიდული მედიკამენტების ურთიერთკავშირი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, თუმცა საკვებ რაციონში ბოჭკოს შემცველობის გაზრდისას სასურველია  გაკონტროლდეს  TSH-ის დონე;

* სტრუმოგენები (ბროკოლი, ფერადი კომბოსტო, მარწყვი და სხვა) –  სტრუმოგენები ნივთიერებებია, რომლებიც  მცენარეულ საკვებში მოიპოვება. ისინი ხელს უშლიან ორგანიზმის მიერ იოდის ათვისებას, ამრიგად, შესაძლოა ანტითირეოიდული ეფექტი ჰქონდეთ. ასეთი საკვების ზომიერი მიღება სასარგებლოა, მაგრამ მას უნდა ერიდონ თირეოიდული ჰორმონებით ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი პირები, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვალი მთლიანად ან დიდწილად ამოკვეთილი აქვთ. სტრუმოგენულ ეფექტს ამცირებს საკვების თერმული დამუშავება;

* სოია – ისიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის შეწოვას უშლის ხელს.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებს ლევოთიროქსინთან და მის შეწოვაზე ახდენს გავლენას. ასეთებია:

* სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (სერტრალინი, ციტალოპრამი). მათ ხშირად გამოწერენ დეპრესიისა და გაღიზიანების დროს. ამ მედიკამენტების მიღებისას ლევოთიროქსინზე მოთხოვნა იმატებს და მისი დოზის მომატება ხდება საჭირო;

* პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, მაგალითად, ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რომლებსაც პეპტიკური წყლულოვანი დაავადებისა და მჟავა რეფლუქსის სამკურნალოდ იყენებენ;

* ტრიციკლური ანტიდეპრესანტები – ამიტრიპტილინი, დოქსეპინი. ისინი, სხვა მედიკამენტებისგან განსხვავებით, აძლიერებენ ლევოთიროქსინის ეფექტს;

* დიაბეტის სამკურნალო საშუალებები. როგორც ინსულინი, ისე ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები ასუსტებს ლევოთიროქსინის ეფექტს, ხოლო დიაბეტის თანაარსებობისას ლევოთიროქსინი ზრდის ორგანიზმის მოთხოვნას ინსულინზე, ამიტომ საჭიროა სისხლში გლუკოზის დონისა და თშH-ის რეგულარული კონტროლი;

* კონტრაცეპტივები და ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია. ესტროგენი ზრდის იმ ცილის ოდენობას, რომელიც უკავშირდება თირეოიდულ ჰორმონს და მის ინაქტივირებას ახდენს. ქალებს, რომლებიც ესტროგენებს იღებენ, როგორც წესი, ლევოთიროქსინის უფრო დიდი დოზა სჭირდებათ;

* ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტები – ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი. ისინი შესაძლოა დაუკავშირდნენ თირეოიდულ ჰორმონებს და არააქტიური გახადონ, ამიტომ მათი მიღება რეკომენდებულია ლევოთიროქსინის დალევიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ;

* ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები) – ვარფარინი, ჰეპარინი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან ერთად მიღებისას მათი მოქმედება ძლიერდება. შესაბამისად, ეს კომბინაცია ზრდის სისხლდენის რისკს;

* ანტაციდები – მათი მიღება რეკომენდებულია ლევოთიროქსინიდან 3-4 საათის შემდეგ.

საკვებ დანამატებთან
* კალციუმი – რეკომენდებულია ამ წამლებს შორის ინტერვალის დაცვა, არა უმცირეს სამსაათიანისა;

* რკინა – ლევოთიროქსინთან შეკავშირების უნარის გამო მიღება საჭიროა, სულ მცირე, ორსაათიანი შუალედით;

* ბიოტინი – ბიოტინი მედიკამენტის შეწოვაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს, თუმცა შეუძლია შეცვალოს TSH-ზე ანალიზის პასუხი;

* C ვიტამინი – როგორც წესი, ზრდის ჰორმონის შეწოვას და შესაძლოა, ჰიპერთირეოზის სიმპტომები გამოიწვიოს.

სამედიცინო მდგომარეობებთან

ლევოთიროქსინის შეწოვაზე გავლენას ახდენს:

* ლაქტოზის აუტანლობა;

* ცელიაკია;

* ატროფიული გასტრიტი;

* მალაბსორბციული (შეწოვის დაქვეითებით მიმდინარე) სინდრომები;

* ჰელიკობაქტერიული ინფექცია;

* პანკრეასისა და ღვიძლის დაავადებები.

ნაწლავთა ანთებითი დაავადების (მაგალითად, კრონის დაავადების ან წყლულოვანი კოლიტის) დროს ლევოთიროქსინის გელი ან თხევადი ფორმა ტაბლეტებზე უკეთ შეიწოვება.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქცია ლევოთიროქსინზე იშვიათია, თუმცა ალერგენებად შეიძლება მოგვევლინოს წამლის არააქტიური ინგრედიენტები, მაგალითად, ლაქტოზა ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებთან, ან სიმინდის ფქვილი, რომელიც გლუტენის აუტანლობის მქონე პირებთან ჯვარედინ ალერგიულ რეაქციას იწვევს.

ჰიპოთირეოზის მიღმა
თირეოიდექტომიის შემდეგ ჰიპოთირეოზთან ერთად ზოგჯერ თავს იჩენს ჰიპოპარათირეოზიც – ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი ოპერაციის ამ ორგანოს დაზიანების ან, საჭიროების შემთხვევაში, ამოკვეთის გამო. ფარისებრახლო ჯირკვლები ფარისებრის უკან მდებარეობს და სისხლში კალციუმის ცვლას არეგულირებს. სისხლში კალციუმის შემცველობის დაქვეითებისას ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა  დაბუჟება, ჩხვლეტა, კრუნჩხვა. ჰიპოპარათირეოზის დიაგნოსტიკა გულისხმობს კალციუმის დაბალი და ფოსფორის მაღალი დონის ლაბორატორიულ დადგენას, ზოგჯერ – პარათჰორმონის დონის განსაზღვრასაც, მკურნალობა – კალციუმის დანამატებისა და D ვიტამინის მიღებას. თუ კალციუმისა და D ვიტამინის დონე მაინც დაბალი დარჩა, ინიშნება რეკომბინანტული პარათჰორმონი. პაციენტთა 75%-თან ჰიპოპარათირეოზის სიმპტომები ერთი წლის განმავლობაში ქრება.

თუ წამლის მიღება დაგავიწყდათ, მოგვიანებით ორმაგ დოზას ნუ მიიღებთ – მოსალოდნელია ზედოზირება, გულისრევა და ღებინება.

მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვალი ამოკვეთეს, აუცილებელია თირეოიდული მედიკამენტების ყოველდღიური მიღება. განსაკუთრებით – ბავშვებისთვის, რომელთა ზრდა-განვითარებასა და ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გადამწყვეტ როლს ასრულებს.

წყარო: ჟურნალი “ავერსი” 

საქართველოში სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება აიკრძალება

#image_title

აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი. აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights