საქართველოში გრიპის ვირუსები, განსაკუთრებით H1N1 და H1N2 შტამები, აქტიურად ვრცელდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ რისკ ჯგუფში ბავშვები და მოხუცები შედიან. ამჟამად COVID-19-ის აქტივობა შემცირებულია, თუმცა ახალი შტამი JN.1 სწრაფად ვრცელდება და განსაკუთრებით ემუქრება ბავშვებსა და ასაკოვან ადამიანებს. ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, რომ სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა და ხველა, უნდა შევიკავოთ კონტაქტი სხვა ადამიანებთან. მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში და მიიღოთ სითხეები. თუ სიმპტომები გაწვდილი გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული – H1N1 და H1N2 შტამები ცირკულირებს; ხოლო უკანა პლანზეა – COVID-19.
მედიკოსების ინფორმაციით, რისკ ჯგუფებში ბავშვები და მოხუცები არიან. მათივე განმარტებით, აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი ამ დროისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.
„ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც“, – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსები, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ამბობს, რომ ამჟამად გავრცელებული გრიპის ვირუსები – H1N1 და H1N2 – მომავალ კვირებში კიდევ უფრო აქტიურად გავრცელდება და მეტი ყურადღება გვმართებს რისკჯგუფებში შემავალი პირების მიმართ.
ჩხაიძის ინფორმაციით, გაორმაგებულია გრიპის ვირუსის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევები და თუკი 49-ე კვირაში 16 % იყო, ორ კვრაში მაჩვენებელმა 27%-ს მიაღწია.
„ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.
„ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა თუ გვაქვს, თავი უნდა შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვრცელდება ომიკრონის ახალი ქვეშტამი – JN. აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კლინიკებში, პირბადეების ტარების სავალდებულო წესიც დააბრუნეს.
ესპანეთის ხუთ რეგიონში გრიპისა და COVID-19 შემთხვევების ზრდის გამო პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში „კოვიდის” შემთხვევები გაიზარდა. სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ.
გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდის ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.
„ეს არის კოვიდის ახალი შტამი. სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვრცელდება. იგივე მაჩვენებლები ახასიათებს, რაც ომიკრონს. სამწუხაროპდ, დღეს საქართველოში ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი არის სამედიცინო პირბადე, დისტანცია, თუ ხართ ავად, უნდა იყოს სახლში. სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ვირუსის შესაჩერებლად“, – განაცახდა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, JN.1 ძირითადად ემუქრება ბავშვებსა და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს და მისგან თავდაცვის ერთადერთ საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს.
„ძალიან მძიმე სიტუაციაა… საქართველოში ამ სიმწარეს იგრძნობენ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში. JN.1-ის სწრაფი გავრცელების გამო, საავადმყოფოების გადავსების საფრთხე საქართველოშიც არსებობს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია – JN.1-ის სწრაფად გავრცელების შესახებ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ „მაჩვენებლები მაღალი არ არის“, საშიშად არ მიიჩნევა და არც განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს.
„ძირითადად ცირკულირებს არის A ტიპის ვირუსი – H1, პანდემიური და მეორე ადგილზე, შედარებით ნაკლები ინტენსივობის, ეს არის H3, ესეც A ტიპის ვირუსს მიეკუთვნება. H1-ს და H3-ს ერთი და იგივე სიმპტომები აქვს, – მაღალი ტემპერატურა – 38 და მეტი, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი. რისკის ჯგუფები იგივეა, რაც ვაქცინაციის დროს – ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და 65 წელს გადაცილებული პირები ქრონიკული დაავადებებით.
რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება – ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში – გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში.
