სამედიცინო ჟურნალში British Journal of Sports Medicine გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, სამსახურში ყოველ საათში 5-წუთიანი შესვენებების გაკეთება ყველაზე ეფექტური და რეალისტური გზაა კეთილდღეობის ასამაღლებლად შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე.
თანამედროვე საოფისე მუშაობა, იქნება ეს ელექტრონულ წერილებზე პასუხი თუ ვიდეოზარები, დიდწილად სავარძელში მჯდომარე მდგომარეობაში მიმდინარეობს. ექსპერტების განცხადებით, ეს ჩვევა ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. ხანგრძლივი ჯდომა ზედმეტი წონის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანისგან დასვენების სარგებლიანობა ცნობილია, აქამდე ნაკლებად გარკვეული იყო, თუ რა სიხშირით უნდა წამოდგეს თანამშრომელი ფეხზე სამუშაო პროდუქტიულობის შენარჩუნების პარალელურად.
კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევაში მონაწილეობა აშშ-ის 11 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო, რომლებიც ძირითადად ოფისებში 8-9 საათიან ცვლებში მუშაობდნენ. პირველი კვირის განმავლობაში მონაწილეები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდნენ და ყოველდღიურად აფასებდნენ თავიანთ განწყობას, პროდუქტიულობასა და დაღლილობას.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი მათ დაევალათ სამუშაო საათებში ყოველ ნახევარ საათში, საათში ან ორ საათში ერთხელ 5 წუთით გაესეირნათ.
კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ ნახევარ საათში შესვენება კარგად მოქმედებდა განწყობაზე, თუმცა სამუშაო პროცესს აფერხებდა. ყოველ ორ საათში სეირნობა ნაკლებეფექტური აღმოჩნდა. მეცნიერების დასკვნით, სწორედ ყოველ საათში 5-წუთიანმა ფეხით სიარულმა აჩვენა საუკეთესო და ყველაზე რეალისტური შედეგი პროდუქტიულობის, ენერგიისა და განწყობის ასამაღლებლად.
„კარგი ამბავი ის არის, რომ ყოველ საათში ხუთწუთიანი გასეირნება სრულიად საკმარისია განწყობის გასაუმჯობესებლად და დაღლილობის შესამცირებლად. ამასთან, ადამიანებმა ეს რეჟიმი რეალისტურად და ადვილად შესასრულებლად მიიჩნიეს“, – აღნიშნა მთავარმა მკვლევარმა კიტ დიასმა.


