1921 წლის 24 თებერვალს გამთენიისას რუსების არტილერიამ (20-მდე ქვემეხი) გახსნა მასირებული ცეცხლი ტაბახმელას ფრონტის 9-ვე სანგრის მიმართულებით … ცენტრში N2 და N3 პოზიციებზე იდგნენ სამხედრო სკოლის შერეული ბატალიონში შემავალი მომავალი სერჟანტები, მათ უკან მაშველში იმყოფებიდა იუნკერთა ასეული (90 კაცი), ხოლო N4 სანგარის იკავებდა არმიის I ბატალიონი, რომლის ხელმარჯვნივ და ცოტათი უკან ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის ბატარეა იდგა.
კოჯრისკენ მიმავალ პოზიციებს ფარავდა გორის X ბატალიონი და სახალხო გვარდიის დანაყოფები. რუსებმა დაიწყეს ფრონტალური იერიში (96-ე ბრიგადა სრულად, 58-ე ბრიგადის 172-ე პოლკი [დანარჩენები მოსპო მაზნიაშვილმა], აღმოსავლეთის კურსანტთა ბრიგადა, 72-ე ცხენოსანი პოლკი, 20-ე დივიზიის ცხენოსანი პოლკი, სომხური საკავალერიო ბრიგადა და რამდენიმე ქვეითი დანაყოფი) და დიდი ენერგიით მოიწევდნენ წინ, რამდენჯერმე ძალიან ახლოს მოვიდნენ სანგრებთან, მაგრამ უკუაგდეს. გადაწყობის და მაშველი ჯარებით შევსების შემდეგ იერიშები ხელახლა იწყებოდა. ნისლმა და კვამლმა დაფარა ბრძოლის ველი, ერთმანეთში ირეოდა რუსული “ურა” და ქართული “ვაშა”, ჯანღში ელავდა არტილერიის გასროლები და აფეთქებების ალი ანათებდა გარემოს.
რუსები იბრძოდნენ განსაკუთრებული ფანატიზმით, არ ერიდებოდნენ დანაკარგებს და ტალღა-ტალღა ასკდებოდნენ ქართულ პოზიციებს. სულისკვეთება იმდენად მაღალი იყო, რომ ბრძოლის ექსტაზში შესული იუნკერი შალვა ერისთავი სანგრიდან ამოვიდა და მტრის თვალწინ ლეკური იცეკვა. სროლების ჩაწყარებისას ქართული სანგრებიდან სიმღერის ხმა ესმოდა მოიერიშე მტერს. განაგრძე კითხვა


