22 მარტს, მოსკოვში, “კროკუს სიტი ჰოლში” მომხდარ ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 137 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტის შედეგად დაღუპულების ახლობლები აქამდე აგრძელებენ დაკარგული ნათესავის ძებნას. გავრცელებული ინფორმაციით, იმ დღეს, კონცერტზე დასასწრებად რომან სოკოლოვი ცოლთან – ირინასთან ერთად მივიდა. მამაკაცი საკუთარ დაბადების დღეს, საყვარელი ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტზე წასვლით აღნიშნავდა.
ტერორისტების ტყვიას ორივე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ქართველია.
“ვფიქრობთ, რომ ისინი მოვლენის შუაგულში აღმოჩნდნენ, – გუშინ დაღუპულთა სიაში ნახეს ირინას მეუღლე რომანი. დღეს კი ირინაც იპოვეს და ამოიცნეს“, – ამბობს რუსულ მედიასთან ოჯახის მეგობარი გიორგი.
როგორც გავარკვიეთ, ირინა და-ძმებმა წლების წინ იპოვეს. “ესეც ჩვენი დაიკო ირინა. უკვე ოთხნი ვართ“, – წერს 2013 წელს გამოქვეყნებულ სტატუსში ირინას თბილისელი და ნინო მამისაშვილი.
მისი თქმით, ირინას ზურგში აქვს მოხვედრილი ტყვია.
“ალბათ, გაქცევის დროს მოხვდა, ხანძარში არ არიან მოყოლილი. ჩემს დას კისერშიც აქვს ჭრილობა, ფილტვები აქვს გახვრეტილი და მკლავში აქვს გამჭოლი ჭრილობა კიდევ. სიძეს კი ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, სავარაუდოდ, გულში. ირინას ამოცნობა გაჭირდა, ფიზიკურად იმდენად დაზიანებული იყო. ფილტვი რომ სკდება, ადამიანი სახეზე შავდება და შესაბამისად, დის ამოცნობა რთული იყო. დნმ-ის ტესტით ამოიცნეს”, – ამბობს ნინო მამისაშვილი “ტვ პირველთან”.
მისი თქმით, რუსეთში დის დაკრძალვაზე ჩასვლა უნდოდა, მაგრამ მოსალოდნელი ტერაქტების და საფრთხეების გამო თავი შეიკავა.
გარდაცვლილებს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ.
მასალის გამოყენების პირობები