თბილისში 2025 წლის პირველ კვარტალში სასტუმროების საშუალო დღიური ფასი (ADR) 88 დოლარიდან 82 დოლარამდე შემცირდა, ხოლო ნომრების დატვირთულობის მაჩვენებელი თითქმის უცვლელი — 39.7% დარჩა. ამის შესახებ საუბარია Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის ბაზრის მიმოხილვაში.
სრულიად საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა ბათუმში, სადაც როგორც საშუალო ფასმა, ასევე დატვირთულობამ მოიმატა. კერძოდ, ბათუმის სასტუმროებში ნომრების დატვირთულობა 40.1%-დან 49.8%-მდე გაიზარდა, ხოლო საშუალო დღიურმა ფასმა 75 დოლარიდან 78 დოლარამდე მოიმატა. Galt & Taggart-ის შეფასებით, ეს ზრდა ძირითადად ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორების მომატებულმა ნაკადმა განაპირობა.
Airbnb-ის პლატფორმის მონაცემებიც ამ განსხვავებულ ტენდენციებს ადასტურებს: თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა მცირედით გაიზარდა (+0.8%, 115.5 ათას ღამემდე), თუმცა საშუალო ღამის ფასი 3.9%-ით შემცირდა და 48 დოლარი შეადგინა. ბათუმში კი, პირიქით, გაიზარდა როგორც მოთხოვნა (+3.8%, 41.9 ათასი ღამე), ასევე საშუალო ღამის ფასიც (+12.0%, 34 დოლარამდე).
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ზოგადი ზრდისა ტურიზმის სექტორში, რეგიონებში ფასწარმოქმნისა და დატვირთულობის ტენდენციები მნიშვნელოვნად განსხვავდება.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია