პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი თანამედროვე ტექნოლოგიური ექსპანსიისა და ციფრული სივრცის უკონტროლო მოხმარების პრობლემზე საუბრობს:
„კარგად მესმის, რომ ამ ინიციატივის საჯაროდ გაჟღერება გამოიწვევს არაერთი არასრულწლოვნის და შესაძლოა, მშობელთა გარკვეული ნაწილის მწვავე უკმაყოფილებასაც. თუმცა, როდესაც სასწორზე სახელმწიფოსა და მომავალი თაობის ფიზიკური თუ კოგნიტური გადარჩენის საკითხი დევს, პოპულიზმი და საყოველთაო მოწონების ძიება დანაშაულია. სიმართლე ხშირად არაკომფორტულია, მაგრამ ჩემი, როგორც პოლიტოლოგის ვალია, მოვლენებს დავარქვა თავისი სახელი და არა ის, რის მოსმენაც უმრავლესობას სურს.
თანამედროვე ტექნოლოგიური ექსპანსიისა და ციფრული სივრცის უკონტროლო მოხმარების ფონზე, უმწვავეს პრობლემად იკვეთება სწორედ მომავალი თაობის ფსიქოემოციური უსაფრთხოება. საქმე გვაქვს არა უბრალოდ დისციპლინარულ გადაცდომასთან, არამედ მძიმე ნეიროფსიქოლოგიურ კრიზისთან. ადრეულ ასაკში ადამიანის გონება განსაკუთრებით მგრძნობიარეა ხელოვნური დოფამინური სტიმულების მიმართ. ეკრანული დამოკიდებულება მიზანმიმართულად ანგრევს კონცენტრაციის უნარს, იწვევს სააზროვნო ვაკუუმის წარმოქმნას და სრულად ადეგრადირებს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების პოტენციალს.
სწორედ ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალურ ქსელებში რეგისტრაციას კანონით აკრძალავს, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილური მოწყობილობების გამოყენებას მკაცრ ინსტიტუციურ ჩარჩოებში მოაქცევს.
ცხადია, მხოლოდ აკრძალვა სუსტი არგუმენტია, თუ არ განისაზღვრება მისი აღსრულების მექანიზმები. აუცილებელია, პლატფორმებს დაეკისროთ ასაკობრივი იდენტიფიკაციის ეფექტიანი და მკაცრი სისტემების დანერგვის ვალდებულება. ამავდროულად, რეგულაცია უნდა ეფუძნებოდეს არა ცალმხრივ შეზღუდვას, არამედ მშობლის უშუალო თანამონაწილეობასა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
რაც შეეხება სასკოლო სივრცეს, სკოლა ფაქტობრივად წარმოადგენს უკანასკნელ ინსტიტუციურ სივრცეს, სადაც სახელმწიფოს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს კონცენტრირებული, არამანიპულირებული საგანმანათლებლო გარემო. სკოლა, თავისი არსით, უნდა იყოს აკადემიური ფოკუსირების ხელშეუხებელი არეალი და არა ციფრული ქაოსის პოლიგონი. თუმცა, მხოლოდ შეზღუდვებით ფონს ვერ გავალთ, აუცილებელია ალტერნატივის შეთავაზებაც. სკოლებში ინსტიტუციურ დონეზე უნდა განვითარდეს ციფრული ჰიგიენისა და მედიაწიგნიერების სპეციალური პროგრამები, რათა მოზარდმა შეძლოს ინფორმაციული ნაკადების გაფილტვრა და რეალობის ადეკვატური აღქმა.
როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე, სწორედ მსგავსი, რაციონალური და ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პრაქტიკის გადმოღებაა აუცილებელი. არაერთი ევროპული თუ აზიური სახელმწიფო უკვე აქტიურად ნერგავს სკოლებში სმარტფონების შეზღუდვისა და მოზარდთა ციფრული დეტოქსიკაციის მექანიზმებს. ჩვენ უნდა გავიზიაროთ ის დასავლური პრაქტიკა, რომელიც იცავს საზოგადოებას და არა ის, რაც ხელს უწყობს მის მარგინალიზაციას.
ეს საკითხი ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და პირდაპირ უკავშირდება გეოპოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ განზომილებას. ინფორმაციული გარემოს კონტროლი წარმოადგენს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ფუნდამენტურ ნაწილს. როდესაც ჩვენ ვკარგავთ კონტროლს მომავალი თაობის ცნობიერების ფორმირებაზე სხვადასხვა უცხოური ალგორითმების სასარგებლოდ, ჩვენ ვთმობთ ჩვენს სუვერენიტეტს. გარდა ამისა, სავალდებულოა გავიაზროთ სოციალური უთანასწორობის კუთხეც. პრაქტიკა აჩვენებს, რომ უკონტროლო ციფრული მოხმარება ყველაზე მძიმე დარტყმას სწორედ სუსტად კონტროლირებად და მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს აყენებს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებრივ დეგრადაციას და აფართოებს უფსკრულს განათლების ხარისხს შორის.
ბუნებრივია, ეს ფორმატი არ წარმოადგენს საიმისო პლატფორმას, რომ სრულფასოვანი იურიდიული და ტექნიკური დეტალური პოლემიკა გავმართოთ. ეს არის კონცეპტუალური ხედვა და პოლიტიკური აქცენტი იმ პრობლემაზე, რომლის იგნორირებაც ეროვნული ინტერესების ღალატის ტოლფასია. დაყოვნების ყოველი წელი ზრდის იმ თაობის რაოდენობას, რომლის კოგნიტური პოტენციალი სისტემურად ზიანდება. სახელმწიფოს აქვს პირდაპირი ვალდებულება, დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტელექტუალური პოტენციალი და ეს პროცესი საჭიროებს დაუყოვნებლივ, მკაცრ პოლიტიკურ ნებას.“
ირაკლი ყიფიანი


