პანკრეასის და კოლორექტული (მსხვილი ან წვრილი ნაწლავის) კიბოების მკურნალობა რთულია და თითოეულ მათგანს მკურნალობის შემდეგ წლებში რეციდივის მაღალი მაჩვენებელი აქვს.
ახალი ვაქცინა, სახელად ELI-002 2P ახალ იმედს აჩენს ამ სასტიკი დაავადებით დაავადებულთათვის; ყოველ შემთხვევაში, ასე აჩვენა უახლესმა კლინიკურმა ცდებმა.
აშშ-ის სხვადასხვა ინსტიტუციის მკვლევართა მიერ შექმნილი ეს ვაქცინა მიზანში იღებს მუტაციებს KRAS გენში. ეს მუტაციები გვხვდება პანკრეასის კიბოს შემთხვევათა 93 პროცენტში და კოლორექტული კიბოს შემთხვევათა 50 პროცენტში.
მიმწოდებელ სისტემასთან შეწყვილებით, რომელსაც ვაქცინის აქტიური აგენტი პირდაპირ ლიმფურ კვანძებში მიაქვს, პრეპარატი ისეა შექმნილი, რომ ზუსტად იღებს მიზანში იმუნური სისტემის იმ ნაწილებს, სადაც სხვადასხვა იმუნური უჯრედებია თავმოყრილი.
„ამაღელვებელი მიღწევაა KRAS-ით გამოწვეული კიბოს პაციენტებისთვის, განსაკუთრებით პანკრეასის კიბოსი, სადაც მკურნალობის შემდეგ რეციდივი თითქმის მოცემულობაა და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები შეზღუდულია“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ონკოლოგი ზევ ვაინბერგი.
ვაქცინა დატესტეს პანკრეასის კიბოსგან გამოჯანმრთელებულ 20 პაციენტზე და კოლორექტული კიბოსგან გამოჯანმრთელებულ ხუთ პაციენტზე. კიბოს მოსაცილებლად ყველა მათგანს ქირურგიული ჩარევა ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ შემდეგი ტესტები აჩვენებდა ნიშნებს იმისა, რომ დიდი ალბათობით, კიბო კვლავ ბრუნდებოდა.
ვაქცინის ინიექციათა სერიების შემდეგ, შედეგები დადებითი აღმოჩნდა — ინდივიდთა 84 პროცენტს სხეულში განუვითარდა მუტანტი KRAS-ისადმი სპეციფიკური T-ლიმფოციტები, რომლებიც მზად იყვნენ, შებრძოლებოდნენ ამ გენის მუტირებულ პროდუქტებს; მონაწილეთა 24 პროცენტს კი სრულიად გაუქრა სიმსივნის კვალი.
მათ, ვისაც ყველაზე ძლიერი იმუნური პასუხი განუვითარდათ, 24-დან 17-ს, ბოლო შემოწმებისას, საშუალოდ თითქმის 20 თვის შემდეგ, კიბო საერთოდ აღარ ჰქონდათ. ასეთი აგრესიული კიბოს კვალობაზე, ასეთი სტატისტიკა შთამბეჭდავია.
„პაციენტები, რომლებსაც ვაქცინისადმი ძლიერი იმუნური პასუხი განუვითარდათ, კიბოსგან გათავისუფლდნენ“, — ამბობს ვაინბერგი.
კვლევაში მონაწილე ყველა ადამიანში რეციდივისგან თავისუფალი გადარჩენის საშუალო მაჩვენებელი 16,33 თვე იყო, ხოლო საერთო გადარჩენის საშუალო მაჩვენებელი 28,94 თვე — გაცილებით მეტი, ვიდრე ამ სახის კიბოების დროს არის მოსალოდნელი.
შედეგები კიდევ უფრო უკეთესია იმ თვალსაზრისით, რომ ELI-002 2P არის ე. წ. გამზადებული ვაქცინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სტანდარტული პრეპარატია და არ საჭიროებს თითოეულ პირზე მორგებას (პროცესი, რომელსაც დიდი დრო და გამოცდილება სჭირდება).
რისკებისა და სარგებლის სრულად შესაფასებლად დამატებითი ცდები და ტესტირებაა საჭირო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ პანკრეასის და კოლორექტული კიბოს რეციდივისა და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებს, ამ ცდით უკვე გვაქვს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ამ ვაქცინამ ადამიანებს შეიძლება სიცოცხლე მრავალი წლით გაუხანგრძლივოს.
მკვლევრებმა ასევე იხილეს დადებითი ნიშნები იმისა, რომ ვაქცინა იმუნურ სისტემას კიბოს სხვა ტიპის მუტაციებთან საბრძოლველადაც წვრთნის; შესაბამისად, არსებობს პოტენციალი, რომ ის უფრო მეტად გამოსადეგი პრეპარატი გახდეს.
„KRAS მუტაცია დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა რთულ გამოწვევად კიბოს მკურნალობაში. ეს კვლევა აჩვენებს, რომ ELI-002 2P ვაქცინას შეუძლია უსაფრთხოდ და ეფექტიანად გაწვრთნას იმუნური სისტემა კიბოს გამომწვევი მუტაციების ამოცნობასა და მათთან ბრძოლაში. ის იმედისმომცემ მიდგომას გვთავაზობს, რომლითაც წარმოვქმნით მდგრად იმუნურ პასუხს მთლიანად პერსონალიზებული ვაქცინების კომპლექსურობისა და სიძვირის გარეშე“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ონკოლოგი ზევ ვაინბერგი.
კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია uclahealth.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.