საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის საავადმყოფოს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Accreditaion Canada“-ის პლატინის ხარისხის ლიცენზია მიენიჭა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
კლინიკას ჯილდო გადასცეს ორგანიზაცია „Accreditaion Canada“-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე ტარასოვამ (კანადა) და ამავე ორგანიზაციის ევროპული განვითარების მენეჯერმა, იულია შჩერბინამ (იტალია). მათ დადებითად შეაფასეს საპატრიარქოს საავადმყოფოს მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომელთა გათვალისწინებითაც დაკმაყოფილდა სერტიფიცირების მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის საავადმყოფოს ხელმძღვანელს, ვეფხვია ოდიშარიას, სამედიცინო პერსონალს და ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს იმ დიდი შრომისთვის, რაც გასწიეს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებისა და დანერგვისათვის.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარემ და „Accreditaion Canada“-ის წარმომადგენელმა საქართველოში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ, ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი სერტიფიკატის მქონე საავადმყოფოს არსებობას. მისივე განცხადებით, საპატრიარქოს წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ და პერსონალმა უდიდესი ძალისხმევით მიაღწიეს დამსახურებულ საერთაშორისო აღიარებას და გამოთქვა იმედი, რომ სხვა კლინიკებიც აქტიურად ჩაერთვებიან სერტიფიცირების პროცესში, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ „Accreditaion Canada“-ის აღიარება მსოფლიო მასშტაბით 14000 საავადმყოფოს აქვს, ხოლო საქართველოში 287 საავადმყოფოდან 9-ს. სასიხარულოა, რომ ამ ორგანიზაციის პლატინის ლიცენზია მოიპოვა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფომაც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.