საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.
„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), ოთხი კომპანიის მიერ („ავერსი“, „გეფა“, „პსპ“, „მერმისი“) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც ოთხი კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები ერთი თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.
სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს: 23 შემთხვევას ორი კომპანიის მონაწილეობით; 47 შემთხვევას სამი კომპანიის მონაწილეობით; 18 შემთხვევას ოთხი კომპანიის მონაწილეობით.
„ავერსის“ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, „გეფას“ („ჯი პი სი“, „ფარმადეპო“) შემთხვევაში, ასევე 74 ფაქტს, „პსპ“-ს შემთხვევაში, 81 ფაქტს და „მერმისის“ შემთხვევაში, 29 ფაქტს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა.
„შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში, 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ: „ავერსს“ 14 402 425 ლარი; „გეფას“: 20 349 336 ლარი; „პსპ“-ს 17 094 872 ლარი; „მერმისს“ 951 301 ლარი“, – აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად, პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს. სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა.
„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ხუთი კომპანიის – „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“, „მერმისი“ და „ეს კა იმპექსის“ მიმართ აწარმოებდა. საკითხის შესწავლის პროცესში, „ეს კა იმპექსის“ მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა. 2023 წელს სააგენტომ დაასრულა შვიდი მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, ერთ შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, ერთ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, ხუთ შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს. ამ დროსთვის, სააგენტო სამ საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს – კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით“, – ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
რა განცხადებას ავრცელებს აღნიშნულზე ჯანდაცვის სამინისტრო?
უწყების ინფორმაციით, გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები, ასევე, გამოვლინდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
“კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, “პსპ ფარმა“, “ავერსი“ “ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დააჯარიმა.
მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კერძოდ “პსპ ფარმამ“, “ავერსმა“ “ფარმადეპომ“ “ჯიპისიმ“ და “მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები წარადგინეს.
ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა და მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა.
დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები და იდენტური ფასები მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ იყო ამოქმედებული;
გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები;
გამოვლინდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე (დეპაკინი ხრონო), ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები.
ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. უწყებას თითოეულ დარღვევაზე ექნება მკაცრი რეაგირება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.