ფიტნეს ინსტრუქტორი და საქართველოში პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი ვალიტა გორელჩანიკი
— ვალიტა, მოგესალმებით. როგორც ვიცი, ახლახან დაასრულეთ ნახევარწლიანი კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა სპორტული ადაპტოლოგიის მიმართულებით. გაგვიზიარეთ, რა სიახლეები შეიტყვეთ?
— გამარჯობა. დიახ, ამ მეთოდის გაცნობა ჯერ კიდევ 2018 წლიდან მინდოდა, რადგან პროფესორი ვიქტორ სელუიანოვი, რომელმაც ეს მეთოდოლოგია შეიმუშავა, ჩემთვის ყოველთვის იყო ავტორიტეტული და ობიექტური მეცნიერი ამ დარგში.
რაც შეეხება „სიახლეებს“ — დღეს უამრავი მეთოდი არსებობს და თითოეული საკუთარ სიმართლეს საკმაოდ მყარი არგუმენტებით ასაბუთებს. თეორიაში ყველაფერი ლოგიკურად ეწყობა, მაგრამ როცა პრაქტიკაზე გადავდივართ, ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები ბევრ სისტემას ანგრევს და მათ ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
სელუიანოვის სპორტული ადაპტოლოგიის მეთოდი ერთ-ერთია იმ იშვიათ მეთოდთაგან, რომელიც სხვადასხვა სპეციალიზაციის სპორტსმენებზე მუშაობს — სპრინტერებზე, მარათონელებზე, ძალოსნებზე და იმ ადამიანებზეც კი, ვისაც მძიმე ტრავმის შემდეგ ექიმებმა სპორტისთვის თავის დანებება ურჩიეს.
ამ მიდგომის განსხვავება ვლინდება როგორც სავარჯიშო სისტემის სტრუქტურაში, ისე მიზნების სწორად დასახვაში.
უპირველეს ყოვლისა, ეს არის სპორტსმენის შესწავლა და მისი მალიმიტირებელი ფაქტორების გამოვლენა. ამის საფუძველზე იწყობა ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა, რომელშიც დატვირთვის მოცულობა და ინტენსივობა ზუსტად შეესაბამება სპორტსმენის შესაძლებლობებს.
ახლა რამდენიმე შედარება კლასიკურ მეთოდებსა და სპორტულ ადაპტოლოგიას შორის.
პირველი განსხვავება საწყის წერტილშია. კლასიკური მიდგომა ემპირიულია: ის ეფუძნება წარმატებული მწვრთნელების გამოცდილების განზოგადებას და პედაგოგიურ კანონზომიერებებს. ადაპტოლოგია კი ბიოლოგიიდან იწყება — ორგანიზმის მოდელებიდან (კუნთი, გული, ენდოკრინული სისტემა), და წვრთნა პირდაპირ ფიზიოლოგიიდან გამომდინარეობს.
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი განსხვავება თავად სავარჯიშო პროგრამის გაგებაა. კლასიკურ მიდგომაში ეს არის სავარჯიშოების, მოცულობებისა და ინტენსივობების ნაკრები, განაწილებული პერიოდების მიხედვით. სპორტულ ადაპტოლოგიაში კი პროგრამა უჯრედული სტრუქტურების — მიოფიბრილებისა და მიტოქონდრიების — სინთეზის განრიგია: დატვირთვის სიხშირეს ქსოვილების აღდგენისა და სუპერკომპენსაციის ვადები განსაზღვრავს.
მესამე განსხვავება ფიზიკურ თვისებებს ეხება. კლასიკურ თეორიაში ძალა, გამძლეობა, სისწრაფე, მოქნილობა და მოხერხებულობა დამოუკიდებელ „თვისებებად“ განიხილება. ადაპტოლოგიისთვის კი ისინი მორფოლოგიის შედეგია: ძალას განსაზღვრავს მიოფიბრილების რაოდენობა კუნთოვან ბოჭკოებში, გამძლეობას — მიტოქონდრიების რაოდენობა ოქსიდაციურ და გლიკოლიზურ ბოჭკოებში; მნიშვნელოვანია ასევე გულის ზომა და კუნთოვანი ბოჭკოების შემადგენლობა.
რა თქმა უნდა, ძველი მეთოდების ბევრი მომხრე იტყვის: „როცა სპორტსმენს ძალაზე ვავარჯიშებ, მისი ორგანიზმი ავტომატურად ახდენს ფიზიოლოგიურ გადაწყობას: თეთრი ბოჭკოები რეკრუტირდება და ჰიპერტროფირდება, გულიც დატვირთვის შესაბამისად იცვლება“ და ა.შ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ყოველთვის ასე არ ხდება. აქ მნიშვნელოვან როლს კომპენსატორული მექანიზმები თამაშობს. როცა ორგანიზმი მისთვის გადაჭარბებულ, სტრესულ დატვირთვაში ხვდება, ის გადარჩენას ცდილობს და მუშაობას რეზერვების ხარჯზე აგრძელებს — ანუ რეალურ შესაძლებლობებზე მეტს ხარჯავს. ეს ორგანიზმის ცვეთას იწვევს, რასაც დროთა განმავლობაში უარყოფითი შედეგები მოჰყვება: ტრავმები, მყესების დაზიანება, ხოლო ხანგრძლივ პერსპექტივაში — გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების რისკიც.
მოდით, მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ორ სპორტსმენს ერთი და იგივე დავალება ეძლევა — 60 ნახტომი. ერთი დაღლას მხოლოდ ბოლო ათ ნახტომზე გრძნობს, მეორე კი უკვე 35-ე ნახტომზე იღლება, მაგრამ აგრძელებს, რადგან მწვრთნელმა ორივეს ერთნაირი მოცულობა და ინტენსივობა მისცა. მეორე სპორტსმენი გაცილებით მაღალი სტრესის პირობებში მუშაობს: მისი ორგანიზმი ამ სტრესს კომპენსატორული მექანიზმების გააქტიურებით ებრძვის, ხოლო დანაკარგის აღდგენას იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მწვრთნელმა დაგეგმა. ასეთი მწვრთნელი მუშაობს შაბლონით, რომელშიც არასოდეს შეუტანია კორექტივები — ის სპორტსმენს ცვეთს და ამას ვერც კი ამჩნევს.
რას გააკეთებდა ამ შემთხვევაში მწვრთნელი, რომელიც სპორტული ადაპტოლოგიით ხელმძღვანელობს? ის ერთი კატეგორიის ორ სპორტსმენს ერთსა და იმავე დავალებას მისცემდა და დაკვირვებით დაადგენდა, რომელი მათგანი შევიდა უფრო ადრე დაღლის ფაზაში. შემდეგ გააჩერებდა უფრო დაღლილ სპორტსმენს, პორტატული ანალიზატორით გაუზომავდა ლაქტატის კონცენტრაციას სისხლში (რაც მჟავიანობის, ანუ წყალბადის იონების დაგროვების, ირიბი მაჩვენებელია), გააანალიზებდა პულსომეტრის მონაცემებს და შედეგების მიხედვით შეუცვლიდა ინტენსივობასა და მოცულობას, ასევე გაუზრდიდა დასვენების ინტერვალებს. შემდგომ, თანდათანობითობის პრინციპით, ნელ-ნელა გაზრდიდა დატვირთვას და იმუშავებდა ზუსტად იმ მალიმიტირებელ ფაქტორებზე, რომლებიც ამ სპორტსმენს აქვს.
სწორედ ეს არის განსხვავება ადაპტოლოგიურ და კლასიკურ მიდგომებს შორის.
თუნდაც პერიოდიზაციის კლასიკური მოდელი ავიღოთ: მაკრო-, მეზო- და მიკროციკლები, დატვირთვის ტალღისებრობა, სპორტული ფორმის „პიკი“ მატვეევის სქემით — ეს მოდელი სპორტსმენის ინდივიდუალურ თავისებურებებს სათანადოდ არ ითვალისწინებს. სპორტულ ადაპტოლოგიაში კი ციკლები ბიოლოგიური ვადების მიხედვით იგება: მიოფიბრილების ჰიპერპლაზიას დაახლოებით 2–4 კვირა სჭირდება, მიტოქონდრიებისას — 1–2 კვირა; მხედველობაში მიიღება ჰორმონული რესურსებიც. აქ არ არსებობს დოგმა „ჯერ ზოგადმოსამზადებელი, შემდეგ სპეციალური“.
— ძალიან საინტერესოა. მაგრამ რამდენად გადაეწყო საქართველოში სხვადასხვა სასწავლებელი ახალ ინფორმაციაზე?
— ვერ გეტყვით, არ ვიცი — არ ვადევნებ თვალს, ვინ რას ასწავლის. ჩემთვის მთავარია, ჩემი აკადემიის კურსდამთავრებულებმა მაქსიმალურად ახალი და, რაც მთავარია, ვალიდური და ობიექტური ცოდნა მიიღონ. ამ სფეროში ბევრი სიახლე ჩნდება, ინტერნეტში უამრავი კვლევა ქვეყნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ობიექტური და რელევანტურია. ზოგჯერ ერთ თემაზე წელიწადში რამდენიმე კვლევა გამოდის და ისინი შინაარსობრივად ერთმანეთს ეწინააღდეგება. ამხელა ინფორმაციის გაანალიზება და ერთ დიდ დასკვნაში მოქცევა მართლაც რთულია.
ავტორი :ვალიტა გორელჩანიკი
