ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა და გამოჩნდა დედათა სიკვდილიანობის შემცირების დადებითი ტენდენციებიც.
აღნიშნული კი სწორედ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შედეგია, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაორმაგდა ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა ორსულებისთვის; დაიწყო მშობიარობის შემდგომი ვიზიტის და ფსიქოლოგის კონსულტაციის დაფინანსება. დედათა და ბავშვთა პროგრამას დაემატა გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე სკრინინგი. პროგრამის წარმატების მაჩვენებელია ანტენატალური ვიზიტებით მაღალი მოცვა (95%).
„პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2025 წელს დაიწყო, დიდი აქცენტი კეთდება ბავშვთა ადრეული განვითარების ზედამხედველობაზე, პჯდ ექიმების პირდაპირი მოვალეობა ხდება 18 წლამდე ასაკის მოზარდების ინფორმირებულობა ქცევით რისკ-ფაქტორებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ა.შ.
განხორციელდა ანტენატალური და პერინატალური დაწესებულებების რეგიონალიზაცია. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინდიკატორები არა მარტო ჯანდაცვის სისტემის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფასების ინსტრუმენტია“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

