ახალი შტამი NB.1.8.1 („ნიმბუსი“) — როგორია კლინიკური სურათი და რაზე უნდა ვიყოთ ყურადღებით?
ბოლო თვეების განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამი NB.1.8.1, რომელსაც ფართო საზოგადოება ხშირად „ნიმბუსის“ სახელით იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შტამი უკვე დაფიქსირდა მრავალ რეგიონში, საქართველოში მისი ცირკულაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
რამდენად მძიმეა „ნიმბუსის“ კლინიკური მიმდინარეობა?
ინფექციური დაავადებების სპეციალისტის, ალექსანდრე გოგინავას, თქმით, NB.1.8.1 გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი გადამდებლობით, თუმცა დამძიმებული კლინიკური მიმდინარეობა არ აღენიშნება. მისი სიმპტომები სხვა „ომიკრონის“ ქვეშტამების ნიშნების მსგავსია, მაგრამ გამოირჩევა გარკვეული ნიუანსებით.
ძირითადი სიმპტომები:
-
ყელის ტკივილი (გამოკვეთილად უფრო ხშირია)
-
ცხვირის გაჭედვა და გამონადენი
-
სხეულის ტკივილი – სახსრებისა და კუნთების დონეზე
-
სიცხე
-
კუჭ-ნაწლავის ჩივილები (30-40% შემთხვევებში):
-
დიარეა
-
მუცლის ტკივილი
-
შებერილობა
-
ვისთან არის შტამი განსაკუთრებით რისკიანი?
როგორც ექიმი განმარტავს, რისკის ჯგუფში რჩებიან:
-
ხანდაზმულები
-
ორსულები
-
ქრონიკული დაავადებების მქონე პირები
რა ვითარებაა ამ ეტაპზე საქართველოში?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული არ არის, რომ „ნიმბუსის“ შტამი ცირკულირებს საქართველოში. სპეციალისტების შეფასებით, ამჟამად „კოვიდის“ გავრცელების მაჩვენებელი დაბალია და რეგისტრირებული შემთხვევების უმრავლესობა წარმოადგენს „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამს, რომელთა კლინიკური მიმდინარეობა პრაქტიკულად იდენტურია.
რატომ მიექცა ყურადღება NB.1.8.1-ს?
მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს შტამი გამოყოფილია და ყურადღების ცენტრში მოექცა, არის მისი განსაკუთრებული გადამდებლობა. სიმძიმის კუთხით იგი არ გამოირჩევა და არ წარმოადგენს დამატებით საფრთხეს სხვა ქვეშტამებთან შედარებით.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ნიმბუსი – იგივე NB.1.8.1 – დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი SARS-CoV-2 ვარიანტია.
„მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ნიმბუსი – იგივე NB.1.8.1 – დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი SARS-CoV-2 ვარიანტია. იგი უკვე აღიარებულია „განსახილველ ვარიანტად“ (VUM) და შედის XBB ქვე-ხაზის ჯგუფში“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
ევროპის მონაცემები აჩვენებს მყარ ზრდას:
- ნიმბუსი (KP.3 / NB.1.8.1) უკვე ევროპაში გავრცელებული ინფექციების დაახლოებით 20–25%–ს შეადგენს;
- ზოგიერთ რეგიონში – განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში – ზრდა საგრძნობლად აჩქარებულია;
- ვარიანტი დომინანტურია XBB.1.5-ის, KP.2-ის და JN.1-ის შემცირების ფონზე;
- რეკომბინაციური წარმომავლობა (JN.1 + FLiRT) ზრდის მის გადაცემადობას და ნაწილობრივ იმუნურ სისტემასაც უქმნის გამოწვევებს.
რატომ არის საშიში?
KP.3-თან მსგავსად, ნიმბუსი იწვევს სიმპტომებს, რომლებიც ხშირად ალერგიას წააგავს: ცხვირიდან გამონადენი, ყელის მსუბუქი ტკივილი, ქავილი თვალებში. ამიტომ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ვერც კი ხვდება, რომ კოვიდი აქვს – და სწორედ აქ იმალება რეალური რისკი.
ტესტირების აქტივობა ბევრ ქვეყანაში შემცირებულია, რაც რეალური სტატისტიკის დაფარვას იწვევს. ექსპერტების შეფასებით, ნამდვილი გავრცელება შეიძლება ოფიციალურ მონაცემებზე 2-3-ჯერ მაღალი იყოს.
დასკვნა:
მიუხედავად იმისა, რომ NB.1.8.1 (ნიმბუსი) ახალი ქვეშტამია და სწრაფად ვრცელდება, პანიკის საფუძველი არ არსებობს. სიმპტომები მეტწილად მსუბუქია და დაავადება იდენტურად მიმდინარეობს, როგორც სხვა ომიკრონის ვარიანტების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მიდგომა, ჰიგიენის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში ტესტირება, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირებისთვის.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi