#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
მადლიერი პაციენტი:
„2019 წლის 10 მაისს „ა. ყამბარაშვილის კლინიკაში’’ გამიკეთდა საკეისრო კვეთა. უპირველეს ყოვლისა მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ბატონი ავთანდილის მიმართ, მისმა პროფესიონალიზმმა მოლოდინს გადააჭარბა, ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეც და ჩემი პატარაც ვყოფილიყავით ყველაზე კარგად, ღმერთმა დიდხანს და ყველაზე ჯანმრთელად გვიმყოფოს მისი თავი.
ასევე უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო საოპერაციო ბრიგადის მიმართ, ეთერი ექიმის ოქროს ხელების წყალობით ანესთეზიამ ჩაიარა არაჩვეულებრივად, ბრიგადა იყო სრულად მობილიზებული .
მადლობა თითოეულ ექთანს, დამხმარე პერსონალს, რომლებმაც უდიდესი ყურადღება გამოხატეს ჩემს მიმართ, საუკეთესოები არიან!
„ა. ყამბარაშვილის კლინიკამ’’ გვაჩუქა ის ბედნიერი წუთები, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება. მეამაყებით და მეიმედებით!“
ელენე ერგემლიძე
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
მამაკაცის უნაყოფობის მიზეზები
რა იწვევს ყველაზე ხშირად უნაყოფობას მამაკაცებში
საუბრობს რეპროდუქტოლოგი, პროფესორი ნინო მუსერიძე გადაცემაში “ნამდვილი ექიმები”:
„გენეტიკურ ფაქტორებთან, სხვადასხვა დაავადებასა და ინფექციებთან ერთად საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ცხოვრების წესს: უმოძრაობას, ჭარბ წონას, სტრესებს, ალკოჰოლს, ნიკოტინს, მარიხუანას, კლუბურ ნაროტიკს და ა.შ.“
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.
ახალი ინფექციური საავადმყოფო 82 საწოლზე იქნება გათვლილი და შენობაში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გადავა. ადგილზევე განთავსდება ბავშვთა ინფექციური განყოფილებაც, რის შედეგადაც, ნებისმიერ პაციენტს თანამედროვე სტანდარტების მომსახურების მიღება შეეძლება.
ასევე, ახალ შენობაში თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებებიც მოეწყობა. მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფო ახალი მისამართზე ლუბლიანის 70-ში განთავსდება.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
„შენი პულსი” ქმნის ახალ პლატფორმას „შენი უფლებები”, რომელიც სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
უკვე არაერთი წელია, ექიმთა უფლებებს იცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრი, დოქტორანტი, ნინო ენდელაძე.
ის ჩვენთან რეგულარულად ითანამშრომლებს და ექიმთა უფლებების შესახებ არაერთ საინტერესო “ქეისსა” თუ ინფორმაციას გააცნობს საზოგადოებას:
“ეს საკითხი აქტუალური და მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას დღემდე არ აქვს სრული ინფორმაცია, თუ რას აკეთებს მედპერსონალი სამედიცინო დაწესებულებებში; რამხელა შრომა და პროფესიონალიზმი დგას თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტის უკან.
ამ მიმართულების შექმნის ძირითადი მიზანია, მედპერსონალის საქმიანობისა და მათი უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამ სფეროში 2013 წლიდან ვარ და დამერწმუნეთ, ხშირად მედპერსონალის საქმიანობაზე პაციენტებს და საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია აქვთ. ამიტომ, ამ პლატფორმაზე განვიხილავთ მხოლოდ რეალურ, კონკრეტულ ამბებს ექიმების სამედიცინო საქმიანობის ყოველდღიური პრაქტიკიდან.
2025 წლიდან სამედიცინო სფერო გადადის საერთაშორისო აკრედიტაციაზე, ამიტომ დროა, რეალურად დავიწყოთ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება.
როდესაც ვითხოვთ სამედიცინო მომსახურების მაღალ სტანდარტს, უნდა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და ეს პროცესი დავიწყოთ ექიმების უფლებების დაცვით.
ხშირად ექიმმა არ იცის საკუთარი უფლებები, რის გამოც ის დაუცველია. ჩვენი მიზანია, პრაქტიკული სტატიებითა და ბლოგებით სამედიცინო პერსონალს საკუთარი უფლებების დაცვაში დავეხმაროთ.
„შენი უფლებების” ძირითადი წყარო სამედიცინო სექტორის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობა და მათი ყოველდღიური კითხვები იქნება. ამიტომ, მოგვწერე სამედიცინო სფეროში 《შენი》 პრობლემის ან საქმიანობის შესახებ და ჩვენ გეტყვით, თუ რისი უფლება გაქვს 《შენ》…
მიგვაჩნია, რომ მედპერსონალისთვის საკუთარი უფლებების გაცნობა და მათი დაცვა პირდაპირ პროპორციულიად აისახება პაციენტებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.”- აცხადებს ნინო ენდელაძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech იმედებს ამყარებს კიბოს სამკურნალო წამლის გამოშვებაზე. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
კომპანიამ Pfizer-თან თანამშრომლობით კოვიდ-19-ის ვაქცინა შექმნა. კომპანიამ 20 მარტს განაცხადა, რომ კომპანიის სრული ძალისხმევა ამიერიდან კიბოს საწინააღმდეგო წამლის შემუშავებაზე გადავა.
კომპანიის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, BioNTech-ის შემოსავალმა 4 მილიარდამდე ევრო შეადგინა 2023 წელს, რაც სამი მეოთხედით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. სუფთა მოგება აქედან 930.3 მილიონი ევროა, რაც 90%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე ჰქონდა კომპანიას.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
კოვიდ-19-მა გამოიწვია მსოფლიოში ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირება 1,6 წლით პანდემიის პირველი ორი წლის განმავლობაში.
მასშტაბური კვლევის თანახმად, Covid-19-ის პანდემიამ სიცოცხლის საშუალო სავარაუდო ხანგრძლივობა 1.6 წლით შეამცირა. მაჩვენებელმა პირველი ორი წლის განმავლობაში გლობალურად დაიკლო. ცვლილება მეცნიერთათვის მოსალოდნელზე მასშტაბური აღმოჩნდა.
„მსოფლიოში მოზარდებისთვის, Covid-19-ის პანდემიამ უფრო ღრმა გავლენა მოახდინა, ვიდრე ნახევარ საუკუნეში დაფიქსირებულ ნებისმიერ მოვლენას, მათ შორის კონფლიქტებსა და სტიქიურ უბედურებებს“, – თქვა ოსტინ შუმახერმა, IHME-ის მკვლევარმა და The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის წამყვანი ავტორი. .
IHME-ს მონაცემებით, სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა ათწლეულების განმავლობაში მატულობდა. შესაბამისად, პანდემიის პერიოდი ამ მხრივ გარდამტეხი აღმოჩნდა.
ნაშრომი ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.
„Covid-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ზრდასრულ მოსახლეობაზე იმაზე დიდი გავლენა იქონია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მოვლენამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში, იქნება ეს კონფლიქტები თუ ბუნებრივი კატასტროფები”, — განაცხადა ოსტინ შუმახერმა, IHME-ს მეცნიერმა და ნაშრომის მთავარმა ავტორმა.
კვლევის ფარგლებში 204 ქვეყანა და ტერიტორია გააანალიზეს. 2020-2021 წლებში სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა მათ 84%-ში შემცირდა. მკვლევრების თქმით, ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ გამანადგურებელი გავლენა შეიძლება იქონიოს ხალხზე ახალმა ვირუსმა.
ამ დროის განმავლობაში 15 წელს ზემოთ ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 22%-ით გაიზარდა კაცების შემთხვევაში, ქალებში კი — 17%-ით.
მეხიკო, პერუ და ბოლივია იმ ადგილებს შორისაა, სადაც სიცოცხლის საშუალო სავარაუდო ხანგრძლივობა ყველაზე მეტად შემცირდა.
საგულისხმოა, რომ IHME-ს გლობალური ავადობის ტვირთის კვლევის მონაცემებით დადებითი ტენდენციაც გამოვლინდა: ხუთ წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 2021 წელს იმაზე ნახევარი მილიონით ნაკლები ბავშვი დაიხოცა, ვიდრე 2019-ში. გამოდის, ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებას განაგრძობს.
ამასთანავე, პანდემიამ სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა შეამცირა, თუმცა, მკვლევრების თქმით, ხალხი მაინც იმაზე ბევრად დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე უწინ. ცნობილია, რომ 1950-2021 წლების შუალედში დაბადებისას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 23 წლით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, კერძოდ, 49 წლიდან 72 წლამდე ავიდა.
მკვლევართა შეფასებით, კოვიდის შედეგად 2020-2021 წლებში იმაზე 15.9 მილიონით მეტი ადამიანი დაიხოცა, ვიდრე ეს პანდემიის გარეშე მოხდებოდა. სიკვდილის შემთხვევები ან თავად ვირუსმა გამოიწვია, ანდაც პანდემიასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ დაბერებული, მდიდარი ერების მოსახლეობამ შემცირება დაიწყო, ნაკლებად შეძლებულ სახელმწიფოებში კი ეს რიცხვი ზრდას განაგრძობს.
„ეს დინამიკა უპრეცედენტო სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებს მოიტანს, თუნდაც მუშახელის შემცირებას ისეთ ადგილებში, სადაც ახალგაზრდა პოპულაცია მცირდება; ასევე რესურსების ნაკლებობას ისეთ ადგილებში, სადაც პოპულაციის ზომა სწრაფად განაგრძობს ზრდას”, — განაცხადა ოსტინ შუმახერმა – „მსოფლიოს ერებს ერთმანეთთან თანამშრომლობა დასჭირდებათ ნებაყოფლობითი ემიგრაციის კუთხით”.
2021 წელს 2019 წელთან შედარებით ხუთ წლამდე ნახევარი მილიონით ნაკლები ბავშვი გარდაიცვალა, რაც განაგრძობს ბავშვთა სიკვდილიანობის გრძელვადიან კლებას.
ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული სკრინინგული კვლევების დროს არც თუ იშვიათია პოლიპებისა და სხვა ტიპის ახალწარმონაქმნების აღმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საწყის ეტაპზე პაციენტს არ უქმნის დისკომფორტს, მათი გამოკვლევა და დიფერენცირება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ისაა, რომ ზოგიერთ წარმონაქმნს სიმსივნედ გადაგვარება ახასიათებს, ამიტომ მათი დროული მკურნალობა, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების პრევენციას ნიშნავს.
რა ტიპის ახალწარმონაქმნები ჩნდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე?
როგორია მისი მკურნალობის გზები და რატომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგული კვლევები?
– ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ენდოსკოპისტს აკაკი რეხვიაშვილს მივმართეთ.
რა ტიპის ახალწარმონაქმნებია გავრცელებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტში?
პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ პოლიპი, რომელიც ეწოდება ნებისმიერ წანაზარდს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ის შეიძლება გაჩნდეს ორგანოს ყველა ნაწილში – საყლაპავში, კუჭში, თორმეტგოჯა, მსხვილ თუ წვრილ ნაწლავში. ახალწარმონაქმნები შეიძლება გამოვლინდეს მცირე ზომის ლორწოვანი გარსის დეფექტის წყლულების ან ეროზიული დაზიანების სახით.
პოლიპები ერთმანეთისგან განსხვავდება პათანატომიური ბუნებით, ჰისტოლოგიური შენებითა და იმით, თუ რა კავშირი აქვს მას კუჭ-ნაწლავის კედელთან. მათ შორის გამოვყოფთ ორ ძირითად ტიპს – არანეოპლაზიურსა და ნეოპლაზიურ პოლიპს. პირველი მათგანი კეთილთვისებიანია და თუ განსაკუთრებით არ გაიზარდა ზომაში, არ ახასიათებს სიმსივნედ გადაგვარება. ნეოპლაზიურ პოლიპების ავთვისებიანად გადაგვარება კი ხშირადაა მოსალოდნელი. მათ შორის ყველაზე საყურადღებო ადენომური პოლიპებია.
რა ზრდის პოლიპების განვითარების რისკს?
ზოგადად, მიჩნეულია, რომ პოლიპებისა თუ სხვა ტიპის ახალწარმონაქმნების განვითარების ალბათობა ასაკის მატებასთან ერთად მატულობს, განსაკუთრებით კი, 45-50 წლის ასაკიდან. წარმონაქმნების განვითარებას ხელს უწყობს ზოგჯერ კუჭ-ნაწლავში მიმდინარე ანთებითი პროცესები და დაავადებები, ნაკლები უჯრედისის შემცველი საკვების მიღება, ჭარბწონიანობა, მცირე ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება. ასევე, არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.
რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება პოლიპები?
სამწუხაროდ, პოლიპების უმრავლესობა ასიმპტომურია, განსაკუთრებით საწყის ფორმებში. თუმცა დიდი ზომისა და ადენომურ პოლიპებს შეიძლება ახასიათებდეს სისხლდენა და ლორწოვანი მინარევები ნაწლავიდან. ასეთ დროს, შეიძლება პაციენტმა დაკარგოს სხვადასხვა ნივთიერება და განვითარდეს ჰიპოკალიემია, ჰიპონატრემია და რკინადეფიციტური ანემია. დიდი ზომის ნაწლავის პოლიპს ზოგჯერ ახასიათებს პერიოდული ტკივილიც. კუჭ-ნაწლავის წარმონაქმნებზე შეიძლება მიანიშნებდეს კუჭის მოქმედების რიტმის დარღვევა, მეტეორიზმი და გულძმარვაც.
როგორ ხდება პოლიპებისა და სხვა ტიპის წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
სადიაგნოსტიკოდ აუცილებელია, ჩატარდეს ტესტი ფარულ სისხლდენაზე და ისეთი ენდოსკოპიური კვლევები, როგორებიცაა გასტროსკოპია და კოლონოსკოპია. მათი მეშვეობით არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დათვალიერება ხდება, არამედ საჭიროების შემთხვევაში ჰისტოლოგიური მასალის აღებაც პათომორფოლოგიური შესწავლისთვის. მკურნალობისთვის კი უმეტესად ქირურგიული და ენდოსკოპიური მიდგომა გამოიყენება. თუ პოლიპის ზედაპირის დაზიანება არ არ ჩაზრდილი ლორწქვეშა შრეში, მათი ამოკვეთა ენდოსკოპიური მიდგომით ხდება. იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება გასცდა ლორწოვანს და ჩაიზარდა სხვა შრეებში, მაშინ მათი ამოკვეთისთვის უფრო რთულ ქირურგიულ ოპერაციას მივმართავთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წარმონაქმნების სკრინინგი?
სკრინინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც პოლიპები და სხვა ტიპის წარმონაქმნები ასიმპტომურია და მხოლოდ რთული ფორმების დროს ახასიათებს მანიფესტაცია. ამ ტიპის გამოკვლევები კი საშუალებას გვაძლევს საწყის ეტაპზევე აღმოვაჩინოთ, შევისწავლოთ ისინი და მივიღოთ შესაბამისი ზომები რთული ფორმების თავიდან აცილების მიზნით.
სასურველია, 45-50 წლის პირებმა ტესტი ფარულ სისხლდენაზე და ენდოსკოპია სკრინინგულად ყოველწლიურად ჩაიტარონ. სკრინინგული ზომები შეიძლება გამკაცრდეს და დაინიშნოს უფრო ადრეულ ასაკში, თუ პაციენტს აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორებიცაა კუჭ-ნაწლავის კიბო და ოჯახური ადენომური პოლიპოზი. ჩექაფი თოდუაში უახლესი აპარატურით ტარდება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს სრულფასოვნად შევისწავლოთ წარმონაქმნები და სწორად მოვახდინოთ მათი დიფერენცირება.
პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის დაავადებების რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებაც. სასურველია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, მეტი ფიზიკური აქტივობა, უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება და ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმა.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
ბუნებრივია, დედის გულს ურჩევნია, თვალისჩინი თვალწინ, ყოველგვარ საფრთხეს მოცილებული ჰყავდეს, მაგრამ ადრეულ კოლექტივიზაციას უამრავი დადებითი მხარე აქვს, 6-7 წლიდან კი, რომ იტყვიან, გარდაუვალი ხდება. ახალი სამყარო, ახალი მეგობრები, ქცევის ახალი წესები, ერთი სიტყვით, მშვენიერი გარემო გამოცდილებისა და ცოდნის შესაძენად. ოღონდ ეს გარემო ხილულთან ერთად უხილავ ნაცნობობასაც უწყობს ხელს, ამ მიკროსკოპული ნაცნობებიდან კი ყველა როდია ადამიანის მეგობარი…
რას ვიზამთ, შეხვედრას თუ ვერ ავიცილებთ თავიდან, მის შედეგებთან გამკლავების სტრატეგია მაინც შევიმუშაოთ.
გაციება
გამომწვევი: ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი ორასამდე ვირუსი. გრიპის ვირუსიც ამ ჯგუფში შედის, მაგრამ გართულებათა გამოწვევისადმი მისი მიდრეკილების გამო ცალკე გამოყოფენ.
გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი. ბუნებრივია, წვეთს წონა აქვს და გრავიტაციის კანონს ემორჩილება. მით უმეტეს, რომ ამ ჯგუფის ვირუსები საკმაოდ დიდი ზომის წვეთებად ვრცელდება (მიკროსკოპულ მასშტაბს ვგულისხმობთ). შესაბამისად, ჰაერში დიდხანს შეწონილი არ რჩება და ჰაერიც უმთავრესად მაშინ არის საშიში, როცა დაავადებულს ცხვირწინ ვუდგავართ, ის კი აცემინებს ან ახველებს. სამაგიეროდ, დალექილი წვეთები ჩვენს კანსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე საკმაოდ დიდხანს ძლებს. ვირუსის ორგანიზმში მოსახვედრად მაინცდამაინც დაბინძურებული ხელის პირში ჩადება არ არის აუცილებელი, თვალების ან ცხვირის მოსრესაც საკმარისია.
საყვარელი ასაკი: მთელი ბავშვობა, ზოგჯერ – წელიწადში რამდენიმეჯერაც.
საინკუბაციო პერიოდი (დრო გამომწვევთან შეხვედრიდან დაავადების გამოვლენამდე): რამდენიმე საათიდან 2-3 დღემდე.
სიმპტომები: სიცხის აწევა, უგუნებობა, ჩახეხვის შეგრძნება ყელში, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო, ხველა.
სახლში ჯდომის ვადა: ტემპერატურის ნორმალიზებიდან (სიცხის დამწევი პრეპარატებით დაგდებული სიცხე არ ითვლება) მინიმუმ 24 საათი.
დამალვის მეთოდიკა: მოსთხოვეთ სკოლის (თუ ბავშვი ჯერ კიდევ ბაღში დადის – ბაღის) დირექციას, დაავადებული (მით უფრო სიცხიანი) ბავშვები სახლში გააბრუნონ. თუ სიცხემ ბავშვს დღის განმავლობაში აუწია, მშობლის მოსვლამდე სხვებს გამოარიდონ (ვთქვათ, ექიმის ან ექთნის კაბინეტში, ანდა კარანტინის ოთახში), ოთახი სასწრაფოდ სველი წესით დაალაგონ, ჯგუფელებს კი ხელები საპნით დააბანინონ. საერთოდ, ხელების ხშირი და სრულყოფილი ბანა ძალიან ბევრი დაავადებისგან თავის დასაცავი უნივერსალური საშუალებაა, ამიტომ რაც უფრო ადრე ჩაუნერგავთ პატარას, მით უკეთესი. ასევე უნდა ვასწავლოთ ხველებისა და ცემინებისას ქცევის წესები: ცხვირ-პირზე აუცილებლად ხელსაწმენდი (უმჯობესია ქაღალდის) უნდა მიიფაროს, მაშინვე გადააგდოს და ხელები დაიბანოს. თუ ამას ვერ ახერხებს, პირზე ხელის მაგივრად სჯობს სახელო აიფაროს.
მოქმედების გეგმა: რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოიძახეთ ექიმი, საშიშროების ნიშნების შემჩნევისას კი ვიძახებთ განმეორებით.
თუ ცხელება აქვს, აიძულეთ, ტემპერატურის ნორმალიზებამდე საწოლში იწვეს. სიცხის დამწევი პრეპარატები მხოლოდ მაშინ დაგჭირდებათ, თუ სიცხემ 38.5ºC-ს გადააჭარბა. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ პარაცეტამოლი, იბუპროფენი.
ასვით ბევრი სითხე, თუნდაც თაფლიანი რძე ან ჟოლოსმურაბიანი ჩაი, ქათმის ბულიონი, თუნდაც უბრალო წყალი, ოღონდ დღეში 2 ლიტრამდე. ორგანიზმისთვის ვირუსების მოცილებასთან ერთად ეს ცხვირისა და ყელის ლორწოვანს გამოშრობისგანაც დაიცავს და ლორწოს მოშორებასაც გააადვილებს.
ხველას, სურდოს, თავის, ყელის ტკივილს ამ ასაკისთვის რეკომენდებული სიმპტომური საშუალებებით ებრძოლეთ.
აკრძალული მედიკამენტები:
წითელა
გამომწვევი: ვირუსი.
გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი, ოღონდ წვეთები გაცილებით უფრო პატარაა, ვრცელდება საკმაოდ დიდ მანძილზე, კორიდორებით და კიბის უჯრედებით შესაძლოა სხვა ოთახებსა და ბინებშიც მოხვდეს, სავენტილაციო და გათბობის სისტემებისთვის დატანებული ხვრელებით კი ზედა სართულებზეც.
საყვარელი ასაკი: 1-დან 5 წლამდე.
ინკუბაციის პერიოდი: 9-10 დღე, იშვიათად – 21 დღემდე.
სიმპტომები: წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, კონიუნქტივიტით (თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით), მშრალი შემაწუხებელი ხველით, ცხვირცემინებით, სურდოთი, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით. გარდა ამისა, ძირითადი კბილების დონეზე ღრძილებისა და ლოყის შიგნითა ზედაპირის ლორწოვანზე მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის წარმონაქმნები ჩნდება, ქუთუთოს კიდის გასწვრივ კი შემოფარგლული კონიუქტივიტი ყალიბდება.
მოწითალო ფერის ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი დაავადების მე-4-5 დღეს ვლინდება. პირველი ელემენტები ყურებს უკან, ცხვირზე, ლოყებზე ჩნდება, 24 საათში მოედება მთელ სახეს, კისერს, გულმკერდის ზედა ნაწილს, ხელებს. შემდეგ გამონაყარი ჩნდება ზურგზე, მუცელსა და ფეხებზე, მესამე დღეს კი ტერფებზეც. გამონაყარი იმავე თანმიმდევრობით ფერმკრთალდება და ქრება, რომლითაც გაჩნდა.
სახლში ჯდომის ვადა: არანაკლებ 4 დღისა პირველი გამონაყარის გაჩენიდან, პნევმონიით გართულების შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღისა.
დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან არიდება.
მოქმედების გეგმა: იგივეა, რაც გაციების დროს.
წითურა
გამომწვევი: ვირუსი.
გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი. ინფექციის წყაროდ, გარდა დაავადებულისა, შესაძლოა ვირუსმატარებელიც იქცეს.
საყვარელი ასაკი: 5-14 წელი.
საინკუბაციო პერიოდი: 15-24 დღე.
სიმპტომები: წითელასგან განსხვავებით, გაციებიმაგვარი ნიშნები თითქმის არ ახასიათებს (ზოგჯერ საერთოდ არ იჩენს თავს, ზოგჯერ კი ძალზე უმნიშვნელოდ გამოიხატება). პირველივე ნიშანი, რომელსაც ვამჩნევთ, ჩვეულებრივ, გამონაყარია. ეს უკანასკნელიც წითელასას ჰგავს, ოღონდ, მისგან განსხვავებით, კანიდან ნაკლებად არის წამოწეული და არც შერწყმის ტენდენციას ამჟღავნებს.
დამახასიათებელი ნიშანია კისრის უკანა კვანძების გადიდება.
სახლში ჯდომის ვადა: პირველი გამონაყარის გაჩენიდან 5 დღე.
დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ვაქცინაციის ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ყველა აცრის დროული ჩატარება.
მოქმედების გეგმა: ჩვეულებრივ, იმდენად მსუბუქად მიმდინარეობს, რომ სათვალავში ჩასაგდებიც არ იქნებოდა, რომ არა საფრთხე, რომელსაც ორსულს, უფრო სწორად, მის ნაყოფს უქმნის, ამიტომაც ყველა გოგონა აუცილებლად უნდა ავცრათ, დაავადებული კი ორსულებს შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ.
ჩუტყვავილა
გამომწვევი: ჩუტყვავილასა და ჰერპეს ზოსტერის ვირუსი ჰერპესვირუსების ჯგუფიდან.
გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი, კონტაქტური. გადადების პოტენციალი დაახლოებით წითელასას უტოლდება.
საყვარელი ასაკი: 1-10 წელი.
საინკუბაციო პერიოდი: 10-21 დღე (საშუალოდ ორი კვირა).
სიმპტომები: ჩუტყვავილას დროს გამონაყარი თავდაპირველად ღია ვარდისფერ, 2-4 მმ დიამეტრის ლაქებს წარმოადგენს, რომლებიც მოგვიანებით სითხით სავსე ბუშტუკებად გადაიქცევა. პირველსავე დღეს შიგთავსი იმღვრევა, სკდება, ზედაპირი იჭმუხნება და ფუფხით იფარება. ფუფხი მხოლოდ 1-3 კვირის შემდეგ სცილდება. ეს ელემენტები ერთდროულად კი არა, რამდენიმე ეტაპად ჩნდება (ამასთანავე, თითოეულ ეტაპს მდგომარეობის გაუარესება, სხეულის ტემპერატურის მომატება ახლავს თან), ამიტომაც ბავშვის კანზე ერთდროულად შეიძლება იყოს ახალი ლაქოვან-პაპულური გამონაყარიც, ბუშტუკებიც და ფუფხიც.
გამონაყარი უპირატესად სახეზე, თავის თმიან ნაწილზე, გულმკერდზე, ზურგზე, თვალის რქოვანაზე, ხახასა და სასქესო ორგანოების ლორწოვანზე ჩნდება და, ჩვეულებრივ, ძლიერი ქავილი ახლავს თან. თუ არ დაინფიცირდა, ნაკვალევს არ ტოვებს, თუმცა ძლიერი ქავილი ჭრილობაში ინფექციის შეჭრის წინაპირობას ქმნის.
სახლში ჯდომის ვადა: ბოლო ქერქის გაჩენიდან 5 დღე.
დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ხელების ხშირი და სრულყოფილი ბანა.
მოქმედების გეგმა: გარდა ზემოთქმულისა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ჰიგიენას, დააჭერით ფრჩხილები, ხშირად დაბანეთ ხელები, გამონაყარის ელემენტები კი ბრილიანტის მწვანის 1%-იანი სპირტხსნარით დამუშავეთ. ქავილის შესამცირებლად შეგიძლიათ რომელიმე ანტიჰისტამინი (ფენკაროლი, ცეტეკი, ალერფასტი) მისცეთ.
ქუნთრუშა
გამომწვევი: ბაქტერია – A ჯგუფის B-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი
გადაცემის გზა: ჰაერწვეთოვანი, თუმცა ინფექცის გამომწვევი იოლად იჭრება ორგანიზმში სათამაშოების, წიგნების საშუალებითაც.
საყვარელი ასაკი: სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკი.
საინკუბაციო პერიოდი: 1-12, უფრო ხშირად – 2-7 დღე.
სიმპტომები: ქუნთრუშა მწვავედ იწყება: სხეულის ტემპერატურა მკვეთრად – 38-39 გრადუსამდე იმატებს, ბავშვს ამცივნებს, სუსტადაა, თავი სტკივა, შესაძლოა, ღებინებაც დაეწყოს. ერთი დღის შემდეგ კანზე უკვე შეიძლება წვრილწინწკლოვანი გამონაყარი გაჩნდეს, რომელიც უპირატესად ჯერ ხელის მომხრელ ზედაპირებზე, საზარდულის მიდამოში, გულმკერდზე, კისერზეა გამოხატული, მერე კი მთელ სხეულს მოედება. ბავშვს ლოყები შეწითლებული, ცხვირი და ტუჩები კი ფერმკრთალი აქვს, ყლაპვისას გრძნობს ტკივილს, ენა თავიდან თეთრი ნადებით არის დაფარული, შემდეგ თანდათანობით იწმინდება და ალისფერს იღებს.
დაავადების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში კანი იქერცლება, ხელისგულებზე აქეცვლა ისეთი ინტენსიურია, რომ ბავშვი კანს ხელთათმანივით “იხდის”.
სახლში ჯდომის ვადა: 21 დღე. ყველა, თანატოლები თუ აღმზრდელები, ვისთანაც ავადმყოფს დაავადების პირველი 7 დღის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა, ყურადღებით უნდა მოეპყროს საკუთარ ჯანმრთელობას. თუ ჯგუფში ქუნთრუშის მეორე შემთხვევაც აღინიშნა, 21 დღით კარანტინი უნდა შემოიღონ.
დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ხელების ხშირი და სრულყოფილი ბანა.
მოქმედების გეგმა: ზემოხსენებული ინფექციებისგან განსხვავებით, ანტიბიოტიკები აუცილებელია, მაგრამ მათი შერჩევა ექიმის კომპეტენციაა!
A ჰეპატიტი (ბოტკინის დაავადება)
გამომწვევი: ვირუსი.
გადაცემის გზა: ფეკალურ-ორალური ან საყოფაცხოვრებო-კონტაქტური. პირველი იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ინფიცირდება საკვების ან წყლის მეშვეობით, სადაც მანამდე ავადმყოფის ფეკალური მასა მოხვდა.
საყვარელი ასაკი: 1-14 წელი
საინკუბაციო პერიოდი: 15-50 დღე.
სიმპტომები: ბავშვს სიცხე 38-39 გრადუსამდე, ზოგჯერ მეტადაც უწევს. გარდა ამისა, უჩივის უმადობას, ძილიანობას, თავის ტკივილს, გულისრევასა და ღებინებას, ყრუ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშ. სიყვითლის გამოვლენამდე 1-2 დღით ადრე შარდი მუქდება. უკვე ამის შემდეგ ბავშვს უყვითლდება სასა, სახე, სხეული, მოგვიანებით – კიდურები.
სიყვითლის გამოვლენისას განავალი ბაცდება, ბავშვის საერთო მდგომარეობა კი უმჯობესდება – უბრუნდება მადა და ხალისი.
A ჰეპატიტს ყოველთვის თან ახლავს ღვიძლის გადიდება, რასაც ექიმი ხელით გასინჯვისას იოლად გამოავლენს. დიდდება ელენთაც.
აღდგენის ანუ გამოჯანმრთელების პერიოდი 5-6 თვე გრძელდება. ამ დროს აღდგება დაზიანებულ ორგანოთა ფუნქციები, პირველ რიგში – ღვიძლისა.
სახლში ჯდომის ვადა: ვირუსის გამოყოფას დაავადებული, ჩვეულებრივ, სიყვითლის პერიოდის დასაწყისისთვის წყვეტს და გადამდები აღარ არის, ამიტომ ამ ვადას ექიმი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით დაადგენს.
დამალვის მეთოდიკა: დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ჰიგიენის წესების სრულყოფილი დაცვა.
მოქმედების გეგმა: წოლითი რეჟიმი, დიეტა, სიმპტომური საშუალებები.
საშიშროების ზოგადი ნიშნები
– აღებინებს ყოველი კვების ან სითხის მიღების შემდეგ;
– უარს ამბობს საკვებისა და სითხის მიღებაზე;
– აქვს კრუნჩხვა;
– სუნთქვა გახშირებული აქვს ან უჭირს (ბაღის ასაკის ბავშვებისთვის სუნთქვის გახშირებად ითვლება წუთში 40-ზე მეტი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, სკოლის ასაკის ბავშვებსთვის – 30-ზე მეტი);
– ძნელად იღვიძებს ან კონტაქტში არ შემოდის.
წყარო: ჟურნალი “ავერსი”
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi