🥱🍞 უნდა მივირთვათ თუ არა პური ღამით?
ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა “შუადღის” ეთერში საუბრობს, უნდა მივირთვათ, თუ არა პური ღამის საათებში და რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა:
„პურის მიღებაზე პასუხი მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. თუ პური მთლიან მარცვალზეა დამზადებული და არა პირველი ხარისხის ფქვილზე, რომელიც ზედმეტად დამუშავებულია, მისი ჭამა უფრო მისაღებია — მათ შორის საღამოსაც. სწორ კვებაში უმთავრესი პრინციპი არა აკრძალვა, არამედ ზომიერებაა. შესაბამისად, თუ პურს გონივრულ რაოდენობაში მივირთმევთ, ის შემზღუდველი პროდუქტი ნამდვილად არ არის.
ხშირად მომისმენია, რომ ზოგიერთი ადამიანი პურს საერთოდ გამორიცხავს მენიუდან, თითქოს ის აუცილებლად აფერხებდეს ჯანსაღ კვებას. რეალურად, პურის სრულად ამოღება სულაც არ ნიშნავს დაბალკალორიულ ან უკეთეს კვებას — მთავარი არის პურის ტიპის სწორად შერჩევა და რაოდენობის კონტროლი.
შესაძლოა, დღის განმავლობაში, პურის ნაცვლად, ისეთი პროდუქტი მივირთვათ, რომელიც საერთოდ არ ითვლიდეს კალორიას. ამიტომაც, თუ ყველა პროდუქტს ზომიერად გამოვიყენებთ, შეგვიძლია, თითოეული მათგანისაგან ბედნიერება მივიღოთ. თუ, დაახლოებით, 12 საათზე ვიძინებთ, მაქსიმუმ, ბოლო კვება 9 საათზე უნდა გვქონდეს. 9 საათზეც კვება ძალიან მსუბუქი უნდა იყოს. უნდა მივირთვათ ან რძის პროდუქტები, ან ბოსტნეული. რძის პროდუქტებში B ჯგუფის ვიტამინები და თუთია შედის, რომლებიც ჩვენს ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, გარკვეულწილად, სარელაქსაციო ეფექტი აქვს, რომელიც მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, არსებობს ძილის ჰორმონი, მელატონინი, რომელიც ყველა ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება. ბოსტნეული მელატონინის გამომუშავებასა და ორგანიზმში მინერალების შევსებას ხელს უწყობს, რძის პროდუქტები თავადვე ბუნებრივ მელატონინს შეიცავს და შესაბამისად, სისხლში მის დონეს ვამაღლებთ.“