კოსმოსური ინდუსტრია კიდევ ერთი მსხვილი კონტრაქტით შეირყა: NASA-მ მარსის სატელეკომუნიკაციო ქსელის (Mars Telecommunications Network, MTN) შექმნა ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ს მიანდო. კონტრაქტის ღირებულება 700 მილიონი აშშ დოლარია.
ეს გადაწყვეტილება კოსმოსური კვლევების ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია — პირველად შეიქმნება მარსზე სპეციალურად საკომუნიკაციო ფუნქციაზე ორიენტირებული ორბიტული სისტემა. განსხვავებით არსებული ზონდებისგან, MTN სამეცნიერო კვლევებს არ ჩაატარებს: მისი ერთადერთი დანიშნულება იქნება სანდო და სწრაფი კავშირის უზრუნველყოფა დედამიწასა და მარსის ზედაპირზე მოქმედ ტექნიკას შორის.
რატომ გახდა ეს გადაუდებელი საჭიროება? ამჟამად მარსმავლები Curiosity და Perseverance მხოლოდ ორი ამერიკული ორბიტერის — Mars Odyssey (2001 წ.) და Mars Reconnaissance Orbiter (2005 წ.) — საშუალებით ინარჩუნებენ კავშირს დედამიწასთან. ორივე მოძველებულია და ამოწურვის პირასაა. ევროპული სააგენტოს ზონდები (Mars Express და Trace Gas Orbiter) დამხმარე როლს ასრულებენ, მაგრამ ისინი პირველ რიგში სამეცნიერო მიზნებისთვის არიან განკუთვნილი.
Blue Origin ვალდებულია სრულად მზა კოსმოსური აპარატი NASA-ს 2028 წლის ბოლომდე გადასცეს. მარსის ორბიტაზე გაშვების შემდეგ სისტემა 2030 წლისთვის სრულ სამუშაო რეჟიმში გადავა. გასაშვებად გამოყენებული იქნება კომპანიის საკუთარი მძლავრი რაკეტა New Glenn — კონტრაქტი მოიცავს არა მხოლოდ ზონდის დიზაინსა და წარმოებას, არამედ გაშვებასაც.
ახალი ორბიტერი Blue Origin-ის პლატფორმა Blue Ring-ზე დაიბნება — ჰიბრიდული სისტემა, რომელიც მზის ენერგიასა და ქიმიურ ძრავებს აერთიანებს და განსაკუთრებული მანევრულობით გამოირჩევა.
პროექტი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს NASA-ს გრძელვადიანი გეგმების ფონზე: სააგენტო 2030-იანი წლების ბოლოს ან 2040-იანების დასაწყისში მარსზე პირველი პილოტირებული ექსპედიციის გაგზავნას გეგმავს. ამ მისიების წარმატებისთვის გამართული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ტენდერში Blue Origin-ს კონკურენციას Rocket Lab უწევდა, თუმცა საბოლოოდ ბეზოსის კომპანიამ გაიმარჯვა. პროექტის ბიუჯეტი კონგრესმა 2025 წლის ივლისში დაამტკიცა, NASA-მ ტექნიკური მოთხოვნები თებერვალში შეიმუშავა, ხოლო ტენდერი მაისში გამოაცხადა.
Sheni Ambebi News
წყარო: on.ge

