დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას. ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციისა და ლოგისტიკის ნაწილში, – განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე შოთა ბერეკაშვილმა.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დასკვნაში აღნიშნულია ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ფასნამატს იწვევს. ასევე, დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებსაც, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.
„ეს არის სამი მიმართულება და თითოეულ მიმართულებაში გაწერილია თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სისტემურად. ეს არის საშუალოვადიანი სტრუქტურული ცვლილებები, გრძელვადიანი სტრატეგია და მოკლევადიანი ინტერვენცია, რომ მომხმარებელმა ფასებზე შემცირება იგრძნოს. დასკვნა მოცულობითია, 104 გვერდი არის და იქ არის კონკრეტული მაგალითები მითითებული ევროკავშირის გამოცდილებიდან, კონკრეტული ქვეყნებიდან, თუ რა მექანიზმებს მიმართეს. ამ შემთხვევაში საუბარია მსუბუქ ინტერვენციაზე, რომელიც დაფუძნებულია ბაზრის საქციელიდან, კონკურენციის გაჯანსაღებიდან, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კონკრეტული მიმართულებით უფრო მეტი კონკურენციის ფარგლებში საუკეთესო ფასი მიიღოს მომხმარებელმა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტორში უნდა შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმები. ეს შესაძლებელია განახორციელოს კონკურენციის სააგენტომ. ბაზრის მთავარი პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურაში და საოპერაციო მოდელში, რომელშიც ის ფუნქციონირებს, სადაც იქმნება დამატებითი ხარჯები. დამატებითი ხარჯები იქმნება იმიტომ, რომ კომერციული ურთიერთობა არის ასიმეტრიული, არასამართლიანი და სწორედ არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის ფარგლებში შესაძლებელია ამის გასწორება. ამას დასჭირდება დრო, შესაძლებელია დასჭირდეს შესაბამისი კანონი.
დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას, ასევე, მოიცავს ფასწარმოქმნის ზუსტ შესწავლას. საბოლოო ჯამში ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს და პრაქტიკებს. ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. ჩვენ ამას კომპლექსურად ვუყურებთ იმიტომ, რომ საბოლოოდ ფასი, რომელსაც მომხმარებელი იღებს არის ამ სამი კომპონენტის ჯამი და ამათ ურთიერთობებში არსებობს ასიმეტრია, რომელიც უნდა გასწორდეს. ამათ ურთიერთობების ბიზნესმოდელი ქმნის დამატებით ხარჯებს. მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციისა და ლოგისტიკის ნაწილში. ეს ქმნის განსაკუთრებულ მაღალ ხარჯებს. აქ განსაკუთრებული რეკომენდაციები იქნება დასკვნაში, რადგან მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, ეს თავის მხრივ შეამცირებს ხარჯებს და საბოლოო ჯამში ეს აისახება პროდუქტის თვითღირებულების, შესაბამისად, სარეალიზაციო ფასის შემცირებაში“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
„არსებობს არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა, რომელიც არის ევროკავშირის დირექტივა – დირექტივის ფარგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში, პარლამენტმა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის “.
- მისივე თქმით, ის რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება და „ერთ დღეში მისი გასწორება საშიშიცაა”.
“არსებობს ასეთი არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა, რომელიც არის ევროკავშირის დირექტივა და ამ დირექტივის ფარგლებში არაერთი მსგავსი ცვლილება დაინერგა სტრუქტურულად, რომ ურთიერთობების ასიმეტრია, რაც არსებობს ბაზარზე მოთამაშეებს შორის, გასწორებულიყო და სავაჭრო ურთიერთობები გამხდარიყო სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ამ დირექტივის ფარგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში, პარლამენტმა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის. ეს არის საშუალო ვადიანი პერიოდი. სექტორი არის ძალიან დიდი, ის შეადგენს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს. სისტემური რისკები კი გავლენას მოახდენს შემდეგ ეკონომიკაზე.
აქ მიდგომა უნდა იყოს ძალიან წერტილოვანი და დეტალებში გაწერილი. სწორედ არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის ნაწილში უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე ამ დოკუმენტის დამუშავება. დოკუმენტის დამუშავებას ალბათ რაღაც პერიოდი დასჭირდება, ჩვენი რეკომენდაცია ესაა. თუმცა იმპლემენტაციის პერიოდიც იქნება, ეს რომ სისტემურად გასწორდეს.
ის რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება, ერთ დღეში მისი გასწორება საშიშიცაა. იმიტომ, რომ სექტორმა შესაძლებელია შოკირებული დარტყმა მიიღოს და ამის შედეგად მივიღოთ არა ფასების შემცირება, არამედ ბაზარზე შოკური ფასები, რაც სისტემურ რისკებთან არის დაკავშირებული და აგრესიული ჩარევა ჩვენი მხრიდან რეკომენდებული არაა. ჩემი აზრით, შესაძლებელია ეს 6-9 თვემდე დასრულდეს და სისტემა გაჯანსაღდეს“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, მიწოდების ჯაჭვის დავიწროება გრძელვადიან სტრატეგიაში უნდა გაიწეროს, რაც, საბოლოო ჯამში, სისტემურად, 8%-დან 9%-მდე შემცირებას განაპირობებს მიწოდების ჯაჭვში.
“რეკომენდაციის ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ასევე გრძელვადიანი სტრატეგია ჩამოყალიბდეს. ჩვენი რეკომენდაცია იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ გაიწეროს გრძელვადიანი სტრატეგია. ჩვენ ვისაუბრეთ სტრუქტურული პრობლემის გასწორებაზე და მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი მდგომარეობს მიწოდების ჯაჭვის არაეფექტურობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ მიწოდების ჯაჭვი არის გრძელი და სიგრძიდან გამომდინარე, ის თითოეულ რგოლში ქმნის დამატებით ხარჯებს, ამიტომ აუცილებელია, მიწოდების ჯაჭვის შემცირება. ეს ნიშნავს ურთიერთობების მაქსიმალურ დაახლოებას მწარმოებელსა და საცალო ქსელებს შორის, რომ არ იყოს შუალედური რგოლები და ასევე, მნიშვნელოვანია იმპორტიორსა და მწარმოებელს შორის. ამ ნაწილში განსაკუთრებული როლი ენიჭება ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების განვითარებას.
ეს პროცესი დაწყებულია, თუმცა ეს პროცესი ერთდღიანი არ არის და ეს პროცესი გულისხმობს, რომ უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის და რეგიონში მცირე და საშუალო ზომის წარმოებისთვის, რადგან ასეთი ლოჯისტიკური ცენტრები საშუალებას მისცემს საოჯახო მეურნეობებს, მცირე და საცალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია აღნიშნულ ლოჯისტიკურ ცენტრებში უფრო მარტივად ჩააბარონ, კომერციული ხარჯების გარეშე ჩააბარონ და უკვე ცენტრალიზებული სისტემიდან მოხდება მათი დისტრიბუცია ქსელებში, საცალო მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც, საბოლოო ჯამში, სისტემურად 8%-დან 9%-მდე შემცირებას განაპირობებს მიწოდების ჯაჭვში. ეს არის ძალიან სტრატეგიული მიმართულება და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.“- განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, საპარლამენტო კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნა სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება.
„დასკვნა სამ მიმართულებას ეფუძნება. პირველი, ეს არის სისტემური გარდაქმნა, რომელიც არის საშუალო ვადიანი პერიოდი, 6-თვიდან 9-თვემდე და ეს დაფუძნებული იქნება არაჯანსაღი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივაზე, საუკეთესო პრაქტიკებზე. დასკვნაში სხვადასხვა ქვეყნის მოდელებია მოყვანილი – ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესპანეთის, ჰოლანდიის.
დასკვნა ზოგად სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება, რადგან ეს გაეგზავნება აღმასრულებელ ხელისუფლებას და იქ უფრო დეტალურად დამუშავდება.
გრძელვადიანი სტრატეგია ლოჯისტიკური ჯაჭვის შემცირებასა და დამოკლებას მოიცავს, ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასა და კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას.
4 ქვეყნის გამოცდილება არის აღებული და თუ კი აღმასრულებელი ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლის, აქედან ჩვენი რეკომენდაციაა – უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.


