საქართველოში უამრავი მონასტერი, ხატი და წმინდა ადგილია, სადაც ღვთის ნება ხილული სასწაულებით ცხადდება. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული კერაა სამება-ჯიხეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დედათა მონასტერი, სადაც იორდანეს წმინდა წყარო მოედინება, რომლის შესახებაც შესაძლოა ბევრმა არც კი იცოდეს.
ჯიხეთის მონასტრის ისტორია
ჯიხეთის მონასტრის ისტორია შორეულ წარსულში იწყება. გადმოცემით, თავდაპირველად მონასტერი ჯიხეთის მიუვალ მთაზე მდგარა. ლეგენდა გვიამბობს, რომ თამარ მეფე ერთ-ერთი ლაშქრობისას ამ მთაზე დაბანაკდა, თავის ჯართან ერთად და ღამე ლოცვაში გაატარა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის პატივსაცემად, ადგილობრივებმა პატარა ტაძარი ააგეს, რომელსაც „მენელსაცხებლე დედათა“ ტაძარი ეწოდა. მალევე, აქ დედებიც დასახლდნენ.
დროთა განმავლობაში მიწისძვრითა და უწყლობით შეწუხებულ დედებს ახალი თავშესაფრის ძებნაზე დაუწყიათ ფიქრი. ბიბლიური ნოეს მსგავსად, რომელმაც მტრედი გაუშვა წარღვნის შემდეგ ახალი სიცოცხლის ნიშნის საპოვნელად, მონაზვნებსაც სამი მტრედი გაუშვიათ და უფლისთვის მათი მეშვეობით უთხოვიათ ახალი ტაძრის ასაშენებელი ადგილის მინიშნება. მტრედები იმ ადგილას დაფრენილან, სადაც დღეს მონასტერი მდებარეობს – სამებასთან, მაჭუტაძის ან ზოგიერთი გადმოცემით – მშვილდაძის მამულში. მამულის მფლობელმა მიწა მონასტერს გადასცა. მონაზვნებს ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ძველი ეკლესია, ქვები გადმოუტანიათ და ახალი მონასტრის მშენებლობა დაუწყიათ. რადგან მტრედების მონიშნული ადგილი სამებად იწოდებოდა, მონასტერსაც სამება-ჯიხეთი ეწოდა.
ჯიხეთის ივერიის ღვთისმშობლის ხატი
მონასტრის მთავარი სიწმინდე ათონის წმინდა მთიდან ჩამოტანილი ივერიის ღვთისმშობლის ხატია, რომელიც განსაკუთრებით გურიაში მოღვაწე დედებისთვის დაიწერა. ეს ხატი მონასტრისა და მომლოცველთა მთავარი სალოცავია. კომუნისტური ხანის მძიმე წლებშიც, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა ეკლესიები, სამება-ჯიხეთის მონასტერი მოქმედი რჩებოდა. დღისით ტაძრის კარი ფიცრებით იყო ჩახერგილი, მონაზვნები კი ღამით აღავლენდნენ ლოცვა-ვედრებას. მონასტრის დედები ამას ღვთისმშობლის განსაკუთრებულ მფარველობას მიაწერენ.
ჯიხეთის იორდანე – უშვილოთა შემწე
1986 წლიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია, რომლის ღვაწლითაც 2002 წელს მონასტრის ტერიტორიაზე იოანე ნათლისმცემლის სახელობის მცირე ეკლესია აშენდა და სანათლავი აუზი მოეწყო. ამ აუზში „იორდანეს წყაროდ“ წოდებული წყალი ჩაედინება, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები მიეწერება. მრავალი უშვილო წყვილი, რომლებსაც წლების განმავლობაში შვილი არ ჰყავდათ, წყაროში განბანის შემდეგ მშობლები გახდნენ.
მამა ანდრია ხაზგასმით ამბობს: “წყალი არაფერ შუაშია, ყველაფერი რწმენის ძალით ხდება”.
წყაროში ნათლობის ცერემონიები ტარდება. განსაკუთრებით, ნათლისღების დღესასწაულზე, მრევლიც წმინდა წყალში განიბანება. გადმოცემით, ისევე, როგორც იოანე ნათლისმცემლის მშობლებს, ზაქარიასა და ელისაბედს, ხანდაზმულ ასაკში მიეცათ შვილი, ამ წყაროსაც მსგავსი სასწაულებრივი თვისებები აღმოაჩნდა და განსაკუთრებით შვილიერების მადლითაა გამორჩეული.
მონასტერში მადლიერების წიგნიც ინახება, სადაც მადლიერი მშობლები თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან… სრულად


