დოდო გუგეშაშვილის სახლში დატრიალებული ტრაგედიიდან თებერვალში 6 წელი გავიდა. საბედისწერო ღამის მთავარი დამნაშავე დაკავებულია, მას 20 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ჯერჯერობით გამოძიებას არ დაუდგენია, ვინ იყო სისხლიანი დანაშაულის დამკვეთი, ვის სურდა თადარიგის პოლკოვნიკისა და მისი ვაჟის ლიკვიდაცია.
2018 წლის 7 თებერვალს აფხაზეთის ომის ვეტერანი, იმ დღეს სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც უცნობი მამაკაცი შეიჭრა. დაქირავებულმა მკვლელმა იარაღით მოკლა დოდო გუგეშაშვილის ერთადერთი ვაჟი, ხოლო თავად სამხედრო სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
როგორ ცხოვრობს ტრაგედიიდან ექვსი წლის შემდეგ და რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ქალბატონი დოდო AMBEBI.GE-ს ესაუბრება.
– ჩემს თავს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ რამდენიმე რთული ოპერაცია ჩამიტარდა, დიდხანს მქონდა წოლითი რეჟიმი და საკუთარ თავში ვიპოვე ძალა, რომ საქმეს დავბრუნებოდი. ამაში ისევ ჩემი შვილი დამეხმარა, ჩვენ დედაშვილობის გარდა განსაკუთრებულად გამორჩეული მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ვიცი, რომ მას სხვა მდგომარეობაში ჩემი ყოფნა არ გაახარებდა, არ მიმიცია თავისთვის უფლება, რომ მხოლოდ საკუთარ ტრაგედიაში მეცხოვრა. ასევე ძალიან დამეხმარა ჩემი მოძღვარი, მამა ლევან ფირცხალაიშვილი, ჩემი მეგობრები, ის დედები, რომლებმაც საქართველოს მთლიანობას შესწირეს შვილები. წლებია არასამთავრობო ორგანიზაცია მაქვს, “დაიცავი შენი წილი სამშობლო”. ჩვენ არავისგან არ ვიღებთ ფულს, სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით. გვაქვს მინიმალური საწევრო, ოფისიც არ გვაქვს. საქართველოში ყველა არჩევნებზე ვიღებთ მონაწილეობას დამკვირვებლის სტატუსით.
– 2020 წელს დააკავეს ტრაგედიის მთავარი დამნაშავე ზაზა მურჯიკნელი, რომელსაც 20 წელი მიუსაჯეს, ამ გადმოსახედიდან რისი თქმა შეგიძლიათ?
– მე მასთან არასოდეს არ მქონია გადაკვეთის წერტილი, საქმეს ჰყავს დამკვეთი, რომელიც შეასრულა კილერმა მურჯიკნელმა. ახლაც ასე ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოდან არ ყოფილა შეკვეთილი, მაგრამ არ ვიცით, საიდან იყო.
– დარწმუნებული ხართ, რომ ის არის კილერი?
– დიახ, მე ამოვიცანი. ძალიან კარგად იმუშავა მაშინ საგამოძიებო ორგანომ, ანძები, მისი მანქანა, იმ დღეს, როდესაც მკვლელობა ჩაიდინა, ის ცრუ მოწმეები, რომლებსაც უნდა დაედასტურებინათ რომ თბილისში არ იმყოფებოდა მკვლელი, საბოლოოდ გამოტყდნენ, რომ არ უნახავთ რეალურად. იყო უამრავი სხვა ფაქტორიც, მოსამართლის მიერ სანქცირებული მოსმენა, სადაც ვერავინ წავიდოდა იმ მტკიცებულებების წინააღმდეგ. მე მასთან არასოდეს მქონია გადაკვეთის წერტილი. როგორც გაირკვა, იყო ჯერ იგორ გიორგაძესთან, შემდეგ კუდში, ასევე იყო ეგრეთ წოდებულ მუხროვანის ამბოხების მონაწილეობისთვის გასამართლებული, ესეც გამოძიებამ დაადგინა, თორემ მე მის შესახებ არაფერი ვიცოდი. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა გამოძიებას, ორი წელი, რომ ამ ადამიანის კვალზე გასულიყვნენ, რომელიც კილერი აღმოჩნდა.
– მისი მიზანი რა იყო?
– არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, სავარაუდოდ, დამკვეთს ჰქონდა დავალებული ჩემი და ჩემი ვაჟის ლიკვიდაცია. ჩემი ფაქტორი იყო მთავარი, ოღონდ არ ვიცი რატომ. ჩემს ვაჟს რამდენიმეჯერ ჰყავდა ნანახი და არც ის უნდა დარჩენილიყო ცოცხალი, რომ შემდეგ არ ამოეცნო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი შეება მას, ერთადერთმა ტყვიამ, რომელიც საძილე არტერიაში მოხვდა, დაამთავრა ჩემი სიხარული.
– წლების მანძილზე ცნობილი იყავით, როგორც ძლიერი ქალი. ამ ტრაგედიის შემდეგ ყველა ელოდა, როგორ დაბრუნდებოდით საზოგადოებრივ ცხოვრებაში….
– მე უნდა დავბრუნებულიყავი და დავბრუნდი. არ მიმიცია ჩემი თავისთვის იმის უფლება, რომ ეს ტრაგედია არ გადამეტანა. მარტო მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც ამ ცხოვრებაში სიხარული დაამთავრა. არიან დედები, რომლებიც აგრძელებენ ცხოვრებას უსიხარულოდ და არ ნებდებიან ტრაგედიას.
ახლაც იგივე საქმე გავაგრძელე, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიყავი დაკავებული. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ამოცანას დაუსახავს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ტრაგედიების მიუხედავად ის უნდა შეასრულოს. რასაკვირველია უფლისადმი რწმენაც ძალიან დამეხმარა, და ის მაგალითები, რაც ჩემს ირგვლივ არის გმირი დედების სახით, ასევე ის ბიჭები, ომიდან სულ და სხეულ დაჩეხილები დაუბრუნდნენ სამოქალაქო ცხოვრებას. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვჭირდებით.
– დღევანდელ ხელისუფლებასთან ან პოლიტიკურ პარტიებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– პოლიტიკურ პარტიებთან არ გვაქვს ურთიერთობა და არც პარტნიორები ვართ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების. არ ვთვლი, რომ ის ორგანიზაციები საქართველოს საკეთილდღეოდ მუშაობენ. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა ქვეყნის აწეწვის. ჩემმა თაობამ ეს პერიოდი ძალიან მწარედ გადავიტანეთ. ჩვენ ვცდილობ ხელი შევუშალოთ ქვეყნის რყევებს.
– მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნაზე რას ფიქრობთ?
– ის დღემდე იმყოფება ვივამედის კლინიკაში, განსაკუთრებულ პირობებში და უკვე ძალიან მომაბეზრებელია და სასაცილოა არაერთგზის გაჟღერებული მის მიმართ განხორციელებული ვითომ მოწამვლები, თუმცა უცხოელმა ექსპერტებმა ყველა ეს არსაიდან მოტანილი „ფაქტი“ გააცამტვერეს. საქართველოს ხელისუფლებას არანაირად არ სჭირდება სააკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა ან მასზე ზეწოლა, ვინაიდან ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის პოლიტიკურ წრეებში.
– რუსეთ-უკრაინის ომს როგორ შეაფასებდით, ფიქრობდით, რომ ამდენ ხანს გაგრძელდებოდა საომარი სიტუაცია?
– ვგრძნობდი, რომ ომი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, დიდი სახელმწიფოა უკრაინა და მარტო არ იყო ამ ომში, როგორც ჩვენ ვიყავით მარტო 90-იან წლებში და 2008 წელს. მაშინ არავის აზრად არ მოსვლია ჩვენი გვერდში დგომა. უკრაინელები გამძლე, მეომარი ერია, გავიხსენოთ მათი პარტიზანული ბრძოლები. ყველა წესით უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. რუსეთი თუ უკრაინაში კისერს არ წაიმტვრევს, ძალიან ცუდი იქნება, რადგან შემდეგ მისი გაშლილი ბოროტი მხრები, მთელ მსოფლიოს უბედურებას დაატეხს.
რაც შეეხება უკრაინას, მათი მთავრობა ჩამოყალიბებული მტერია საქართველოსთვის. არ იმსახურებს საქართველო ამ მტრობას, დაუნახავი ხელისუფლება ჰყავთ. როდესაც 2008 წელს საქართველოში რუსეთი შემოიჭრა, მაშინდელი უკრაინის ხელისუფლების უმრავლესობაში იულია ტიმოშენკო იყო, დიდი პარტია ჰყავდა. სამწუხაროდ, იმ პერიოდში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ვერ გავიდა და პირიქით, მეორე რეზოლუცია შევიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ომი საქართველომ დაიწყო. კიდევ კარგი, ამ რეზოლუციამ ვერ დააგროვა სათანადო ხმები. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაგ დროს უკრაინულმა ჯარმა წითელ მოედანზე აღლუმში მიიღო მონაწილეობა, როდესაც 2008 წელს ჩვენი ტერიტორიები, ოკუპანტმა დაჯიჯგნა.
როდესაც რუსეთი 2022 წელს შეიჭრა უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს, საქართველო ერთ-ერთი ინიციატორი და ხელისმომწერია, გაეროში შეტანილი განცხადებისა, რომ რუსეთი ეცნოთ ტერორისტულ სახელმწიფოდ. არც ამის დანახვა უნდა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას. აღარაფერს ვამბობ იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე და რეზოლუციებზე, რაც საქართველომ უკრაინის მიმართ გაიღო, როგორც მატერიალურად, ასევე პოლიტიკურ-მორალური თვალსაზრისით.
– ალბათ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორიც არის…
– ძალიან სამწუხაროა, რომ საკუთარ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, ერთი ადამიანის, ყოფილი პრეზიდენტის გამო, სახელმწიფომ არ უნდა იკადროს და აკადროს მის მეგობარ ქვეყანას ის მტრობა, როგორც უკრაინის მთავრობა იქცევა… არც ის დაგვავიწყდეს, რომ მაშინ როდესაც უკრაინისადმი მტრულად განწყობილი ელჩები არცერთი გაუძევებიათ უკრაინიდან, როდესაც მეგობრული სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ომის დროს დატოვეს უკრაინა, ჩვენი ელჩი და არც კონსული არ წამოსულან უკრაინიდან და ისინი მოვალეობას ასრულებენ, როგორც იქცევიან მეგობრები, კარგი ადამიანები და ბოლოს და ბოლოს კაცები.
– ინტერვიუს დასასრულს, იმ თემას მივუბრუნდეთ, რითაც საუბარი დავიწყეთ, როდესაც თქვენი ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ყველა წერდა, რომ არაჩვეულებრივი შვილი გყავდათ…
– ჩვენ ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობდით, ბინაც არ გვქონდა, მაგრამ ჩვენ გვქონდა ყველაზე მთავარი, ოჯახი და დედა-შვილის ურთიერთობა, რომელიც უმაღლეს რანგში გვქონდა აყვანილი. მეტსაც გეტყვით, ჩემი შვილი იყო პატრიოტი, დედისერთობის გამო ჯარში არ წაიყვანეს და ის მაინც ჩაეწერა ერთ-ერთ ნაწილში და იქ მუშაობდა. 2008 წელს, როდესაც მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად სადაც საჭირო იყო, იქ ვიყავი, ჩემი შვილი ზურგჩანთებით გამზადებული მეგობრებთან ერთად ელოდა, როდის გამოიძახებდნენ. დედა უსინათლო მყავდა და ჩემმა შვილმა ჩემი დაღუპული თანამებრძოლის და მოიყვანა, რომ იმ შემთხვევისთვის, თუ მას ომში დაუძახებდნენ.
ახლაც, ჩემი შვილი ყველა წამს ჩემს გვერდით არის. ისევ ერთად ვცხოვრობთ. დედა შვილის დაცილება ასე მარტივად არ ხდება. სულ ვგრძნობ როგორ მამაგრებს. მიზნად მაქვს დასახული, რომ ჩემს შვილს არ ვატკინო და უსარგებლო არ გავხდე. მე ამას შინაგანად ვგრძნობ. საერთოდ არ ვარ ემოციების გამომხატველი ადამიანი, ჩემი ცხოვრებიდან და ბუნებიდან გამომდინარე. არასოდეს არავის ვახვევ თავს ჩემს გაჭირვებას და ტრაგედიას, მე ვთვლი, რომ ეს ასე უნდა იყოს. როდესაც ჩემი ცხოვრების გზა ავირჩიე, ვიცოდი, რომ ეკალ-ვარდებით კი არ იქნებოდა მოფენილი, არამედ ეკალ-ბარდებით. მე უნდა გამევლო ეს გზა, იმიტომ რომ ჩემი არჩევანი იყო.
– თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ გაიგოთ, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც კილერს თქვენი და თქვენი შვილის მოშორება დაუკვეთა?
– რასაკვირველია, და მე დარწმუნებული ვარ, როგორც ორი წლის თავზე დადო გამოძიებამ მტკიცებულებები, ისე იქნება ახლაც. ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი, რომ შედეგი დადგებოდა. არავისგან გამორჩეული არ ვარ, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი ვარ და მე მაქვს ჩემი სამშობლოს ნდობა. მე ვენდობოდი იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეს იძიებდა და მათთვის ერთი წამით ხელი არ შემიშლია.