- მანე სენეგალის სოფელ ბამბალიდანაა და გაჭირვებაში გაიზარდა
- ახლა ის ქველმოქმედია და თავის სოფელს ძალიან ეხმარება
სადიო მანეს ახალი დიდი ინვესტიცია სენეგალში — როგორ უნდა შეცვალოს 500-ჰექტარიანმა აგროინდუსტრიულმა პროექტმა კაზამანსის ეკონომიკა
სენეგალელი ფეხბურთელი სადიო მანე საკუთარ მშობლიურ მხარეში ახალი მასშტაბური ეკონომიკური პროექტის განხორციელებას იწყებს. მისი ინიციატივა ბამბალის მუნიციპალიტეტში, კაზამანსის რეგიონში, აგროინდუსტრიული მიმართულების განვითარებას უკავშირდება და მიზნად სოფლის მეურნეობის, ხილის გადამუშავებისა და ადგილობრივი დასაქმების გაძლიერებას ისახავს.
პროექტის ცენტრშია დაახლოებით 500 ჰექტარის ფართობის სასოფლო-სამეურნეო და აგროტყეობრივი პლანტაცია, ასევე ცალკე აგროინდუსტრიული პარკი, სადაც მოყვანილი ხილის დახარისხება, გადამუშავება და საექსპორტო პროდუქციის წარმოება უნდა მოხდეს. პროექტს ატარებს კომპანია SM10 AGRO, რომელიც სადიო მანეს ინიციატივასთან არის დაკავშირებული. პროექტის განხორციელებაში ჩართულია ასევე სენეგალის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო. (LinkedIn)
„მე მხოლოდ 7 წლის ვიყავი. მინდორში მივდიოდით ფეხბურთის სათამაშოდ. ამ დროს ჩემი დეიდაშვილი მოვიდა და მითხრა, რომ მამაჩემი გარდაიცვალა. მართლა? ვერც მივხვდი ბოლომდე. მეგონა, რომ ხუმრობდა“, – იხსენებს მანე ფილმში.
„სანამ გარდაიცვლებოდა, მას ეს დაავადება კვირების განმავლობაში ჰქონდა. ჯერ ტრადიციული მეთოდებით ვუმკურნალეთ და 3-4 თვე თითქოს უშველა. თუმცა შემდეგ დაავადება თავიდან გართულდა, ხალხური მეთოდები არ შველოდა და რადგანაც ბამბალიში საავადმყოფო არ იყო, ჩვენ ის სხვა სოფელში წავიყვანეთ. მაგრამ მაინც ვერ გადავარჩინეთ.“
„როცა პატარა ვიყავი, მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, როგორ ამაყობდა ჩემით. მას დიდი გული ჰქონდა და მისი გარდაცვალება მთელი ოჯახისთვის დიდი დარტყმა იყო. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: „ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ დედას დავეხმარო. ეს რთულია, როცა ასე პატარა ხარ.“
მანე ამბობს, რომ მამამისის გარდაცვალება მთავარი ფაქტორია მისი ქველმოქმედებისთვის სედიუს პროვინციაში, სადაც მსოფლიო ბანკის შეფასებით, მოსახლეობის 70 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
მანე: „ისიც მახსოვს, რომ ჩემი და სახლში დაიბადა, რადგან სოფელში საავადმყოფო უბრალოდ არ არსებობდა. ეს ძალიან ცუდია. საავადმყოფო იმიტომ მინდა ავაშენო, რომ ხალხს იმედი მივცე.“
„ეს ძალიან რთული იყო. არავინ მყავდა, ვინც ჩემი ოცნებების მიღწევაში დამეხმარებოდა. მაგრამ ოცნება არასოდეს შემიწყვეტია. ჩემი ოჯახის, ჩემი სოფლის მიტოვებას და დაკარში წასვლას გამბედაობა ნამდვილად სჭირდებოდა. მაგრამ ვიცოდი, რომ შემეძლო წარმატებისთვის მიმეღწია. შემდეგ, როცა ჩემი ოჯახი მიხვდა, რომ ფეხბურთის გარდა არაფრის გაკეთება არ მინდოდა, ეს ფაქტი სერიოზულად მიიღეს და დამეხმარნენ,“ – ამბობს ლივერპულის ვარსკვლავი.

მისი ბუნებრივი თავდმაბლობა ფილმში კარგად ჩანს, როცა ის სოფელში ახალგაზრდებს მიმართავს: „განათლება ყველაფრის ამოსავალია. სკოლა უპირველეს ყოვლისა! მაგრამ, ჯანმრთელობაც წესრიგში უნდა გქონდეთ, ამიტომ საავადმყოფოც უნდა დავასრულოთ.“
„როცა ამ ხალხს ხედავ და ყველაფერს, რასაც ისინი თავის სახლში გთავაზობენ, ხვდები, რომ მათთვის კიდევ უფრო მეტი და მაგრად უნდა იშრომო.“ – ამბობს მანე, რომელმაც სენეგალის მთავრობას 40 000 ევრო აჩუქა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.
სადიო მანეს უდიდეს, ცხრაკაციან ოჯახს, ჯერ კიდევ ეძინა, თუმცა არ სძინებია თავად ფეხბურთელს. მას, მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა წინ: გაქცევა დაკარში. ბალახში გადამალული საჭირო ნივთები უნდა აეღო და – წინ, დედაქალაქში, ოცნებისკენ. მისი გაქცევის შესახებ მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა – მანეს მეგობარმა.
🗣სადიო მანე: „სახლიდან, ჩემი სოფლიდან გავიქეცი, რადგან მინდოდა, ჩემს ოცნებას გავყოლოდი. ჩემი ოჯახი ამას არ ეთანხმებოდა; დედას უნდოდა, რომ მესწავლა. მაგრამ ერთ დღეს მას მკაფიოდ ვუთხარი: “სკოლა ჩემთვის არ იყო”.
„მანამდე სოფელი არასდროს დამიტოვებია. 18 კილომეტრზე შორსაც კი არ ვყოფილვარ წასული. მთელი ჩემი ცხოვრება იქ, იმ ერთ ადგილას უკიდურეს სიღარიბესა და გაჭირვებაში გავატარე. მაგრამ ერთ დღესაც, უბრალოდ გადავწყვიტე წასვლა. ძალიან ადრე, დილის ხუთ ან ექვს საათზე ავდექი და დაქარში გავიპარე. ჩემი ოჯახისთვის ეს ნამდვილი დრამა იყო; ჩემმა მეგობრებმა მათ უთხრეს, რომ გავიქეცი, ყველგან მეძებდნენ, ბოლოს მიპოვეს და სოფელში დამაბრუნეს.
როდესაც დავბრუნდი, პირდაპირ დედასთან მივედი და ვუთხარი: „მომისმინე, სკოლა ჩემთვის არ არის. გპირდები, კიდევ ერთ წელს ვისწავლი, მაგრამ თუ ამის შემდეგ მხარს არ დამიჭერ… ისევ წავალ და თუ ისევ წავალ, ამჯერად უკვე მარტო. მათ ერთმანეთში ილაპარაკეს — ბიძაჩემმა, დედაჩემმა, ყველამ. იცოდნენ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. ერთი წლის შემდეგ მაგიდასთან დავსხედით და სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი.
ეს დაუჯერებელია, რადგან ახლა მილიონობით ადამიანი მიყურებს, ხედავენ ჩემს თამაშს, აანალიზებენ ტელევიზორში… მაგრამ მათ არ იციან ეს განვლილი გზა. მათ არ იციან ის უდიდესი მსხვერპლი, რაც ამის უკან დგას.
როდესაც 2011 წლის იანვარში საფრანგეთში ჩავედი, ისეთი სიცივე იყო, რაც ცხოვრებაში არ მიგრძვნია. ხალხს ხელთათმანები, ქუდები და თბილი ტანსაცმელი ეცვა. მე კი მხოლოდ ერთი მაისურისა და შარვლის ამარა ვიყავი ხუთი წუთის შემდეგ ხელებს ვეღარ ვგრძნობდი. იმ დღეს ტკივილისგან დილის სამ საათამდე ვერ ვიძინებდი. ახალ ქვეყანაში, ენის ცოდნის, ოჯახისა და სითბოს გარეშე ძალიან გამიჭირდა.
მიუხედავად ამისა, ყოველ დილით, ექვს საათზე, მარტო გავდიოდი სარბენად, რომ გავძლიერებულიყავი და ჩემი ადგილი მომეპოვებინა. და როდესაც საბოლოოდ პირველ გუნდში მოვხვდი, ადგილი აღარასდროს დამიკარგავს. ხალხს ჰგონია, რომ მხოლოდ მოთამაშეს ხედავენ, მაგრამ ვერ ხედავენ მის მიღმა არსებულ ისტორიას. ყველაფერმა, რაც გადავიტანე, გამომაწრთო და მაიძულა, წინ მევლო. თითქოს შინაგანი ხმა მიმეორებდა: „მიდი, მიდი, მიდი… არ დანებდე“.
საბოლოოდ, ჩემი ოჯახი მიხვდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ჩემთვის მხარი დაეჭირათ. ექვსი თვის შემდეგ, პირველ კონტრაქტს მოვაწერე ხელი.“
სადიოს მამა (ის გარდაიცვალა, როცა ბიჭუნა სულ რაღაც 11 წლის იყო) და ბიძა, ფეხბურთით მისი გატაცების წინააღმდეგნი იყვნენ: წარმატებისთვის რომ ვერ მიეღწია, ცხოვრებაში თავის გზას ვეღარც იპოვიდა. სადიოს გაუჩინარების შემდეგ, ისინი მეგობრის მშობლებთან წავიდნენ და საბოლოოდ, მთლიანი ინფორმაცია მოიპოვეს. გაქცეული ბიჭი დაკარში იპოვეს და ოჯახში დააბრუნეს.
მაგრამ, იმ მომენტში, ოჯახის შეგნებაში რაღაც შეიცვალა და შემდეგში, უკვე 15 წლის სადიო, დაკარში ბიძასთან ერთად წავიდა. მას „ჟენერასიონ ფუტის“ აკადემიაში უწევდა სინჯების გავლა. თავის წარმოჩენა რთული არ აღმოჩნდა და სადიომ დაიწყო სწავლა აკადემიაში, სახლში კი მხოლოდ ზაფხულში ბრუნდებოდა, რათა ოჯახს ბრინჯისა და არაქისის მინდვრებზე მუშაობაში დახმარებოდა. განაგრძეთ კითხვა


