ფათერაკები ვერ შეაშინებს რამაზ ჩხიკვაძეს. ლეგენდა გემზე დაიწყება. რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები გურამ საღარაძე და რამაზ ჩხიკვაძე ოდესაში წავლენ ხანმოკლე შვებულების გასატარებლად. წავლენ გემით – ბათუმიდან. იალტაში გემბანზე ავა ავაზასავით ქალი – ნატაშა კობახიძე, მეგობრებთან ერთად. „დავინახე ნატაშა, საოცარი სილამაზის ქალი. საოცარი ტან-ფეხით, ვახ-მეთქი, შენ გენაცვალე“, – იტყვის გურამ საღარაძე და გაიცნობს ნატაშას, გაიცნობს და გააცნობს რამაზს. მთელ საღამოს, ღამეს ერთად გაატარებენ სუფრასთან – რამაზი, გურამი, ნატაშა და მისი მეგობარი. საუბარში დაათენდებათ. რამაზი გურამს მიუტრიალდება და ეტყვის – „მე ამ ქალს ცოლად შევირთავდი“. რამაზი და ნატაშა შეხვედრაზეც შეთანხმდებიან, მაგრამ ეს შეხვედრა ვერ შედგება. თუმცა, გავა დრო და ისინი მაინც შეხვდებიან ერთმანეთს. გემზე შეხვედრამდეც და საბოლოო შეხვედრამდეც მათ დიდი გზა გამოიარეს: რამაზი გახდება თბილისური ბოჰემის გული, თბილისელი „მოდნიცების“. დაბადების დღეები წარმოუდგენელი იქნება რამაზის ელვარე იუმორის, სიმღერის, დაკვრის გარეშე. რამაზი გახდება მოტრფე ცხოვრების, დროსტარებისა და თან, შრომის – თავდაუზოგავი შრომის. წარმატებული სტუდენტობის შემდეგ – რუსთაველის თეატრი, სადაც ის კარგა ხანს ჩაიკარგება უღიმღამო როლებში, ორჯერ დააპირებს კიდეც თეატრის მიტოვებას და ოპერაში გადასვლას. შემდეგ იქნება ლეგენდარული „შვიდკაცა“, თუმანიშვილი ათამაშებს „ესპანელ მღვდელში“. წარმატებულ სპექტაკლს ისევ უღიმღამო წლები მოჰყვება, შემდეგ ისევ თუმანიშვილის შედევრი – „როცა ასეთი სიყვარულია“, მერე გაიხსნება მცირე სცენა – სპექტაკლით „ჭინჭრაქა“ და დაიწყება რამაზ ჩხიკვაძე – როგორც შემდეგ რობერტ სტურუა იტყვის – „რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყება“. და დაიწყო სტურუა-ჩხიკვაძის ტანდემი. მათი შეხვედრა „შეხვედრაში“ შედგება, გაგრძელდება „მზიან ღამეში“, შემდეგ იქნება „ხანუმა“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ყვარყვარე“… და მეოცე საუკუნის მსოფლიო თეატრის მშვენება – „კავკასიური ცარცის წრე“, შემდეგ „რიჩარდ მესამე“ – მსოფლიო აღიარება. „კავკასიური ცარცის წრე“ შევა მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში, რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე – ყველა დროის რიჩარდების ათეულში და ყველა ამ წარმატებაში დიდ წვლილს შეიტანს სწორედ ის ქალბატონი – გემზე გაცნობილი…. „ჭინჭრაქას“ დროიდან ის დაუახლოვდება რამაზს, დაუახლოვდება რუსთაველის თეატრს და „ყვარყვარეს“ დროს თითქმის თეატრის კოლექტივის წევრი გახდება – ნატაშა არაოფიციალურ მენეჯერად მოევლინება რუსთაველის თეატრს. ნოდარ გურაბანიძის თქმით, სწორედ ამ ასპარეზზე გაიფურჩქნება ნატაშას ნიჭი, გონიერება, თანდაყოლილი დიპლომატიური უნარი, აქ პოვებს გასაქანს მისი საარაკო მიზანსწრაფულობა და ტემპერამენტი. რამაზი და ნატაშა ერთად გაივლიან დაბრკოლებებით აღსავსე გზას ცხოვრებაშიც და თეატრშიც. ექნებათ ბევრი მძიმე დღეები, იქნება ბევრი ჭორიც, უბედურებაც – რამაზის მშობლებს ბევრ ცუდს ეტყვიან ნატაშაზე, რამაზს ოჯახთან ურთიერთობა დაეძაბება, მაგრამ უკან არ დაიხევს – შინიდან წავა. ხან სად იცხოვრებენ, ხან – სად, როგორც თავად იტყვის, 20 ბინას გამოიცვლიან, სარდაფშიც მოუწევთ ცხოვრება, სხვენზეც, მეგობრებთანაც – ცოტა ხანს კარლო საკანდელიძის ოჯახში, ედიშერ მაღალაშვილთანაც, ეროსისთანაც, რაღაც პერიოდი ეროსის მეზობლებიც შეიფარებენ… თავის დროზე კი, ნატაშა იტყვის „ჩემი აკადემიკოსობით საქართველოს ბევრი არაფერი მოემატება, გადავწყვიტე, რამაზს შევუწყო ხელი“. ამას იტყვის მეცნიერი, მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. „ჩემი ცოლი სოკრატე არ არის და არც არისტოტელე, მაგრამ ჩვეულებრივად განათლებული ქალია, უმაღლესი აქვს დამთავრებული, საკანდიდატო დისერტაცია აქვს დაცული, საერთოდ, გამჭრიახი გონება აქვს. ჭკვიანი ქალი კარგია, აბა, უჭკუო ვის რად უნდა? რა გითხრათ, ჩვენ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია, როცა ქალი ნორმალურად ეჭვიანობს, ასატანია… ნატაშა ძალიან მეხმარებოდა იმით, რომ არ მაქებდა და მუდამ კრიტიკული იყო ჩემი შემოქმედების მიმართ. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაშს უკრავს, „ო, რა კარგია, ო, რა კარგია“, ეს, რა თქმა უნდა, მაინც ცუდად მოქმედებს ადამიანზე, განსაკუთრებით თავიდან, სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელია, დაუღვინებელია. ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაშიტუში არ ვარგა“…
სრულად