წელსაც, “თბილისობის” მთავარი ლოკაციები ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი იქნება. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებასთან ერთად, 20 სექტემბერს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალი, ხოლო 21 სექტემბერს საზეიმო კონცერტი ჩატარდება.
„იმის გამო, რომ წელს, 4 ოქტომბერს არის თვითმმართველობის არჩევნები, „თბილისობა“ 20-21 სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების მთავარი ლოკაციები კვლავ ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი იქნება, სადაც ორი დღის განმავლობაში, სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ. 20 სექტემბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ტრადიციულად საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც სატელევიზიო ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტი ჩატარდება.
რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, ორივე დღეს, ორბელიანის მოედანზე წარმოდგენილი იქნება გამოფენები, თეატრალიზებული, გასართობი თუ საბავშვო პროგრამები; აბანოთუბანში 20-21 სექტემბერს ჩატარდება გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“, ხოლო რიყის პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ საბავშვო წარმოდგენები და ქართული ესტრადის შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში გაავრცელებს.