ლაზარე გრიგორიადისმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, საპატიმრო დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი დღეს გამოსცა.
თბილისში 2023 წლის 7, 8 და 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს მიუსაჯა.
****
გაერო ღაზის სექტორში მასობრივი სამარხების აღმოჩენის გამო შეშფოთებულია. საერთაშორისო ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი, ფაქტის დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით საავადმყოფოებს აქვთ განსაკუთრებული დაცვის უფლება. და მშვიდობიანი მოსახლეობის, დაკავებულების და სხვა ადამიანების განზრახ მკვლელობა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ, ომის დანაშაულია“, – განაცხადა მან.
პალესტინური მხარის განცხადებით, ანკლავში ნასერის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე 283 ადამიანის სამარხს მიაგნეს. მათგან მხოლოდ 42-ის იდენტიფიცირება მოხერხდა. ნასერის სამედიცინო ცენტრში ისრაელის ოპერაციის დაწყებამდე, საავადმყოფოს პერსონალმა განაცხადა, რომ რამდენიმე გარდაცვლილი ტერიტორიაზე თავად დამარხეს, რადგან მათ სასაფლაოზე წვდომა შეზღუდული ჰქონდათ.
****
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.
დეპარტამენტის ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
****
სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
სამედიცინო დაწესებულებები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. რეგიონული განაწილება ასეთია: თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა და სამეგრელო.
****
სტუდენტები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს გუშინ, 23 აპრილს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.
მათი განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადანაცვლება სიმბოლური იყო და გადაწყვეტილება მთავრობის წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდებოდა.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, პროტესტი დღეს, 24 აპრილს, 19:00 საათზე კვლავ გაგრძელდება.
****
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სოფელ ჩხორიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ფერმერ გიორგი გაბუნიას თხილის ბაღი დაათვალიერა და იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებიც თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან მიზნობრივ დახმარებას იღებენ.
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა მიმდინარე წელსაც მაქსიმალური იქნება; ფერმერებს 50-მდე აგრონომი თხილის ბაღების სწორად მოვლის კუთხით გაუწევს საჭირო კონსულტაციებს, პროცესში ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაციაც.
****
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის. თუმცა, წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ბრძოლა ორ ფავორიტ კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტს, სტევო პენდაროვსკისა და გორდანა სილიანოვსკას შორის გაიმართება.
ჩრდილოეთ მაკედონიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დღეს, დილის 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.