ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა 85 წლის პაციენტს უარი უთხრა მიღებაზე, რომელსაც ნაოპერაციების გასწორება სჭირდებოდა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომამდე, გადაუდებელი დახმარების უფროსმა ექიმმა თავად დატოვა თანამდებობა.
მინისტრი გამოეხმაურა ბათუმში ექიმების პროტესტს, სადაც მათ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის (ემერჯენსის) განყოფილების ხელმძღვანელ ჯუმბერ ბოლქვაძეს სოლდარობა გამოუცხადეს.
„ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალბატონს დასჭირდა ოპერაციასთან დაკავშირებული გართულების გასწორება. სასწრაფო სამედიცინო სამსახური დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ამ კონკრეტულმა [„ემერჯენსის“ უფროსი ჯუმბერ ბოლქვაძე] თანამდებობის პირმა უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. დღეს მიზეზად იმ გარემოების დასახელება, თითქოსდა ადგილები არ იყო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი.
იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულში. მას შემდეგ, რაც ლამის პირადად ჩავერიე რამდენიმე ხელმძღვანელ პირთან ერთად, აღმოჩნდა შესაძლებელი, რომ იმავე დაწესებულებაში მიეღოთ პაციენტი. ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. [ექიმმა] დაასწრო მოვლენებს და თვითონ განაცხადა, გვითხრა, რომ აპირებდა წასულიყო სამსახურიდან სექტემბრის ბოლოს. ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის იმ მოვლენების განვითარება, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ამ ყველაფრის მერე, მგონია, რომ, უბრალოდ, მიზეზი არ არსებობს და ცოტა უხერხულ მდგომარეობაში თავად ჩაიგდო თავი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). მიხეილ სარჯველაძე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა 85 წლის პაციენტს უარი უთხრა მიღებაზე, რომელსაც ნაოპერაციების გასწორება სჭირდებოდა და შემდეგ თავად დატოვა თანამდებობა. 2 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მიხეილ-სარჯველაძე-ბათუმ/
