გუშინ გავრცელდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გუნდის კაპიტნის, გურამ კაშიას განცხადება, სადაც იგი მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარი გამოიყო, რაც მათივე თქმით, ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს.
ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის მიცემული პრემიაზე ფეხბურთელთა გამოხმაურებები მთავარი პოლემიკისა და არაერთგვაროვანი შეფასების საგანი გახდა სოციალურ ქსელში, რასაც ექსპერტი გია ხუხაშვილი პოსტით ეხმაურება:
„მე გახლავართ ცოცხალი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელიც მადლიერია ბიძინასი იმისთვის, რაც კარგი გაუკეთებია ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვის. ამაზე ბევრი მიწერია წიგნში.
ასევე ცოცხალი მაგალითი ვარ იმ ადამიანის, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს მას იმ დამანგრეველი, მანკიერი პოლიტიკისთვის, რომლითაც ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე დააყენა და ყველაფერს ვაკეთებ მისი ძალაუფლებისგან ჩამოშორებისთვის.
არ არსებობს აბსოლუტური ბოროტება, ისევე როგორც არ არსებობს აბსოლუტური სიკეთე.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადამიანის შექება, თუ ის რამე კარგს გვიკეთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სიჩუმეს, თუ იგივე ადამიანი რაიმე მნიშვნელოვანს აფუჭებს.
წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც ყველაფერთან ერთად ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან“, – წერს გია ხუხაშვილი.