გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმის შეფასებით, ორი პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო ცხრა პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოსული არის 11 პაციენტი, აქედან ექვსი პაციენტი არის პედიატრიული ასაკის და ხუთი პაციენტი არის მოზრდილი. აქედან გამოვარჩევდით ორი პაციენტის მდგომარეობას. ისინი შედარებით მძიმე პაციენტები არიან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტოლოგმა ანა კოჩაძემ.

