საქართველოში მოზარდებში კვლავ ვრცელდება სახიფათო ქცევა, რომელსაც ისინი სხვადასხვა სახელით, მათ შორის „სვანურ კაიფად“ მოიხსენიებენ.
ამ პრაქტიკის დროს ახალგაზრდები ერთმანეთში ე.წ. გამოწვევებს აწყობენ, რომლებიც სუნთქვის დროებით შეზღუდვას, სხეულის გარკვეულ უბნებზე ზეწოლას ან გონების დაკარგვის პროვოცირებას უკავშირდება.
მშობლებისა და პედაგოგების ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ასეთმა ქმედებებმა მოზარდებში სხვადასხვა სახის ტრავმა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. სპეციალისტები აფრთხილებენ, რომ მსგავსი „გართობა“ შესაძლოა დასრულდეს სერიოზული დაზიანებით, გონების ხანგრძლივი დაკარგვით, თავის ტრავმით და სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით.
რამდენიმე კვირის წინ აღნიშნულ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა „კრეატივის სკოლამაც“, რომელმაც მშობლებსა და მასწავლებლებს მოუწოდა განსაკუთრებული სიფრთხილისკენ. მათი ინფორმაციით, სხვადასხვა სკოლაში გავრცელებულია პრაქტიკა, რომლის დროსაც მოსწავლეები ცდილობენ ერთმანეთში გონების დაკარგვის გამოწვევას, რაც ხშირ შემთხვევაში დაცემითა და დაზიანებებით სრულდება.
სპეციალისტების შეფასებით, სოციალური ქსელებით გავრცელებული მსგავსი გამოწვევები ხშირად მოზარდების ცნობისმოყვარეობასა და თანატოლების გავლენას ეყრდნობა, თუმცა რეალურად ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ისინი მშობლებსა და პედაგოგებს ურჩევენ, ბავშვებთან ღიად ისაუბრონ ასეთი ქცევების რისკებზე და აუხსნან, რომ ინტერნეტში პოპულარული ნებისმიერი ტრენდი უსაფრთხო არ არის.
სწორედ ამ საკითხზე, ასევე სხვა სახიფათო გამოწვევებსა და ე.წ. „ბოროტ ხუმრობებზე“, რომლებიც შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს, სპეციალისტებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“.

