ჯანდაცვის მინისტრის – მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მედიკამენტებზე მოქმედი ფასები, ბაზარზე არსებული ვითარება და სისტემის ეფექტიანობა განიხილეს.
კომისიის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს რეფერენტული ფასების სისტემის განვითარებაზე, ბაზრის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებასა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე.
ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7 500-ზე მეტ მედიკამენტზე. ფასის ზედა ზღვარი, დამატებით, კიდევ 700-ამდე მედიკამენტზეც დაწესდება.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები და უწყებათაშორისი კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

