პედიატრების, ძმები ჩახუნაშვილები განმარტებით, გავრცელებული შეხედულება, თითქოს ფეხშიშველი სიარული ბავშვში გაციებას იწვევს, მცდარია.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გაციება უმეტეს შემთხვევაში ინფექციებით არის გამოწვეული და არა ტემპერატურის ან ფეხშიშველი სიარულის გამო. პირიქით, ფეხსაცმლის გარეშე მოძრაობა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს.
ფეხშიშველი სიარული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ბავშვი პირველ ნაბიჯებს დგამს. ამ პროცესში ძლიერდება ფეხის თაღის კუნთები, ვითარდება პროპრიოცეფცია (სხეულის აღქმა სივრცეში), უმჯობესდება კოორდინაცია და აქტიურდება მთელი კინეტიკური ჯაჭვი. შედეგად, მცირდება მომავალში ორთოპედიული პრობლემების განვითარების რისკიც.
პედიატრები მშობლებს ურჩევენ, სახლში ბავშვებს მაქსიმალურად მისცენ ფეხშიშველი გადაადგილების შესაძლებლობა, რადგან ეს მათი ჯანსაღი ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

