ტვინის ჯანმრთელობის მსოფლიოს პირველი ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ.
პარიზის ტვინის ჯანმრთელობის ინსტიტუტმა დაარსების 15 წელი ტვინის ჯანმრთელობის საერთაშორისო ფორუმით აღნიშნა, რომელმაც ერთი მიზნის გარშემო გააერთიანა მეცნიერები, ჯანდაცვის ექსპერტები და ექიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ტვინის ჯანმრთელობა XXI საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად იქცა. ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებები დღეს კაცობრიობის მესამედზე მეტს ეხება, რაც ამ სფეროს მიმართ უპრეცედენტო ინტერესსა და საერთაშორისო ყურადღებას განაპირობებს.
ღონისძიება გაიმართა ამა წლის 14–16 იანვარს. სამდღიანი ფორუმი პარიზის ტვინის ინსტიტუტში გაიხსნა, მუშაობა იუნესკოს შტაბ-ბინაში გაგრძელდა და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ შენობაში დასრულდა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს გაბრიესუსმა, ავსტრიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰანს ფიშერმა, საფრანგეთის მეცნიერებათა და განათლების მინისტრმა ფილიპ ბაპტისტმა, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნესკოს უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა.
პარიზის ტვინის ინსტიტუტის მოწვევით ფორუმის მუშაობაში მსოფლიოს წამყვან ნეირომეცნიერებთან, ნევროლოგებთან და ფსიქიატრებთან ერთად მონაწილეობას იღებდა პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების ერთადერთი წარმომადგენელი.
პანელურ დისკუსიაში, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ტვინის დაავადებების მკურნალობის გამოწვევებსა და პერსპექტივებს დაეთმო, ქართველმა ნევროლოგმა საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა უნიკალური ხედვა ევროპისა და აზიის, გლობალური ჩრდილოეთისა და გლობალური სამხრეთის გადაკვეთის წერტილიდან, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონს და, პირველ რიგში, საქართველოს ტვინის ჯანმრთელობის სფეროში გამორჩეულ ადგილად აქცევს. აღნიშნული პერსპექტივა ფართო დისკუსიის საგანი გახდა და პრაქტიკულად სრულად იქნა მოწონებული ფორუმის მონაწილეთა მიერ.
მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.facebook.com/reel/1408848541252357


