წყლის ბალანსის შევსება შეჯიბრის პირობებში როგორც უკვე აღინიშნა, გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში ინტენსიური და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შესრულებისას სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობა იკარგება, რის შედეგიცაა ორგანიზმის გაუწყლოება, რამაც საბოლოოდ სითბური დარტყმა შეიძლება გამოიწვიოს. ფიზიკური დატვირთვის დროს წყლის საკმარისი რაოდენობით მიღებისას სხეულის ტემპერატურა ნაკლებად იმატებს.
თუ სითხის მიღება დროში სწორადაა გადანაწილებული, ე.ი. სითხე მიიღება ნაწილ-ნაწილ, ყოველ 15-40 წთ-ში 150-200 მლ-ის რაოდენობით, მცირდება სისხლის პლაზმის დაკარგვა და, შესაბამისად, შენარჩუნდება ცირკულირებადი სისხლის ნორმალური მოცულობა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას.
ცნობილია, რომ სითხის დიდი რაოდენობა უფრო მალე ტოვებს კუჭს, მაგრამ ინტენსიური დატვირთვისას კუჭის სითხით გადავსება გამოიწვევს არასასიამოვნო შეგრძნებებს, ამიტომ სითხის მიღება მცირე ულუფებითაა რეკომენდებული. ცნობილია ასევე, რომ გლუვი კუნთების აქტიურობის ხარჯზე ცივი წყალი უფრო სწრაფად ტოვებს კუჭს, მაშასადამე, სასმელი გაცივებული უნდა იყოს,თუმცა ინტენსიური ტრენინგისას წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის რადგან არ მოხთეს სისხლძარევების სპაზმირება. გლუკოზის ხსნარების მიღება არა მარტო ორგანიზმში წყლის მარაგის შევსებას უწყობს ხელს, არამედ სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ეს კი, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი შრომისუნარიანობის შენარჩუნებისათვის, ვინაიდან ხანგრძლივი მუშაობის პირობებში სისხლში გლუკოზის დონე მცირდება.
ამასთან, ცნობილია, რომ გლუკოზის მაღალი კონცენტრაციის მქონე ხსნარები კუჭიდან შედარებით ნელა ევაკუირდება, ე.ი, მიღებული სითხე უფრო დიდი ხნით რჩება კუჭში. მაშასადამე, მიზანშეწონილია გლუკოზის დაბალი შემცველობის მქონე ხსნარების მიღება. კუჭიდან სწრაფი ევაკუაციისათვის სასმლის ოსმოსური წნევა დაბალი უნდა იყოს, რის მიღწევაც შესაძლებელია მასში მარილების დაბალი კონცენტრაციით. ფიზიკური აქტივობისას მიღებული სითხის მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ წყლის შეწოვის მაქსიმალური სიჩქარე წუთში 0,8 ლიტრია.
მარილების დამატებითი რაოდენობით მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის განმეორებადი (რამდენიმე დღის მიყოლებით) შესრულებისას, რომელსაც თან სდევდა ოფლის მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყოფა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი მარილხსნარების მიღება რეკომენდებული არაა უშუალოდ ფიზიკური დატვირთვის შესრულებისას.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები