„რა წამსაც გაფორმდება ახალი ნორმატივები, იმ ონკოპაციენტებს, რომლებსაც უკვე ამოწურული ჰქონდათ 25 000 ლარიანი ლიმიტი, ახალი რეჟიმით ექნებათ ამ ლიმიტით სარგებლობის შესაძლებლობა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„არის გარკვეული რაოდენობა ონკოპაციენტებისა, რომელთაც უკვე ამოწურული ჰქონდათ ეს 25 000-ლარიანი ლიმიტი და შესაბამისად, ჰქონდათ ეს პრობლემა. მათთან მიმართებაშიც გავრცელდება ახლად მიღებული გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს იმას, რომ რა წამსაც გაფორმდება ეს გადაწყვეტილება, ამ პაციენტებს ახალი რეჟიმით ექნებათ სარგებლობის შესაძლებლობა და ის, რომ ამ ნორმატიული აქტის მიღებამდე ამოეწურათ ლიმიტი, არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე დაბრკოლება ან წინაღობა შეექმნებათ ამ მინიჭებული შესაძლებლობით სარგებლობაში“,- აღნიშნა სარჯველაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 ათასლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“.
მასალის გამოყენების პირობები