ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიშენი ექიმიიმუნოთერაპია - ახალი ეპოქა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში

იმუნოთერაპია – ახალი ეპოქა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანის ორგანიზმი ერთი დიდი ციხესიმაგრეა, რომლის ჯარისკაცებიც იმუნური უჯრედები არიან. ამ უჯრედების ერთობლიობა იმუნურ სისტემას აყალიბებს, რომლის დახმარებითაც ჩვენს ორგანიზმს შეუძლია, თავიდან მოიშოროს როგორც პათოგენური მიკროორგანიზმები – ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, ისე საკუთარი სიცოცხლისუუნარო და გადაგვარებული სიმსივნური უჯრედებიც კი.

თუმცა, დროთა განმავლობაში სიმსივნურმა უჯრედმა შესაძლოა თავად განივითაროს დაცვის მექანიზმი და გახდეს მდგრადი ადამიანის იმუნური უჯრედების ზემოქმედებისადმი: „დაემალოს“ ჩვენს იმუნურ სისტემას ან უბრალოდ დათრგუნოს იმუნური უჯრედების მოქმედება, რაც სიმსივნურ უჯრედს აძლევს ზრდისა და გამრავლების შესაძლებლობას.

სიმსივნურმა უჯრედებმა იმუნიტეტისგან თავდაცვა შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა მექანიზმით განახორციელონ, თუმცა ბოლო წლებში დიდი ყურადღება ექცევა სიმსივნური უჯრედის ზედაპირზე მყოფ სპეციალურ მოლეკულას – PD-L1-ს, რომელიც უკავშირდება სიმსივნის საწინააღმდეგოდ მებრძოლ მთავარ იმუნურ უჯრედზე – T ლიმფოციტზე არსებულ PD-1 მოლეკულას. ამ ურთიერთკავშირით სიმსივნური უჯრედი თრგუნავს T ლიმფოციტის მოქმედებას და მას აღარ შეუძლია სიმსივნური უჯრედის განადგურება. ეს მოლეკულები „ჩექ-ფოინთის“ სახელითაა ცნობილი.

ამ მექანიზმის აღმოჩენამ და შესწავლამ დასაბამი დაუდო იმუნოთერაპიას, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალ ეპოქას: შეიქმნა პრეპარატები – „ჩექ-ფოინთ“ ინჰიბიტორები, რომლებიც ბლოკავს კავშირს PD-1 და PD-L1 მოლეკულებს შორის, შედეგად სიმსივნური უჯრედი ვეღარ თრგუნავს T ლიმფოციტს, ის რჩება ბრძოლისუნარიანი და ანადგურებს გადაგვარებულ სიმსივნურ უჯრედებს.

მკურნალობის ამ ინოვაციურ მეთოდს, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი იმუნური უჯრედების დახმარებით გაანადგუროს სიმსივნური უჯრედი, იმუნოთერაპია ეწოდება.

რით განსხვავდება იმუნოთერაპია კიბოს დაავადებების სისტემური მკურნალობის სხვა ალტერნატიული მეთოდებისაგან? 

ქიმიოთერაპიული პრეპარატი ციტოტოქსიკურია: ის კლავს სწრაფად გამრავლებად სიმსივნურ უჯრედებს და, ასევე, აზიანებს ადამიანის ზოგიერთ ნორმალურ  უჯრედსაც. რაც შეეხება ტარგეტულ, ანუ დამიზნებით თერაპიას, ის მოქმედებს სიმსივნური უჯრედისათვის სპეციფიკურ სამიზნე მოლეკულაზე და კლავს სიმსივნურ უჯრედს.

იმუნოთერაპია კი სიმსივნის წინააღმდეგ იყენებს ორგანიზმის საკუთარ რესურსს – იმუნურ სისტემას.

დღეისათვის აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) და  ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) არაერთი იმუნოთერაპიული პრეპარატი აქვს დარეგისტრირებული სხვადასხვა ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ.

  ექიმები ასახელებენ დაავადებებს, რომლებიც შეიძლება ზღვიდან „წამოიღოთ“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights