ინტერნეტში გვერდიდან გვერდზე ხეტიალში ბევრ უცნაურ რამეს წააწყდება ადამიანი. მაგალითად, წაწვეტებულ ნიღბებს, რომლებიც პრეისტორიული ფრინველის ჩონჩხს ჰგავს. სინამდვილეში ეს შუა საუკუნეების ექიმების აღჭურვილობაა, რომლის დიზაინიც არსებული გარემოებების გათვალისწინებით შეიქმნა. იმისთვის, რომ ამ ნიღბების ისტორია მოგიყვეთ, წარსულში უნდა გადავინაცვლოთ – იმ დროში, როცა მედიცინა სულაც არ იყო ისეთი ძლევამოსილი, როგორიც ახლაა.
მე-14 საუკუნეში გობის უდაბნოდან წარმოშობილმა შავმა ჭირმა კაცობრიობა საგონებელში ჩააგდო. საშინელმა დაავადებამ ჯერ ჩინეთი და ინდოეთი მოიცვა, მერე კი მონღოლთა ჯარებთან ერთად ევროპაშიც შეაღწია. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: ოფლიანობა, ციებ-ცხელება, კანკალი, ძლიერი ტკივილები, მაგრამ მთავარი, ყველაზე საზარელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირის ამოცნობა შეიძლებოდა, ჩირქმდინარე წყლულები, ე.წ. ბუბონები იყო. ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერ ფერს იღებდა, დროთა განმავლობაში კი შავდებოდა. შავმა სიკვდილმა რამდენიმე წელიწადში ევროპის მეოთხედი გაანადგურა. საერთო ჯამში კი, სულ რაღაც 20 წელიწადში 60 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.
მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეების მედიცინას პანდემიასთან ბრძოლისთვის არანაირი იარაღი არ გააჩნდა, ექიმები დაავადებულების დახმარებას მაინც ცდილობდნენ, ამისთვის კი აუცილებელი იყო, თავად არ გამხდარიყვნენ შავი ჭირის მსხვერპლები. განაგრძეთ კითხვა
