ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი აღმოფხვრის კუთხით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, Malaria No More-ის, აშშ-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების სფეროს დირექტორ სპენსერ ნოლს შეხვდა.
შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძეს საქართველოს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
მხარეებმა მალარიის აღმოფხვრის მხრივ საქართველოს მიღწევები და ქვეყნის გამოცდილება განიხილეს. საუბარი შეეხო მალარიის ხელახალი გავრცელების პრევენციას, დაავადების მონიტორინგსა და მიღწეული შედეგების შენარჩუნების მნიშვნელობას.
მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს გამოცდილებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მალარიის წინააღმდეგ მრავალწლიანი და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მალარიის აღმოფხვრის კუთხით გლობალური ძალისხმევის გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს მიღწეული შედეგების შენარჩუნებისა და მალარიის ხელახალი გავრცელების რისკების პრევენციის მიზნით ეფექტიანი ღონისძიებების გაგრძელების საკითხები.
შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სულაბერიძე ესწრებოდა.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
