საექთნო საქმეში ლიდერობა სულ უფრო მეტადაა აღიარებული, როგორც მდგრადი ჯანდაცვის სისტემების ჩამოყალიბების, ეფექტიანი მულტიდისციპლინური თანამშრომლობისა და უსაფრთხო, მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად.
საქართველოში საექთნო და საფერშლო-სამეანო საქმის მიმდინარე რეფორმების კონტექსტში, ექთნებსა და მეანებში ლიდერული კომპეტენციების გაძლიერება გადამწყვეტი ნაბიჯია ამ სფეროს პროფესიონალიზაციის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის გაზრდისა და სამედიცინო მომსახურების მიწოდების თანამედროვე მოდელების განვითარებისკენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს კადრების გაძლიერებაში, რაც მოიცავს საექთნო განათლებას, უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და საექთნო კომპეტენციების ამაღლებას როგორც კლინიკურ, ისე მენეჯერულ პრაქტიკაში.
ამ პროცესში, WHO საქართველოს ოფისმა, საექთნო საქმეში ლიდერობისა და მმართველობის კოლაბორაციულ ცენტრთან და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, სამუშაო ვიზიტი მოაწყო. ვიზიტის მიზანი იყო საექთნო საქმეში ლიდერობის კურსის შემუშავება ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, საექთნო ასოციაციებთან, დამსაქმებლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კონსულტაციების საფუძველზე.
WHO კოლაბორაციული ცენტრის ექსპერტები შეხვდნენ მთავარ და უფროს ექთნებს, რომლებმაც საკუთარი კლინიკური, მენეჯერული და საგანმანათლებლო გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრები ასევე გაიმართა პროფესიულ ასოციაციებთან, რის შედეგადაც გამოიკვეთა საექთნო ლიდერობის გაძლიერების მთავარი პრიორიტეტები.
თბილისის, ზუგდიდის, რუხისა და ქუთაისის უმსხვილესი კლინიკების ხელმძღვანელებმა ექსპერტებს საექთნო ლიდერობის მიმართულებით საკუთარი ხედვა და საჭიროებები გაუზიარეს, რაც ხელს შეუწყობს პროფესიათაშორისი თანამშრომლობისა და ექთნების შიდა მენეჯმენტის კიდევ უფრო განმტკიცებას. საგანმანათლებლო დაწესებულებები კი დაეხმარნენ ექსპერტებს მდგრადი მიდგომის შემუშავებაში, რათა კურსის დანერგვა ქართულ რეალობაში არსებული რეგულაციების ფარგლებში მოხდეს.
ამ კონსულტაციებზე დაყრდნობით, WHO კოლაბორაციის ცენტრის ექსპერტები საექთნო ლიდერობის კურსს ადგილობრივ საჭიროებებს მოარგებენ, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
გამართულმა დისკუსიებმა ასევე შეუწყო ხელი უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას, პროფესიული ქსელების გაძლიერებასა და იმ სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრას, რომლებითაც WHO კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოში საექთნო ლიდერობის განვითარებას, პროფესიულ წინსვლასა და ჯანდაცვის სისტემაში ექთნების როლის გაზრდას.

