რა არის თავბრუსხვევის მკურნალობის ოქროს წესად მიჩნეული?
ამის შესახებ ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ეკა ხარხელი საუბრობს გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“.
„პირველ რიგში, სწორი დიაგნოსტიკა, რადგან სწორი დიაგნოსტიკა არის ეფექტური მკურნალობის გარანტი. ვესტიბულურ დარღვევათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სტრესული ფაქტორების შემცირება, სწორი რეჟიმი, საკმარისი ძილი, 7-8 საათი მაინც უნდა გვეძინოს, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რა საკვები აპროვოცირებს ჩვენს პრობლემას.
თუ ჩვენ ვიცით, რომ ვესტიბულური შაკიკი გვაქვს, არ უნდა მივიღოთ ფერმენტიზირებული ყველი, „ჩედარი“, „გაუდა“ წითელი ღვინო, კონიაკი, ლიქიორი, ჭარბი რაოდენობის ციტრუსი, ფასთ ფუდები, სოიოს სოუსზე დამზადებული საკვები, კონსერვირებული მიწის თხილი და ა.შ.
თუ ვიცით, რომ მენიერი (შიდა ყურის პათოლოგია) გვაქვს, არ უნდა მივიღოთ ჭარბად ნიტრატები და სუფრის მარილი, კოფეინი, ასევე უნდა შევამციროთ სტრესული ფაქტორები, თუ არის ასოცირებული ალერგია, ალერგიულ ფაქტორებს უნდა ვებრძოლოთ. საჭიროა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში – რეპოზიციული მანევრები და სარეაბილიტაციო ვესტიბულური ვარჯიშები“, – განმარტავს ექიმი.

