29 აპრილს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტის წინაშე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მოთხოვნის საფუძველზე წარსდგება.
როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე სასესიო კვირას, პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომისა და, შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციას ცნობად მიიღებს.
სხდომაზე, ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს გაეცნენ.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას. ამასთან, კანონის პროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები.
პარლამენტის ბიუროს წევრებმა ასევე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

