ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა და რამდენად მიჰყვება საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს.
„ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში გამოიყენება კონკრეტული მედიკამენტი, კორტიკოსტეროიდის კატეგორიის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის დანერგილი და გამოიყენება. მიუხედავად მისი გვერდითი მოვლენებისა – ოღონდ გვერდითი მოვლენები არ შეგვეშალოს ფატალურ რისკებში, აქ უდავოდ დადასტურებულია, რომ ამ მედიკამენტს ამ კორტიკოსტეროიდს აქვს უნარი ეტლში ჩაჯდომის გადავადება უზრუნველყოს და ეს რეალურად გამოსაყენებელია.
დღეს აღვნიშნე და ერთ-ერთი გამოწვევა, რაც არსებობს ამ სფეროში, არის ის, რომ მიუხედავად ამ დიაგნოზის მქონე ცოტა უფრო დიდი პოპულაციის ყოლისა, მხოლოდ 31 ადამიანია, ვინც იღებს დღემდე კორტიკოსტეროიდს. ეს ცუდია, რადგან რეალურად ეს წამალი არის, რაც უდავოდ უზრუნველყოფს და აუმჯობესებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებსაც ეს წამალი სჭირდებათ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მან სხვა საჭიროებებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებაც ისაუბრა.
„პარალელურად არის უამრავი საჭიროება, რასაც, ბუნებრივია, რომ მივდევთ და როგორც კი ეს საჭიროებები ჩნდება, ბუნებრივია, ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად დავეწიოთ და დავაკმაყოფილოთ. გასათვალისწინებელია, რომ ეს საკმაოდ რთული დაავადებებია, რომლებთან ბრძოლაში კაცობრიობა ჯერჯერობით, დახელოვნებული ნამდვილად არ არის.
განვითარებულ სამედიცინო სისტემებშიც ჩნდება გარკვეული სიახლეები, რასაც ბუნებრივია, თვალს ვადევნებთ და სწრაფად დანერგვისკენ ვდგამთ ნაბიჯებს. ეს გულისხმობს მედიკამენტებს და კვლევით პროცესებს.
გაგზავნილია უკვე მთავრობაში [ინიციტივა], დაწყებულია ამ მიმართულებით მუშაობა – ეს გულისხმობს მაგალითად, წელიწადში ერთხელ სტაციონარული, კომპლექსური გამოკვლევის ჩატარებას, რომელიც შეიცავს მაგალითად, კარდიოლოგიურ გამოკვლევასაც და ნეფროლოგიურ გამოკვლევასაც. ეს დაკვირვება ნიშნავს იმას, რომ ამან უნდა წარმოშვას პასუხები, თუ რა სჭირდება ინდივიდუალურად კონკრეტულ პაციენტს, მკურნალობისა და ყურადღების რა მიმართულებით გაძლიერებას საჭიროებს.
ამ დრომდეც ჰქონდათ [პაციენტებს] შეღავათები, ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ეხმარებოდა მათ, ეს ფართოვდება და კიდევ უფრო უკეთესი ხდება. მომავალშიც დაგეგმილია, ამაზე მუშაობა კვლავაც ინტენსიურად მიმდინარეობს და სიახლეები იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

