ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრს ჰკითხეს, რა ვადებში გაეცემა პასუხი იმ ადამიანებს, ვინც ელოდება დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც დაავადებულთა ოჯახების წევრები ითხოვენ.
„ზუსტად, ან მიახლოებით იმის თქმა, ან პროგნოზის გაკეთება, რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი, ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმ ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, EMA (ევროპის წამლის სააგენტო), ბევრი სხვა დაწესებულება, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ კვლევითი, თუ სხვა მიმართულებით, ვიდრე საქართველოს შეიძლება ჰქონდეს. ამიტომაც არის ლოგიკური, რომ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში. თუმცა აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და კომუნიკაციას შესაბამის დაწესებულებებთან, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ პასუხი კითხვებზე“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

