ჯანდაცვის მინისტრი კრონისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა.
მიხეილ სარჯველაძემ, მათთან ერთად დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე, პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის, დაავადებების მართვის პროგრამისა და სამკურნალო პროტოკოლის საკითხებზე იმსჯელეს.
„გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებით, პაციენტებითა და დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.
სამუშაო ჯგუფის წევრები კრონისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტთა მკურნალობის მიმართულებით არსებული საკითხების გადაჭრაზე იმუშავებენ, მათ შორის, განსაზღვრავენ პრიორიტეტებს და დაგეგმავენ მათ შესასრულებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია პაციენტთა ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფში შემავალი სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან მის მუშაობასა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში, თუ განხორციელებაში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

