გარდაიცვალა ახალშობილი, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ დედამ მძიმე დაზიანებები მიაყენა. ინფორმაციას კლინიკა “მედინა” ავრცელებს.
“დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 22 თებერვალს, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა.
კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი კლინიკის, ისე მოწვეული მრავალპროფილური სპეციალისტები. პაციენტს ჩაუტარდა არაერთი გადაუდებელი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო ჩარევა, თუმცა მისი მდგომარეობა თავიდანვე იყო უკიდურესად მძიმე.
ამ მძიმე პერიოდში ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო და რჩება პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.ვიზიარებთ მომხდარით გამოწვეულ ღრმა ტკივილს და თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრაგედია მძიმე დანაკარგია.მედიის წარმომადგენლებისთვის კლინიკაში ოფიციალური კომენტარი გაკეთდება 12:00 საათზე” – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ბათუმის კლინიკა „მედინაში“ კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. მას ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

