თბილისსა და ბათუმში ათასობით სკოლასა და ბაღში პარაზიტული ინფექცია მუნია გავრცელებული.
ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.
ინფექცია იწვევს ძლიერ ქავილს და მცირე, მოწითალო კვანძების გაჩენას კანზე
დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი გადაცემაში “დღის პოსტი” ე.წ. მუნით ინფიცირების შემთხვევებზე საუბრობს:
„პანიკამ ისეთი მდგომარეობა შექმნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატი, რომელიც მუნის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებად ითვლება, ახლა დეფიციტშია. ამის გამო ხშირად გვიწევს სხვა მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც ნაკლებად უსაფრთხოა და შესაძლოა კანს უფრო მეტად ავნოს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პრეპარატი მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმზე — კლავს ტკიპას, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით გამოყენებისას შესაძლოა ადამიანის კანზეც არასასურველი ზემოქმედება ჰქონდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია დოზის დაცვა და ინსტრუქციის მკაცრად მიყოლა.
თუ ადამიანი შიშის ფონზე ზედმეტად ბევრს წაისვამს, შეიძლება განვითარდეს გამაღიზიანებელი ან კონტაქტური დერმატიტი. განსაკუთრებით სიფრთხილე სჭირდება ბავშვებს — მათ კანი უფრო მგრძნობიარეა, ხშირად აქვთ ალერგიული ფონი ან ატოპიური დერმატიტი, და ქავილი, რომელიც მათ უჩნდებათ, ყოველთვის არ ნიშნავს მუნის არსებობას. შესაძლოა, მიზეზი თვითონ პრეპარატის მიერ გამოწვეული გაღიზიანება იყოს.
ზოგჯერ მშობლები ბავშვის დაცვას ცდილობენ, თუმცა ზედმეტი გამოყენებით პირიქით — კანის გაღიზიანებასა და ანთებას იწვევენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ და თვითნებურად არ გადაჭარბოთ მკურნალობის რაოდენობას.
თუ მუნით ინფიცირებულები ვართ, წავისვათ წამალი და კონტაქტში მყოფი პირები გავაფრთხილოთ. ეს საზოგადოებასთან ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა. თუ სკოლის მოსწავლეს მუნი დაუდგინდა, მშობელი ვალდებულია, პედაგოგი გააფრთხილოს. კონტაქტში მყოფი პირები თანადროულად იტარებენ არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ გარკვეულწილად კანის დამუშავებას, ინკუბაციურ პერიოდში რომ არ ვიყოთ. დეზინფექცია აუცილებელი პირობაა.
მიკროსკოპული ტკიპა მომენტალურად კვდება 100 გრადუს ტემპერატურაზე. ყველა ნივთი, რაც იხარშება, მაგალითად, პირადი თეთრეული, საწოლის თეთრეული, გადმოვხარშოთ. ასევე, სარეცხის მანქანებს 90-95 გრადუსი აქვს. თუ ტკიპა 100 გრადუსზე მომენტალურად კვდება, ამ შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში თუ თეთრეული იქ ჩერდება, ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დეზინფექცია მოხდეს.
ქსოვილებზე, რბილ სათამაშოებზე შეიძლება, დიდხანს გაჩერდეს ტკიპა. ასევე, თუ ადამიანი მძღოლია, საჭეზეც შეიძლება, იყოს. სკამით არ გადავა იმიტომ, რომ ჩვენ ტანსაცმლით ვსხდებით და მუნით ინფიცირებულიც ტანსაცმლით იჯდა. თეორიული პროცენტია იმისა, რომ ტანსაცმლით ავიკიდოთ, შემდეგ ის ტანსაცმელი კანზე მოგვხვდეს. კანით კანთან მჭიდრო კონტაქტით გადადის. ასევე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.
როგორც ვთქვით, დეზინფექციის ერთი საშუალება გადმოხარშვაა. ვთქვათ, ტანსაცმელი არ იხარშება, ვიცით, რომ 24 საათის განმავლობაში მინუს გრადუსზე ტკიპა კვდება. რაც არ იხარშება, მაგალითად, ქურთუკები, ტყავი, შარფები, შალის ქსოვილები, გავრეცხოთ, გავაშროთ, ჩავდოთ ერთჯერად ცელოფანში და 24 საათის განმავლობაში გავყინოთ.
დუღილის ტემპერატურა და ორთქლად ქცევის ტემპერატურა, ორივე 100 გრადუსია. ანუ, თუ რბილ სათამაშოებს 10 წუთის განმავლობაში ორთქლზე დავაყენებთ, დეზინფექციას მივიღებთ.
ასევე, შეგვიძლია, გარეცხილი და გამშრალი სინთეზური ტანსაცმელი დავაფინოთ, სველი ტილო, რომელიც არ იწვის, ის ზედ დავადოთ და უთოთი დავაშროთ.
ამ მარტივი მეთოდების დახმარებით, ჩემს პაციენტებთან რეინფექციის შემთხვევა არ მქონია“
ნახეთ გადაცემა ვრცლად:
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

