შისტოსომოზი (Shistosomosis) ანუ ბილჰარციოზი
ზოგადი მიმოხილვა – მსოფლიოში და საქართველოში: შისტოსომოზი ტროპიკული
ჰელმინთების (ტრემატოდების) ჯგუფს განეკუთვნება და ფართოდაა გავრცელებული ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის რეგიონებში.
ჯანმოს მონაცემებით შისტოსომოზით დაავადებულთა 90% ცხოვრობს აფრიკის
კონტინენტზე, საჰარის უდაბნოს სამხრეთ ქვეყნებში. ჯანმოს 2014 წლის
შეფასებით, შისტოსომოზის მკურნალობა და პროფილაქტიური მკურნალობა
მსოფლიოში ესაჭიროებოდა 300 მილიონამდე ადამიანს. შისტოსომოზი გვხვდება
მსოფლიოს 78 ქვეყანაში. ჯანმოს შეფასებით შისტოსომოზისმიერი გართულებებით
მსოფლიოში ყოველწლიურად 20 000 ადამიანი იღუპება. საქართველოში
შისტოსომოზის პირველი შემთხვევები აღწერილია 1966 წელს, დაავადებები
შემოტანილ იქნა იემენიდან. შისტოსომოზით დაავადების ადგილობრივი
შემთხვევები აღრიცხულ-რეგისტრირებული არაა.
გამომწვევი აგენტი: დაავადების (შისტოსომოზის) გამომწვევია ორსქესიანი
სისხლის ორპირები, რომლებიც განეკუთვნებიან Shistosom-ას გვარს. არსებობს
შისტოსომოზის ორი ძირითადი კლინიკური ფორმა: ნაწლავის და შარდ-სასქესო
სისტემის, რომელთა გამომწვევია შისტოსომას 5 სახეობა:
მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: ადამიანთა დაინვაზირება ხდება
სასოფლო-სამეურნეო, საყოფაცხოვრებო, საწარმოო და სხვა ისეთი საქმიანობისას,
როდესაც ადგილი აქვს პარაზიტების კვერცხებით დაბინძურებული მტკნარი
წყლის გამოყენებას. დასნებოვნება შესაძლებელია დაბინძურებულ წყალში
ტანსაცმლის რეცხვის დროსაც. ხშირია დაავადების შემთხვევები ტურისტებში,
რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ე.წ. ველურ, შეუსწავლელ ბუნებაში
მოგზაურობას. წყალსატევები წარმოადგენენ შისტოსომების შუამავალი პატრონის
მოლუსკების ბიოტოპებს. ადამიანის ორგანიზმიდან გამოყოფილი შისტოსომების
კვერცხების წყალში მოხვედრისას მათგან გამოდის წამწამებიანი მირაციდი,
რომელიც იჭრება მოლუსკის ორგანიზმში, სადაც მრავლდება და გარდაიქმნება
ცერკარიებად. ცერკარიები ტოვებენ მოლუსკის ორგანიზმს, წყალში ცურავენ და
კანისა და/ან ლორწოვანის გზით აქტიურად იჭრებიან ობლიგატური პატრონის
(ადამიანის) ორგანიზმში. სისხლის საშუალებით აღწევენ პერიტონეუმის ვენურ
სისტემას, სადაც 4-6 კვირის განმავლობაში ყალიბდებიან ზრდასრულ პარაზიტებად, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 14 და მეტი წელია.