ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.
წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური, პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.
ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.
მიკრობიოლოგიის საფუძვლები
ამ თავის დასრულების შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:
• შეაფასოთ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების მასშტაბი;
• სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ზოგიერთ გამოსავლის განმარტებას;
• მნიშვნელოვანი ორგანიზაციების, ინფექციებთან დაკავშირებული პრევენციებისა და
კონტროლის მეთოდების იდენტიფიკაციას.
შესავალი
ამ თავში გაეცნობით ზოგადად ინფექციებს და ასევე სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებულ ინფექციებსა (სმაი) და მათ შედეგებს. პირველ რიგში განვიხილავთ გავლენას პაციენტებზე, შემდგომ ჯანდაცვის თანამშრომლებზე, კერძოდ ექთნებზე, და საბოლოოდ, სამედიცინო დაწესებულებებზე. ამის შემდეგ მოვიხილავთ ორგანიზაციებს, რომელიც ექთნებს უზრუნველყოფს ინფორმაციითა და მხარდაჭერით სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციებით ინფიცირების შემთხვევაში.
2011 წელს, ინგლისში ჩატარებულმა პრევალენტობის ბოლო კვლევამ აჩვენა სმაი-ს გავრცელების მაჩვენებელი 6,4%, აქედან სიხშირით გამოირჩეოდა სასუნთქი და საშარდე გზების, ასევე ქირურგიული ჩარევის მიდამოს ინფექციები (ჯანდაცვის სააგენტო, 2012ა). ეს ნიშნავს რომ ჰოსპიტალიზირებული პაციენტების 6.4% ინფიცირდება სავადმოყოფოში შეძენილი ინფექციით. ეს მიახლოებითი მაჩვენებელია, რადგან ბევრი ინფექცია საავადმყოფოდან გაწერის შემდგომ ვლინდება, ამის დაფიქსირება კი ყოველთვის არ ხდება ჰოსპიტლის სტატისტიკაში.
სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები (სმაი), რომელსაც ასევე ნოზოკომიურ ინფექციებსაც უწოდებენ, არის როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური პრობლემა.
ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მიხედვით (ECDC,2007), ყოველწლიურად დაახლოებით 50,000 ადამიანი იღუპება სმაი-ით, ხოლო 99,000 – ა.შ.შ-ში. აქედან გამომდინარე სმაი, მართლაც, საერთაშორისო პრობლემაა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ სმაი-ს 15-30%-ის თავიდან არიდება შესაძლებელია, იმის გამოყენებით რაც უკვე ვიცით ამ ინფექციების პროფილაქტიკის მეთოდების შესახებ. საექთნო საქმიანობა მიზნად ისახავს ინფექციების რისკის შემცირებას, რათა თავიდან ავირიდოთ ჩვენი პაციენტების ინფიცირება. ამისათვის ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებს მივმართავთ.
ნოზოკომიური ინფექციების შედეგები
სმაი-ს აქვს უარყოფითი გავლენა პაციენტებზე, მომუშავე პერსონალზე, ჯანდაცვის მომსახურებასა და ადგილობრივ საზოგადოებაზე. როგორც ექთნებმა, მნიშვნელოვანია იცოდეთ ეს შედეგები, რადგან ეს შეიძლება იყოს შედეგი პირდაპირი ან არაპირდაპირი ქმედებების ან უმოქმედობის. იმისათვის, რომ უკეთ გაიაზროთ შესაძლო შედეგები, განვიხილოთ რამდენიმე ასპექტი: სმაი პაციენტთან, სამედიცინო პერსონალთან და სამედიცინო დაწესებულებასთან მიმართებით.