ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია (დოპინგის) შესახებ. დოპინგს სხვადასხვა წრეში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. (სპორტ ფარმა,ქიმია) დღეს ეს მრავალი დასახელების მქონე დოპინგი არის არალეგალური და ადვილი საშოვნელი.
ეს, რა თქმა უნდა, ქმნის საფრთხეს როგორც ზრდასრული მოვარჯიშე ადამიანებისათვის, ასევე არასრულწლოვან სპორტის მოყვარულებშიც.
სპორტული ფარმის გამოყენება დღეს ძალიან მაღალ ზღვარს მიაღწია ფიტნეს დარბაზების მომხმარებლებს შორის. თითქმის ყველა ფიტნეს დარბაზში არის ერთი ან ორი ადამიანი, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს ანაბოლური სტეროიდების ან ზრდის ჰორმონის შეძენას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პრეპარატების მოხმარება ხდება ექიმის რეკომენდაციის ან დაკვირვების გარეშე, რისკი ორგანიზმის მორფო-ფუნქციური დაზიანების უფრო იზრდება.
როგორც წესი, ანაბოლური სტეროიდების მოხმარება ხდება ან მწვრთნელის რეკომენდაციით, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, ან ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით.
ბევრ სტეროიდულ პრეპარატს აქვს ძალიან მძიმე უკუჩვენებები, დაწყებული ჰეპატო-ტოქსიურობიდან, დამთავრებული ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის დაქვეითებით.
მაგრამ ეს მაინც არ აჩერებს მომხმარებელს, რომელსაც ჰპირდებიან სწრაფ შედეგს!
დღეს ფიტნესის მწვრთნელის პროფესია არ არის ლიცენზირებული ისევე როგორც ფიტნეს კლუბები, რომლებშიც ხდება ანაბოლური სტეროიდების გასაღება მწვრთნელების ან ფიტნეს კლუბის მომხმარებლების მიერ. შესაბამისად, კანონის არ არსებობა, ხსნის სოციალურ პასუხისმგებლობას და ხდის ამ ბიზნესს უფრო მასშტაბურს.
მოდით გავერკვიოთ საიდან წამოვიდა დოპინგი, და რა ისტორია აქვს მას
ძველ ოლიმპიადებში არ იყო ნებადართული შედეგების შესახებ წინასწარ მოლაპარაკება და დათმობებზე წასვლა. ყველაფერი დანარჩენი ნებადართული იყო. ჩარლზ ეზალისი, აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც სწავლობს ფიზიკური ფორმის გამაუმჯობესებელი პრეპარატების ისტორიას, თვლის, რომ ძველი ოლიმპიელები სვამდნენ სპეციალურ მცენარეულ ნაყენებს ღვინოსთან ერთად, იღებდნენ ჰალუცინოგენებს და ასევე ჭარბად იღებდნენ ხორცს, რომელსაც ძველ საბერძნეთში ნამდვილად არ მიირთმევდნენ ყოველდღე, ისინი განსაკუთრებით ეტანებოდნენ ცხოველების გულსა და სათესლე ჯირკვლებს.
“კაცობრიობამ არასოდეს იცოდა რა არის წმინდა/სუფთა/ნამდვილი სპორტი”, – თვლის ის.
მას ეხმიანება სპორტის კიდევ ერთი ისტორიკოსი, უილიამ ბლეიკ ტირელი, ავტორი წიგნისა “ოფლის სუნი: ბერძენი ათლეტები, ოლიმპიური თამაშები და კულტურა”: “გამარჯვება ყველაფერი იყო! თუ ისინი თვლიდნენ, რომ მარტორქის რქა დაეხმარებოდათ, მაშინ მას ფქვავდნენ და ღვინოსთან ერთად იღებდნენ.”
არც რომაელი გლადიატორები ამბობდნენ უარს ჰალუცინოგენებზე და იღებდნენ სტრიქნინს, რომლის მცირე დოზას აქვს მასტიმულირებელი ეფექტი. დოპინგებს ვერ ასცდნენ ვერც ეტლების რბოლაში მონაწილე ცხენები: მათ დაბალი ალკოჰოლის შემცველ თაფლს აძლევდნენ, რათა კიდევ უფრო სწრაფად ერბინათ.

ოლიმპიური მოძრაობის აღორძინებამ გამოიწვია ფიზიკური ფორმის გამაუმჯობესებელი პრეპარატების, ანუ, დოპინგის დაბრუნება დიდ სპორტში.
1904 წლის სენტ-ლუისის თამაშებზე, ბრიტანეთში დაბადებულმა ამერიკელმა მარათონელმა ტომ ჰიკსმა მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, მისი მეტოქე დისკვალიფიცირებული იქნა, ვინაიდან მან გზის ნაწილი მანქანით გაიარა და ამიტომ ჰიკსმა ოქროს მედალი მიიღო.
ამავე დროს, როგორც ჰიკსის მწვრთნელმა ჩარლზ ლუკმა მოგვიანებით თქვა, მან დოპინგის დახმარებით მოიგო. ფინიშის ხაზამდე შვიდი მილით (დაახლოებით 11 კმ) ადრე ჰიკსმა გონება დაკარგა. მწვრთნელმა მას ერთი მილიგრამი სტრიქნინის სულფატის ინიექცია გაუკეთა და ერთი ყლუპი კონიაკიც დაალევინა. ჰიკსმა სირბილი გააგრძელა, მაგრამ სამი მილის შემდეგ ისევ გაჩერდა და მწვრთნელმა ინიექცია კვლავ გაუკეთა. ჰიკსმა როგორღაც დაასრულა დისტანცია, თუმცა დაუყოვნებლივ საავადმყოფოში აღმოჩნდა.
მარკ გოლდი, ავტორი წიგნისა – “გამოსვლის გამაუმჯობესებელი პრეპარატები და ნარკოტიკები“, წერდა, რომ სტრიქნინის, ჰეროინის, კოკაინისა და კოფეინის ნაზავს ფართოდ იყენებდნენ როგორც სპორტსმენები, ისე მათი მწვრთნელები, თანაც, თითოეულმა შეიმუშავა საკუთარი უნიკალური ფორმულა. ეს პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული 1920-იან წლებამდე, როდესაც ჰეროინისა და კოკაინის გაცემა დაიწყო მხოლოდ რეცეპტით.”
პირველი ეფექტური დოპინგი იყო ამფეტამინები, ნერვული სისტემის სტიმულატორები, რომლითაც შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, გერმანიისა და იაპონიის ჯარები ამარაგებდნენ თავიანთ ჯარისკაცებს მეორე მსოფლიო ომის დროს.
50-იან წლებში მათი გამოყენება სპორტშიც გავრცელდა. ამფეტამინები, რომელსაც იტალიელი ველოსიპედისტებში კოდური სახელი “la bomba” , ხოლო ჰოლანდიელებში “atoom” ერქვა, ხელს უწყობდა მძიმე ფიზიკური ვარჯიშით გამოწვეულ დაღლილობასთან გამკლავებას.
1958 წელს ამერიკელმა ექიმმა ჯონ ვოსლი ზიგლერმა შექმნა პირველი ანაბოლური სტეროიდი, რომელსაც “დიანაბოლი” ეწოდა.
ლეგენდის მიხედვით, 1954 წელს ზიგლერი ვენაში იყო, სადაც თან ახლდა ამერიკელი ძალოსნების გუნდს. იქვე შეხვდა ის თავის კოლეგას, საბჭოთა ნაკრების ექიმს. გაცნობის პროცესში, რასაც ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება ახლდა თან, საბჭოთა ექიმმა ზიგლერს რამდენჯერმე ჰკითხა: “რას აძლევ შენს ბიჭებს?” ზიგლერს არ ესმოდა, რა ეკითხებოდნენ და გადაწყვიტა კონტრ-შეკითხვით ეპასუხა. “შენ რას აძლევ შენს ბიჭებს?“. საბჭოთა ექიმმა უპასუხა, რომ მისი სპორტსმენები ტესტოსტერონს იღებდნენ.
1960 წლის 26 აგვისტოს დოპინგის პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა: დანიელი ველოსიპედისტი კნუტ იენსენი რომის ოლიმპიადაზე 100-კილომეტრიანი რბოლის დროს დაიმტვრა. ავტოფსიამ მის სისხლში ამფეტამინის კვალი გამოავლინა.
1967 წლის 13 ივლისს ბრიტანელი ველოსიპედისტი ტომი სიმპსონი გარდაიცვალა ცნობილი “ტურ დე ფრანსის“ ველორბოლის მე-13 ეტაპზე. სიმპსონის დევიზი იყო: “თუ ათი [აბი, კაფსული, შპრიცი, დოზა] მოგკლავს, ცხრა მიიღე და გაიმარჯვე!” ის თავს იმხნევებდა დიდი რაოდენობით ამფეტამინებით, და მათ კონიაკს აყოლებდა. საბოლოოდ, მისმა სხეულმა ვეღარ შეძლო ფუნქციონირება და სიმპსონი გარდაიცვალა.
1967 – 1976 წწ.
სიმპსონის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა სწრაფი ტემპით წარიმართა:
1980 – 1999 წწ.
1988 წლის 27 სექტემბერს კანადელ სპრინტერს ბენ ჯონსონს სეულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი ჩამოართვეს, მას შემდეგ, რაც ანაბოლური სტეროიდის – სტანოზოლოლის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ჯონსონი ამტკიცებდა, რომ ვიღაცამ აკრძალული პრეპარატი ჩაუყარა მცენარეულ ჩაიში, მაგრამ ოლიმპიურმა ხელისუფლებამ არ დაუჯერა მას და სპორტსმენს ორი წლით შეუჩერა შეჯიბრებებში მონაწილეობა.
2004 წელს დოპინგთან ბრძოლა უკვე იმდენად გავრცელებული და წარმატებული იყო, რომ WADA-მა გადაწყვიტა წესები ოდნავ შეერბილებინა და … კოფეინი ამოიღო აკრძალული პრეპარატების სიიდან. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი, გაირკვა, რომ სისხლში კოფეინის ძალიან დიდი რაოდენობა უარყოფითად მოქმედებს სპორტულ მიღწევებზე და მეორე, გადაწყდა არ დაესაჯათ ის სპორტსმენები, რომელთა მეტაბოლიზმი კოფეინს გარკვეულწილად არასტანდარტული ტემპით ამუშავებს.
ოთხი წლის განმავლობაში, 2009 წლიდან 2013 წლამდე, დასავლური პრესა ბევრს წერდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში “სახელმწიფო დონეზე” არსებული ფართომასშტაბიანი დოპინგის შესახებ.
გასულ წელს ამერიკულმა ჟურნალმა “Newsweek“ გამოაქვეყნა სტატია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენთა წვრთნის პროგრამის შესახებ, რომელშიც ნათქვამი იყო: “1964-1988 წლებში ამ ქვეყანამ [გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა], რომლის მოსახლეობა 17 მილიონზე ნაკლებია, მხოლოდ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიგო 454 მედალი. “შტაზის“ მასალების მიხედვით, დოპინგი იყო ქვეყანაში შესანიშნავად ორგანიზებული სპორტსმენთა მომზადების პროგრამის განუყოფელი ნაწილი“.
მასალის გამოყენების პირობები