სოფელში დასვენების დადებითი მხარეები, საკვები, სუფთა ჰაერი და სოციალური ურთიერთობები – გიორგი ღოღობერიძის რჩევები
საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“:
„ბავშვმა რომ კარგად გაატაროს დრო და კარგად დაისვენოს – სოფელი ყველაზე კარგი ვარიანტია.
პირველ რიგში, აღსანშნავია საკვები – სოფლისა და ქალაქის საკვები ერთმანეთს ვერ შეედრება. დღევანდელ საკვებ პროდუქტებში ძალიან ბევრი ისეთი მავნე ნაერთია, როგორებიცაა ნიტრიტები და ნიტრატები. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში სიმსივნეებს, – ქალებში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს, სარძევე ჯირკვლის კიბოს, კაცებში – წინამდებარე ჯირკვლის კიბოსა და მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის სიმსივნეებს იწვევს. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ამიტომ, დაიმახსოვრეთ, თუ გინდათ ბავშვს სარგებელი მოუტანოთ, სოფლის საკვები, რომლებიც ნაკლებად შეიცავს იმ დანამატებს, რომლებიც ინდუსტრიაში გამოიყენება, უფრო ჯანსაღია მისი სხეულისთვის და უფრო მეტადაც წაადგება.
სოფლის უზარმაზარი სივრცე ბავშვებს ფიზიკურ აქტივობაში ეხმარება. ბავშვს სოფელში უზარმაზარი სივრცე ექნება, ბოსტანში, ყანაში, მოედანზე გაირბენს. ასეთ შემთხვევაში მისი ფიზიკური აქტივობა მის სხეულში ყველაფერს წაადგება – მათ შორის, გულს-სისხლძარღვთა სისტემას, ნერვულ სისტემას, იმუნურ სისტემას. ამიტომაცაა ხოლმე, რომ სოფლიდან ჩამოსული ბავშვი კაჟივითაა. ქალაქში ბავშვები ნაკლებად მოძრაობენ, წონაში იმატებენ. გოგონებში ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დაავადება საკვერცხეების პოლიკისტოზია, რომელიც ჭარბ წონას უკავშირდება.
დღეს ქალაქში მეტ-ნაკლებად ყველანი სახლში ვართ, მაგრამ ან ტელეფონთან, ან ტელევიზორთან ვართ. სოფელში კი ერთმანეთისთვის მეტი დროა. ეს ენდორფინების უზარმაზარი წყაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები სოციალურად ვითარდებიან. სოციალური განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური და გონებრივი. სოციალური განვითარება ადამიანს დეპრესიის, შფოთვის, სტრესისკენ ნაკლებად მიდრეკილს ხდის. სტრესს ძალიან ბევრი დაავადება უკავშირდება. მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა.
სოფელში წყალი გაცილებით სუფთაა – ყველა იმ ელექტროლიტითაა მდიდარი, რომელიც ჩვენს სხეულს სჭირდება. სოფელში ინდუსტრიალიზაციის ხარისხი ძალიან ნაკლებია. ჩვენ დღეს ინდუსტრიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყვიის შემცველობა ძალიან დიდია. გონებრივი უნარ-ჩვევების შემცირება, მეხსიერების გაუარესება, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, გაღიზიანებადობა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი – ეს ჩივილები ხშირად ტყვიას უკავშირდება. ტყვია ბავშვის როგორც ნერვული სისტემის, ასევე მთლიანად სხეულის ჩუმი მტერია. სოფელში ტყვიის შემცველობა ბევრად უფრო დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ გონებრივი განვითარების ხარისხი უფრო მაღალი იქნება.
ასეთ ბავშვებს არა მარტო კარგად უვითარდებათ გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული, კუნთოვანი, ძვლოვანი სისტემა, არამედ ისინი სამყაროს სრულიად ახალი თვალითა და კუთხით ხედავენ.
გარემოს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დეპრესიიდან, შფოთვიდან, სტრესიდან გამოსვლა შეეძლება“